Facebook Twitter

№ას-929-872-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ღ.-ი, ა. შ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ღ.-მა და ა. შ.-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოსი ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ 6060 ლარისა და 500 აშშ დოლარის დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, ა. შ.-ის და ე. ღ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ააიპ ”მ. ს. დ. ღ. გ.-ის” მოსარჩელე ე. ღ.-ისა და ა. შ.-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6060 ლარი; მოპასუხე ააიპ მ. ს. დ. ღ. გ.-ის” მოსარჩელე ე. ღ.-ისა და ა. შ.-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 500 აშშ დოლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ წარმომადგენელმა რ. პ.-ომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 15 ივნისს ე. ღ.-სა და ააიპ ,,მ. ს. დ. ღ. გ.-ის” შორის დაიდო ხელშეკრულება ,,კულტურულ საგანმანათლებო გაცვლით პროგრამაში (მ. ს. დ. ღ. გ.-ის) ზაფხული 2011 მონაწილეობის მიღების შესახებ”. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ე. ღ.-ის და ა. შ.-ის შვილის გ. შ.-ის ამერიკაში გამგზავრება და მისი პროგრამაში მონაწილეობა;

ა. შ.-ის მიერ 2011 წლის 06 ივლისიდან 28 ივლისამდე მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხული იქნა 6060 ლარი და 1000 აშშ დოლარი.

ააიპ ,,მ. ს. დ. ღ. გ.-ის” მოსარჩელეებს დაუბრუნა 500 აშშ დოლარი (მხარეთა განმარტება).

გ. შ.-ე ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ვერ წავიდა შესაბამისი ვიზის არ არსებობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამ პროგრამაში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გ. შ.-ის გამგზავრება აშშ-სი და შესაბამის პროგრამაში მისი მონაწილოების მიღება, რითაც დაარღვია 2011 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, როგორც გ. შ.-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მომსახურებისათვბის წინასწარ გადახდილი თანხის 3060 ლარის, ასევე, მგზავრობისათვის გათვალისწინებული და მოპასუხისათვის წინასწარ გადახდილი თანხის 3000 ლარისა და 500 აშშ დოალრის გადახდა;

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 397–ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე აღნიშნა, რომ გ. შ.-ის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მოწყობაზე პასუხისმგებელი პირი იყო სწორედ მოპასუხე მხარე, რომელმაც გ. შ.-ის გამგზავრების უზრუნველყოფისათვის და შესაბამისი დოკუმენტების (შესაბამისი ვიზა, ბილეთი) მოსამზადებლად, არასრულწლოვანი გ. შ.-ის მშობლებისაგან მიიღო შეთანხმებული თანხა 3000 ლარი და 1000 აშშ დოლარი. ის გარემოება, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო დეპარტამენტში ვიზა გახსნილი იყო, და რომ მისი ამობეჭდვა ვერ მოხერხდა მხოლოდ ტექნიკური მიზეზის გამო, პალატის მოსაზრებით მოპასუხეს (ააიპ ,,მ. ს. დ. ღ. გ.-ის”) არ ათავისუფლებდა მოსარჩელე მხარის წინაშე 2011 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მოწყობაზე ნაკისრი ვალდებულებისა და მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან. შესაბამისად ის გარემოება, რომ თურმე ვერ მოხერხდა ტექნიკური მიზეზის გამო საკონსულოში ვიზის ამობეჭდვა სწორედ იმ ფაქტს ადასტურებდა, რომ გ. შ.-ეზე ვიზის გაცემა დროულად არ მოხდა. რის გამოც გ. შ.-ე ვერ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგრამაში მონაწილების მისაღებად.

ამდენად პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გ. შ.-ის გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში და შესაბამის პროგრამაში მისი მონაწილეობის მიღება, რითიც მან დაარღვია 2011 წლის 15 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს სწორად დააკისრა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ როგორც გ. შ.-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღების მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი თანხის 3060 ლარის, ასევე მგზავრობისათვის გათვალისწინებული და მოპასუხისათვის წინასწარ გადახდილი თანხის – 3000 ლარის და 500 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ წარმომადგენელმა რ. პ.-ომ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, მხარეებმა: ერთი მხრივ ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ და მეორე მხრივ ა. შ.-ემ და ე. ღ.-მა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. კასატორი ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ წარმომადგენელი რ. პ.-ო კისრულობს ვალდებულებას 2013 წლის 31 იანვრამდე გადაუხადოს 4060 (ოთხიათას სამოცი) ლარი და 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში მოსარჩელეებს: ე. ღ.-სა და ა. შ.-ეს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;

2. კასატორი კისრულობს ვალდებულებას პირველ პუნქტში მითითებული თანხიდან – 3060 ლარი ჩარიცხოს მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ანგარიშზე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილ თანხას კი, გადაიხდის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში და ჩარიცხავს იმავე ანგარიშზე;

3. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კასატორი კისრულობს ვალდებულებას მოსარჩელეებს გადაუხადოს გადაწყვეტილებით დაკისრებული – 6060 ლარი და 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;

4. მხარეებს ერთმანეთის მიმართ სასამართლო ხარჯების პრეტენზია არ გააჩნიათ.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორ ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი –300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. კასატორი ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ წარმომადგენელი რ. პ.-ო კისრულობს ვალდებულებას 2013 წლის 31 იანვრამდე გადაუხადოს 4060 (ოთხიათას სამოცი) ლარი და 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში მოსარჩელეებს: ე. ღ.-სა და ა. შ.-ეს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე;

2. კასატორი კისრულობს ვალდებულებას პირველ პუნქტში დასახელებული თანხიდან – 3060 ლარი ჩარიცხოს მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ანგარიშზე მორიგების აქტის დამტკიცებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილ თანხას კი, გადაიხდის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში და ჩარიცხავს იმავე ანგარიშზე;

3. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კასატორი კისრულობს ვალდებულებას მოსარჩელეებს გადაუხადოს გადაწყვეტილებით დაკისრებული – 6060 ლარი და 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;

4. მხარეებს ერთმანეთის მიმართ სასამართლო ხარჯების პრეტენზია არ გააჩნიათ.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

4. კასატორ ააიპ „მ. ს. დ. ღ. გ.-ის“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 18 ივნისს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე