Facebook Twitter

№ას-1393-1314-2012 25 დეკემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 64 974.43 ლარის გადახდის დაკისრება.

შპს „ბ-მა“ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ 2012 წლის 25 აპრილის წერილით მხარეებს შორის ფაქტობრივად მიღწეულ იქნა შეთანხმება ყოველთვიური გრაფიკით თანხის ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისად, იგი ეტაპობრივად, დროულად იხდიდა თანხას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „თ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ბ-ს“, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 64 9974.43 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით აპელანტს, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 2198.97 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, შპს „ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელ დ. ხ-ას გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაჰბარდა 2012 წლის 14 სექტემბერს.

იმის გამო, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, პალატამ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ბ-მა“ და მოითხოვა მისი ფგაუქმება იმ საფუძვლით, რომ კომპანიას გააჩნდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და მოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც უსამართლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 2198.97 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინების ასლი აპელანტის წარმომადგენელს დ. ხ-ას გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაჰბარდა 2012 წლის 14 სექტემბერს. (იხ. ს.ფ.174).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 15 სექტემბერს და ამოიწურა 2012 წლის 24 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შპს „ბ-ს“ ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ კომპანიას გააჩნდა ფინანსური პრობლემები, რის გამოც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და მოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც უსამართლოა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც მისი სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი გახდებოდა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია. გარდა ამისა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე შუამდგომლობა, რომლითაც აპლეანტი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადავადებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შპს „ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ბ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე