№ ას-661-622-2012 27 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ს. ჰ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.-ი“ (წარმომადგენელი ა. ნ.-ი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „დ.-ის“ დირექტორმა ა. ნ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ჰ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისაგან შპს „დ.-ის“ კუთვნილი ტრაქტორის დაბრუნება იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ჰქონდა გადაცემული დროებით სამართავად.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო ნივთი მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,დ.-ის“ დირექტორის ა. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ.-ის“ დირექტორმა ა. ნ.-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,დ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ს. ჰ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ტრაქტორი, რომლის მონაცემებია: მარკა კ-701, შასის ნომერი 8618594, ძრავის ნომერი 256734, გამოშვების წელი 1986 და გადაეცა მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტორბივი გარემოებები:
სსიპ შინაგან საქმთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების (03.11.2011წ. აქტი N1) შესაბამისად, მოპასუხის მფლობელობაში არებული ტრაქტორის მონაცემებია: მარკა კ-701, შასის ნომერი 8618594, ძრავის ნომერი 256734, გამოშვების წელი 1986.
შპს „დ.-ის“ წესდებითადა მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურდა, რომ შპს „დ.-ი“ შეიქმნა 2000 წლის 27 აპრილს და დარეგისტრირდა ნონოწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2000 წლის 10 მაისს;
საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის 17 ოქტომბრის N8 აუქციონის ოქმის თანახმად, საგზაო სამმართველოს შენობა მიწის ნაკვეთით 1575მ2 აუქციონზე შეიძინა შპს ,,დ.-იმ“ (ტ.1. ს.ფ. 12).
2000 წლის 3 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო ერთის მხრივ, ქ. ნინოწმინდის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების უფროს ერანოსიანს და მეორეს მხრივ, შპს ,,დ.-ის“ წარმომადგენელს ა. ნ.-ს შორის დადგინდა, რომ 2000 წლის 17 ოქტომბრის N8 აუქციონზე შეძენილი შენობა, მოწყობილობები, ქონება და საბრუნავი სახსრები, მდებარე საგზაო სამმართველოში, აგრეთვე, მიწის ნაკვეთი, ფართობით 1575მ2 იყიდა შპს ,,დ.-ის“ დირექტორმა ა. ნ.-მა (ტ.1. ს.ფ. 13, 14).
2000 წლის 3 ნოემბერს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით სასამართლომ გამოარკვია, რომ მყიდველმა შპს ,,დ.-მა“ 2000 წლის 3 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში შეიძინა N2 თანდართულ ჩამონათვალში მითითებული ქონება და დანადგარი. თავის მხრივ, პრივატიზაციის ხელშეკრულების დანართი N2-ით გაირკვა, რომ შპს ,,დ.-ის“ მიერ შეძენილ ქონებაში ასევე შედიოდა ტრაქტორი კ-701, რომლის გამოშვების წელი იყო 1986 (ტ.1. ს.ფ. 17).
პალატის განმარტებით, ს. ჰ.-მა დაადასტურა მის მფლობელობაში არსებული ტრაქტორის კ-701-ის ნონოწმინდის საგზაო სამმართველოსადმი კუთვნილების ფაქტი, კერძოდ, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს განუმარტა, რომ ,,რევიზორის აქტის საფუძველზე ნინოწმინდის საგზაო სამმართველოს ორი ტრაქტორი - K - 701 და K – 700, რომლებიც შეფასებული იყო 14600 ლარად გადაეცა მას და აღნიშნულ ტრაქტორებზე პასუხისმგებელი იყო თვითონ“ (ტ.1. ს.ფ. 65). გარდა ამისა, პალატამ დამატებით მიუთითა მოწმე მკრტიჩ ხარატიანის ჩვენებაზე, რომლის შესაბამისად, ,,ნინოწმინდის საგზაო სამმართველოში მუშაობის დროს დაახლოებით 2004-2005 წლებში, მისთვის ცნობილი იყო, რომ ს. ჰ.-ის ეზოში გაჩერებული კ-701 მარკის ტრაქტორი საგზაო სამმართველოს საკუთრება იყო“ (ტ.1. ს.ფ. 129-131).რაც შეეხება აუქციონის ოქმს, პრივატიზაციის ხელშეკრულებას და ამ ხელშკრულების დანართი N2-ს, პალატამ მიიჩნია, რომ ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტები ადასტურებდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ საგზაო სამმართველოს კუთვნილი ქონება, მათ შორის, სადავო ტრაქტორი კ-701 (გამოშვების წელი 1986) შეიძინა შპს ,,დ.-მა“.
პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ს. ჰ.-ს სადავო ტრაქტორი კ-701 სამართავად გადაეცა ნინოწმინდის საგზაო სამმართველოდან (ტ.1. ს.ფ. 65); ხოლო ნინოწმინდის საგზაო სამმართველოს ქონების (უძრავი ქონება, მოწყობილობები, საბრუნავი საშუალებები) მესაკუთრე აუქციონის წესით გახდა შპს ,,დ.-ი“ საკმარისია მოპასუხის მფლობელობაში არსებული ტრაქტორი კ-701-ის მოსარჩელე შპს ,,დ.-ი“-სადმი კუთვნილების ფაქტის დასადგენად. პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელსა და სსიპ შინაგან საქმთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ჩატარებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტში მითითებული ძრავის ნომრების სხვადასხვაობა მოსარჩელისადმი სადავო ტრაქტორის კუთვნილების ფაქტის გასაქარწყლებლად ვერ გამოდგებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სარწმუნოდ დაადასტურა სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები, რითაც მან უზრუნველყო ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება; ხოლო რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ იგი 1990 წლიდან ფლობდა სადავო ტრაქტორს და ამ დროიდან სადავო ტრაქტორი იდგა მის ეზოში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ განმარტება ვერ გამოდგებოდა საკმარის საფუძვლად დადასტურებულიყო მოძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელობა, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ მართლზომიერ მფლობელობაზე მიმთითებელ მხარეს.
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 172-ე და 162-ე მუხლზებზე მითითებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ს. ჰ.-ის მართლოზომიერი მფლობელობა ვერ იქნა სარწმუნოდ დადასტურებული, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ სადავო ნივთის კანონიერ მესაკუთრეს - ა. ნ.-ს სრული უფლება ჰქონდა მოეთხოვა მისი საკუთრების უკან დაბრუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და არსებობდა მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჰ.-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმის გაქრემოებები, კერძოდ, არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სადავო ტრტაქტორის ნინოწმინდის საგხაო სამმართველოსადმი კუთვნილების ფაქტი, თიტქოსდა თავად ს. ჰ.-მა დაადასტურა, ამასთან არასწორად დაადგინა, რომ ს. ჰ.-ს სადავო ტრაქტორი სამართავად გადაეცა ნინოწმინდის საგზაო სამმართველოდან. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსამართლოდ გაიზიარა მოწმის ჩვენება, თითქოსდა „ნინოწმინდის საგზაო სამმართველოში მუშაობის დროს, მისთვის ცნობილი იყო, რომ ს. ჰ.-ის ეზოში გაჩერებული ტრაქტორი საგზაო სამმართველოსი იყო.“
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით ს. ჰ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჰ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ჰ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (800ლარი) 70% – 560 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჰ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ს. ჰ.-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 18 მაისს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (800 ლარი) 70% – 560 ლარი
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე