№ას-1403-1324-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.ბ-ი, ქ.თ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. კ-ის, ი.კ-სა და ნ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების – ქ.თ-სა და ქ.ბ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელეებმა მოითხოვეს ხელშეკრულების ბათილად ცნობა სესხისა და იპოთეკის ნაწილში, აგრეთვე, მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-მა, ნ. მ-მა და ი.კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ის, ნ. მ-სა და ი.კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მათ მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამავე განჩინებით გაუქმდა საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო სოფელ დ-ში, ქ.ბ-ის საკუთრებაში არსებულ ბინებს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი.კ-ემ. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო, მას შესასრულებელი დარჩა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება, რომლის გადახდაც ვერ შეძლო. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი მის ოჯახსაც შეეხო. მას ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და პენსიონერი დედა. ერთ-ერთი შვილი დაოჯახებულია და 3 წლის ბავშვი ჰყავს. თავად აპელანტი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, უმუშევარი. სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების დროს აპელანტს უკიდურესად უჭირდა, მან ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა ვერ მოიძია. ამდენად, საქმე განხილვის გარეშე დარჩა მხარის უსახსრობის გამო, რაც არასწორია და წარმოადგენს პირის ფუნდამენტალური უფლებების მნიშვნელოვან ხელყოფას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ივლისის განჩინებით ი.კ-ის, მ. კ-სა და ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში: ა. წარედგინათ დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერ პირს – ი. ს-ს გავლილი ჰქონდა ადვოკატთა ტესტირება და გაწევრიანებული იყო საქართველოს ადვოკატთა ერთიან სიაში, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარედგინათ უშუალოდ მათი, ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის ხელმოწერით, რომელსაც გააჩნდა აპელანტების წარმომადგენლობითი, მათ შორის, გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილება; ბ. წარედგინათ სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი დასაბუთება, ასევე, მითითებული იქნებოდა გარემოებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; გ. გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი 1760 აშშ დოლარის ოდენობით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები დედნის სახით წარედგინათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ტომი 3, ს.ფ. 2-5). დადგენილ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორეს, ხოლო, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად იშუამდგომლეს ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელების შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 16-18).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ 5 დღით გაუგრძელდათ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა (ტომი 3, ს.ფ. 31-33). საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტებს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავთ სასამართლოსათვის, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მათი საჩივარი განუხილველად დატოვა ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებმა არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და იგი უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომელიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით და განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანამდე, აპელანტის წარმომადგენელმა წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის 5 დღით გაგრძელების თაობაზე. ეს განცხადება იმით იყო დასაბუთებული, რომ აპელანტი თბილისში არ იმყოფებოდა და ამიტომ ვერ მოხერხდა ბაჟის გადახდა. განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი აპელანტის მძიმე ქონებრივ მდგომარეობასა და ამ მოტივით მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე (ტომი 3, ს.ფ. 16-18). აქედან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტს არც სააპელაციო საჩივრით და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით არ მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი თავისი ინციატივით ემსჯელა ამ საკითხზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზეა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი ინვალიდობის გამო, რამდენადაც აღნიშნული ეფუძნება მხარის მხოლოდ განმარტებას და სხვა არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული. უფრო მეტიც, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი.კ-ემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა სარჩელზე (ტომი 2, ს.ფ. 114-115), მანვე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო სასამართლოში მისი კერძო საჩივრის განხილვისას (ტომი 2, ს.ფ. 137-142), ასევე - კერძო საჩივარზე საკასაციო სასამართლოში. ამასთან, მანამდე მას არ მიუთითებია ინვალიდობასა და აღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად. ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ აუცილებელია საგამონაკლისო ნორმის გამოყენება. თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა არ დაუყენებია, მას არც საკასაციო სასამართლოსათვის წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის გათავისუფლებას გაამართლებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე