Facebook Twitter

№ას-1660-1557-2012 27 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ამხანაგობა „ბ-ი 2007“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამხანაგობა „ბ-ი 2007“-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ.ხ-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „ბ-ი 2007“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებული აქნა ამხანაგობა „ბ-ი 2007“-ის საკუთრების უფლება ლ.ხ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ბ-ი/ხ-ას ქუჩა №47/17, საკადასტრო კოდი №....

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ლ.ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ლ.ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (იხ. ხელწერილი ტ.II, ს.ფ.42). ასევე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორ ლ. ხ-ის წარმომადგენელი ლ. ლ-ა ესწრებოდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, ლ.ხ-ი არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა 2012 წლის 23 ოქტომბერს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 12 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 22 ნოემბერი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.

რაც შეეხება საქმეში არსებულ განცხადებას, განჩინების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (იხ.ტ.II, ს.ფ. 59), ვერ ჩაითვლება მხარის მიერ საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სასამართლოსათვის მიმართვის ვადას - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. აღნიშნული განცხადებით კი კასატორის წარმომადგენელმა ლ. ლ-ამ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 26 ნოემბერს.

შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 22 ნოემბერს და ამოიწურა 2012 წლის 12 დეკემბერს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 17 დეკემბერს, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 17 დეკემბერი (იხ.ტ.II, ს.ფ.68), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან ლ.ხ-ის საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ.ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი