№ას-1377-1299-2012 13 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.დ.კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდევინება და გირავნობის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს.ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.დ.კ-ის წინააღმდეგ საკრედიტო დავალიანების გადახდევინებისა და გირაოს საგნის რეალიზაციის თაობაზე.
მოპასუხე ტ. დ. კ-იმ სარჩელი წერილობითი შესაგებლით ცნო და განმარტა, რომ 2010 წლის 30 აგვისტოს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება, რის გამოც ფიზიკურად არ ჰქონდა საშუალება შეესრულებინა მოსარჩელის წინაშე აღებული ვალდებულება. მოპასუხის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, თ.დ.კ-ის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26 550.26 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ა) 22944,59 აშშ დოლარი წარმოადგენდა მხარეთა შორის 2008 წლის 2 ივნისის №555293 საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებას, ხოლო 1227,07 აშშ დოლარი სარგებელს, 644,14 აშშ დოლარი კი, პირგასამტეხლოს; თ.დ.კ-ის სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ა) 1560,48 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 1488,43 აშშ დოლარი წარმოადგენდა მხარეთა შორის 2008 წლის 2 ივნისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით დამატებით წარმოშობილ დავალიანებას, ხოლო 80,5 აშშ დოლარი - სარგებელს; დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, იზულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა თ.დ.კ-ის ავტომანქანა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.დ.კ-იმ, მოითხოვა მისი გაუქმება და და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით თ.დ.კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ.დ.კ-იმ და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმის გამო, რომ არ იცოდა თავის ადვოკატ თ. მ-ეს ჰქონდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მონაწილოების მიღების უფლებამოსილება, 2012 წლის 7 სექტემბრის შუამდგომლობით მოითხოვა ადვოკატის დანიშვნა სახელმწიფო ხარჯზე. ამას გარდა, 2012 წლის 12 სექტემბერს 11 საათზე თ. მ-ე მის ინტერესებს იცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ადილა ჰამიდოვას სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც ცხადყოფდა, რომ იგი სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის იმ გარემოებასაც, რომ საოქმო განჩინება არ არსახავს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოცხადებისა თუ არ გამოცხადების ფაქტს და არ მსჯელობს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებზე – დავის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.დ.კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი სხდომა თ.დ.კ-ის სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის მიზნით დანიშნული იყო 2012 წლის 11 ივლისს. მითითებულ სხდომაზე წარმოდგენილ იქნა საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ - აპელანტ თ.დ.კ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ სხდომა განხილულიყო მისი მონაწილეობის გარეშე და მასში მონაწილეობას მიიღებდა მისი დამცველი თ. მ-ე, რომელიც ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი იმყოფებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, სასამართლომ გადადო საქმის განხილვა 2012 წლის 12 სექტემბრისათვის. 2012 წლის 12 ივლისის წერილით აპელანტ თ.დ.კ-ის სასამართლოს მიერ სრულყოფილად განემარტა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა თ. მ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამასთან ერთად განემარტა თუ როგორ უნდა გაეფორმებინა მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ჩაიბარა 2012 წლის 19 ივლისს და თითქმის ორი თვე ჰქონდა მას იმისათვის, რომ კანონით გათვალიწინებული წესით გაეფორმებინა იმავე პიროვნებისათვის - თ. მ-ის ან მისთვის სასურველი სხვა ადვოკატისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე, 440-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მან არ შეასრულა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზე, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, სს „ს.ბ-ის“ შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანი იყო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტება მასზე, რომ არ იცოდა თავის ადვოკატ თ. მ-ეს ჰქონდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მონაწილოების მიღების უფლებამოსილება, რის გამოც 2012 წლის 7 სექტემბრის შუამდგომლობით მოითხოვა ადვოკატის დანიშვნა სახელმწიფო ხარჯზე, საკასაციო სასამართლოს აზრით ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებასაც, რომ 2012 წლის 12 სექტემბერს 11 საათზე თ. მ-ე მის ინტერესებს იცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა. ჰ-ას სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც ცხადყოფდა, რომ იგი ფიზიკურად ვერ შეძლებდა სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე დასწრებას, რის გამოც მოითხოვა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა და საქმის წარმოების განახლება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული გარემოება ვერ მიიჩნევა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად და, შესაბამისად, იგი ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე მას სხდომამდე არ უცნობებია სასამართლოსათვის, რისი ვალდებულებაც ჰქონდა სსსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის იმ გარემოებასაც, რომ საოქმო განჩინება არ ასახავს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოცხადებისა თუ არ გამოცხადების ფაქტს და არ მსჯელობს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებზე – დავის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან 2012 წლის სხდომის ოქმში პირდაპირაა ასახული გამოცხადებულ პირთა ვინაობა და ამასთან, სს „ს.ბ-ის“ წარმომადგენელ ს. ფ-ის განმარტება მასზე, რომ იგი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილევალდ დატოვებას ( იხ. ტ 2, ს.ფ 84-85).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ.დ.კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე