Facebook Twitter

№ას-1387-1308-2012 20 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.ჟ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.ჟ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა ვ.ჟ-ას აღიარება 2007 წლის 13 დეკემბერს დაბადებული მ. ქ-ის მამად, მ. ქ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და მ.ქ-ის ქ-ი- ჟ-ას გვარის მინიჭება. ვ.ჟ-ის 2007 წლის 13 დეკემბერს დაბადებული მ.ქ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის - 200 ლარის დაკისრება 2012 წლის 29 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე. ასევე, ვ.ჟ-ის არასრულწლოვანი შვილის - 2007 წლის 13 დეკემბერს დაბადებული მ.ქ-ის სასარგებლოდ, წარსული დროის სამი წლის განმავლობაში მიუღებელი ალიმენტის ანაზღაურება 3600 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქ. ჟ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ.ჟ-ა აღიარებულ იქნა 2007 წლის 13 დეკემბერს დაბადებული მ.ქ-ის მამად და მ.ქ-ს მიენიჭა მშობლების შეერთებული გვარი - ქ-ი-ჟ-ა; შეტანილ იქნა ცვლილება მ.ქ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში: გვარის გრაფაში მიეთითა ქ-ი-ჟ-ა, მამის გრაფაში - ვ.ჟ-ა; ვ.ჟ-ას არასრულწლოვანი შვილის 2007 წლის 13 დეკემბერს დაბადებული მ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტი 100 ლარის ოდენობით 2012 წლის 29 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე; ვ.ჟ-ას არასრულწლოვანი შვილის - 2007 წლის 13 დეკემბერს დაბადებული მ.ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარსული დროის ალიმენტი 3600 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ჟ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბიილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ვ.ჟ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2012 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა აპელანტი ვ.ჟ-ა, რაც ცხადყოფდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 18 სექტემბერს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2012 წლის 2 ოქტომბერს, შესაბამისად, აპელანტს გასაჩივრების უფლება ჰქონდათ 2012 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.

იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 3 ოქტომბერს, ანუ გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ.ჟ-ას წარმომადგენელმა ქ. ა-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ვადის გამოთვლის ტექნიკური ხარვეზის გამო სააპელაციო საჩივარი ერთი დღის დაგვიანებით იქნა წარდგენილი სასამართლოში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით კი, ვ.ჟ-ას ერთმევა უფლება საკუთარი ინტერესების დაცვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ვ.ჟ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2012 წლის 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა აპელანტი ვ.ჟ-ა, რაც ცხადყოფდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 18 სექტემბერს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2012 წლის 2 ოქტომბერს, შესაბამისად, აპელანტს გასაჩივრების უფლება ჰქონდათ 2012 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ აპელანტმა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, კერძოდ, მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 3 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება მასზე, რომ გასაჩივრების ვადის ერთდღიანი დარღვევის გამო, ვ.ჟ-ას არ უნდა წაერთმეოდა თავისი კანონიერი იტერესების დაცვის უფლება, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან სამოქალქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, სააპელაციო სასამართლომ ვ.ჟ-ას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჟ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე