Facebook Twitter

№ას-1171-1100-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ყ.-ი, უ. ჩ.-ე, ბ. ჩ.-ე, უ. ჩ.-ე, ჟ. ჩ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. მ.-ის სარჩელი მოპასუხეების: ი. ყ.-ის, უ. ჩ.-ის, ბ. ჩ.-ის, უ. ჩ.-ისა და ჟ. ჩ.-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 2000 აშშ დოლარის დაკისრება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ივლისის განჩინებით ს. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს. მ.-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ უნდა განესაზღვრა ამ მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად ხსენებული მუხლი პირველი ინსტანციის სასამართლოების მიმართ ამოქმედდა 2012 წლის 1 აპრილს, ხოლო სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა 2011 წლის 25 ნოემბერს.

კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 დღის ვადაში. მიუხედავად ამისა, ასეც რომ არ იყოს და ზემომითითებულ ცვლილებას ჰქონდეს უკუქცევითი ძალა, მაშინ გამოდის, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოსათვის უნდა მიემართა მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა. ს. მ.-მა წარმომადგენლის მეშვეობით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით მიმართა არათუ ამ ვადაში, არამედ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-14 დღეს – 2011 წლის 8 დეკემბერს, თუმცა წარმომადგენელს გადაწყვეტილება ჩაბარდა მხოლოდ 2012 წლის 18 ივნისს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ს. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საჩივარი არ იყო შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლზე და მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტის წარმომადგენელი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ხოლო, ზემოხსენებული ნორმა პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების მიმართ ამოქმედდა 2012 წლის 1 აპრილიდან, ამიტომ აპელანტი (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის მიემართა 2012 წლის 21 აპრილიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში. პალატამ დაადგინა, რომ მითითებულ ვადაში აპელანტს სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამიტომ გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 1 მაისიდან (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და დასრულდა 15 მაისს, აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2012 წლის 2 ივლისს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტებზე: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 150-154). მოსარჩელის წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად 2011 წლის 25 ნოემბერს განცხადებით მიმართა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს (ს.ფ. 159). დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს სასამართლომ გაუგზავნა 2012 წლის 08 ივნისს (ს.ფ. 157-158). აღნიშნულ პირებს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლები ჩაბარდათ 2012 წლის 18 ივნისს (ს.ფ. 157-158). მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2012 წლის 2 ივლისს (ს.ფ. 160-169).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად. ამავე კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს, თავიანთი განცხადების საფუძველზე, გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვტილების ასლები არა უგვიანეს 3 დღისა განცხადების შემოტანიდან.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ვალდებული იყო ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში მოემზადებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში გადაეცა იგი მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში და, შესაბამისად, მხარეს, მისი მოთხოვნის მიუხედავად, ამ გადაწყვეტილების ასლი ვერ გადასცა. უფრო მეტიც, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელეს გაუგზავნა 2012 წლის 8 ივნისს, რომელიც ამ უკანასკნელს ჩაბარდა ამავე წლის 18 ივნისს. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ხსენებული ნორმა ადგენს მხარის ვალდებულებას, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად გამოცხადდეს სასამართლოში, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს მითითებული ნორმა არ მოქმედებდა, პირიქით, სასამართლოს ჰქონდა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში მოემზადებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი და გადაეცა იგი მხარისათვის მისი მოთხოვნის შესაბამისად. დადგენილია, რომ მოსარჩელე წერილობითი განცხადებით მოითხოვდა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემას ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში და სასამართლოსაც ჰქონდა ვალდებულება 3 დღის ვადაში გადაეცა იგი მხარისათვის, თუმცა სასამართლომ ეს ვალდებულება შესარულა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად დამატებით მიემართა სასამართლოსათვის 2012 წლის 21 აპრილიდან 1-ელ მაისამდე პერიოდში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლისას.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2012 წლის 18 ივნისს, ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 19 ივნისიდან და ამოიწურა 2012 წლის 2 ივლისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2012 წლის 2 ივლისს, ამდენად, მას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით ს. მ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ივლისის განჩინება და საქმე ს. მ.-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე