Facebook Twitter

№ას-1341-1266-2012 5 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ს-ე, ც.ო-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.ს-სა და ც.ო-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის დაკავებული საცხოვრებელი სადგომის 75%-ის გადახდის შემთხვევაში, მათთვის საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა და მისი მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხვეს მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემა, მოსარცელისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით გ.ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.ს-ემ და ც.ო-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და მათ შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით:

ა) გ.ქ-ი ი.ს-სა და ც. ო-ს ქ. თბილისში, გ-ის ქუცის მე-3 ჩიხის №5-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სადგომში, მათ სარგებლობაში არსებული ფართების გამონთავისუფლების სანაცვლოდ, გადაუხდის 12000 აშშ დოლარს – 2012 წლის პირველ იანვრამდე. მითითებული თანხის გადახდიდან ერთი თვის განმავლობაში ი.ს-ე და ც.ო-ი ვალდებულები არიან გ.ქ-ს მათ მიერ დაკავებული ფართები სრულად გადასცენ გამოთავისუფლებულ მდგმარეობაში;

ბ) ც.ო-სა და ი. ს-ის მიერ გამონტავისუფლებული სადგომები გ.ქ-ს უნდა ჩაჰბარდეს 2010 წლის 23 ივნისის მდგომარეობით, განადგურება-დაზიანების გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობით;

გ) იმ შემთხვევაში, თუ გ.ქ-ი დათქმულ ვადაში არ გადაუხდის 12000 აშშ დოლარს ც.ო-სა და ი.ს-ეს, იგივე თანხის გ.ქ-ის გადახდის სანაცვლოდ, ც.ო-ი და ი.ს-ე გახდებიან მათ მიერ დაკავებული ფართების მესაკუთრეები.

მოცემულ საქმეზე მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება, გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

იმის გამო, რომ გ.ქ-მა არ შეასრულა განჩინებით დაკისრებული ვალდებულება, კრედიტორებზე: ი.ს-სა და ც.ო-ზე 2012 წლის 19 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2012 წლის 3 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ც.ო-მა და ი.ს-ემ და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინების განმარტება იმ მოტივით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მითითებული განჩინების საფუძველზე, დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, ვინაიდან განჩინებიდან არ დგინდებოდა, თუ რა ფართებზე ცნო სასამართლომ კრედიტორები მესაკუთრეებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ი.ს-სა და ც. ო-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა და იგი განიმარტა იმგვარად, რომ ი.ს-სა და ც.ო-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში მოხდეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტის 2009 წლის 18 მაისის №1149/19 ცნობაში მითითებული ფართების მიხედვით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა გ.ქ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზლუციო ნაწილის მეორე პუნქტის ამგვარად ჩამოყალიბება არასწორია და ეწინააღმდეგება კანონს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მისი სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად განმარტავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ორაზროვან, ბუნდოვან დებულებებს ემყარება იმგვარად, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილებით აღიარებული უფლების სწორად განმარტება და ილახება მოდავე მხარეთა ინტერესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თავისი არსით, წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსკ-ის 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.

ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში აისახება სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი შედეგის სიცხადე. გადაწყვეტილების აღმასრულებელი პირი, იქნება ის მოვალე თუ შესაბამისი ორგანო, ვალდებულია, გადაწყვეტილების აღსრულებისას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის მიმართ გონივრულად იხელმძღვანელოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილითაც. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მართლმსაჯულების აქტის სწორად და გონივრულად აღსრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ ყოფილა, იგი ზუსტად ასახავდა მორიგების პირობებს და შეესატყვისებოდა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ სასამართლო მსჯელობას. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული გარემობა, რომ მხარეთა მორიგება მოხდა ი.ს-სა და ც.ო-ის სარგებლობაში არსებულ იმ ფართებზე, რომლებიც მითითებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტის 2009 წლის 18 მაისის №1149/19 ცნობაში, არც სარჩელში, არც გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებში მოთხოვნილი და დადგენილი არ ყოფილა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ განჩინებით სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად განმარტებისა, დაადგინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები, მის მიერ განმარტებული საკითხები სცდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გადასაწყვეტ საკითხთა წრეს და განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ცალსახად და გარკვევით იყო ასახული საქმის სასამართლო განხილვის შედეგი და მთლიანად შეესატყვისებოდა მის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის დებულებებსა და დასკვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ქ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმებით, ი.ს-სა და ც.ო-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ.ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის განჩინება;

ი.ს-სა და ც.ო-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2010 წლის 23 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე