Facebook Twitter

№ას-1422-1341-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ყ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ყ-ის სარჩელი მოპასუხე ვ.ჩ-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ვ.ჩ-ას თ. ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა; გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება – ქ.თბილისში, სოფელ დ-ში მდებარე 1400 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ.ჩ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ვ.ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებულ განჩინებაზე ვ.ჩ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი. კერო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, რასაც ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის არასწორად განმარტებამ და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ვადის არასწორად ათვლამ. დასახელებული მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ხსენებული დანაწესი შეეხება იმ მხარეს, რომელიც არ იბარებს გადაწყვეტილებას და თავს არიდებს მის ჩაბარებას იმისათვის, რომ შეგნებულად გააჭიანუროს პროცესი. საკითხის ამგვარად გადაწყვეტის შედეგად გამოდის, რომ მხარისათვის გადაწყვეტილების საერთოდ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება ძალაში შევა მისი გამოცხადებიდან 30 დღეზე დამატებულ მე-14 დღეს. ასე რომ არ მოხდეს, კანონმდებელი აქცენტს აკეთებს „ჩაბარების მომენტზე“, კერძოდ, იმაზე, რომ 30-ე დღიდან ვადის ათვლა დაიწყება ჩაუბარებლობის შემთხვევაში. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლში ტერნმინი „წინააღმდეგ შემთხვევაში“ სწორედ „ჩაბარების“ საპირწონედ არის ნახსენები, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარემ უნდა „მივიდეს“ და „ჩაიბაროს“ გადაწყვეტილება. ამასთან, მისვლას აზრი აქვს მხოლოდ ჩაბარების შემთხვევაში. თუკი მხარემ გადაწყვეტილება ჩაიბარა 20-დან 30-ე დღეს ან მის შემდგომ 14 დღის ვადაში (როგორც ვ.ჩ-ას შემთხვევაში, მან გადაწყეტილება ჩაიბარა 2 აგვისტოს), მაშინ ჩაბარებიდან მე-14 დღე აითვლება 2 აგვისტოდან, როცა გადაწყვეტილება იყო მზად და როცა იგი მას ჩააბარეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ჩ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოპასუხე (აპელანტი) ვ.ჩ-ა და მისი წარმომადგენელი დ. ლ-ა (ტომი 1, ს.ფ. 44). ასეთ შემთხვევაში მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მას გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2012 წლის 27 ივლისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ ვადაში მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ვ.ჩ-ამ გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მხოლოდ 2012 წლის 2 აგვისტოს (ტომი 1, ს.ფ. 81). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 27 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 9 აგვისტოს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2012 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 15 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 82-90).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად ვ.ჩ-ას სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის კერძო საჩივრის ავტორისეულ განმარტებას, რადგან ამ ნორმის დისპოზიცია სრულიად გარკვევით მიუთითებს გასაჩივრების მსურველი მხარის ან მისი წარმომადგენლის ვალდებულებაზე – გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ჩასაბარებლად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა. ამასთან, მოცემული მუხლით ასევე მკაფიოდაა დადგენილი მხარის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგი – ასეთ დროს გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2012 წლის 2 აგვისტოს, ამიტომ გასაჩივრების ვადის ათვლაც ამ დროიდან უნდა მოხდეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემობანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა. ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ 2012 წლის 2 აგვისტომდე ვერ შეძლო სასამართლოსგან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღება. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 27 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს ჩაბარდა 2012 წლის 9 ივლისს, ხოლო სააპელაციო საჩივრით მან სასამართლოს მიმართა 2012 წლის 16 ივლისს (ტომი 2, ს.ფ. 61-62-72). პალატის მოსაზრებით, ხსენებული გარემოება ადასტურებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება 2012 წლის 9 ივლისის მდგომარეობით უკვე მზად იყო, რადგან სხვა შემთხვევაში იგი მოწინააღმდეგე მხარეს ვერ ჩაბარდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ჩ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე