№ას-1481-1397-2012 10 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ.მ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ.მ-ას სარჩელი მოპასუხე ე.მ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ე.მ-ეს დაევალა ქ.ბორჯომში, ჯ-ის ქ.№1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 239.2 კვ.მ ფართის 1/7 წილის ზემოთ დაკავებულ ფართზე მოსარჩელის მიმართ მფლობელობის ხელშეშლის აღკვეთა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მითითებულ მისამართზე დაკავებული ფართიდან ე.მ-ის გამოსახლებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.მ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით რ.მ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლისას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე და 61-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო დღე იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, ხოლო, აპელანტმა საჩივარი ფოსტას ჩააბარა ამავე წლის 2 ოქტომბერს ანუ კანონით დადაგენილი ვადის დარღვევით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ.მ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე რ.მ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 1 ოქტომბერი, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი, როგორც საპარლამენტო არჩევნების დღე, დასვენების დღედ იყო გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო დღედ უნდა მიეჩნია 2012 წლის 2 ოქტომბერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ რ.მ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და რ.მ-ას სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის შეტანის ბოლო დღედ 2012 წლის 1 ოქტომბერი მიიჩნია და, ვინაიდან საჩივარი 2 ოქტომბერს იქნა შეტანილი, იგი განუხილველად დატოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საპროცესო ვადის გამოთვლისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი, როგორც საპარლამენტო არჩევნების დღე, დასვენების დღედ იყო გამოცხადებული, ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საჩივრის შეტანის ბოლო დღედ 2012 წლის 2 ოქტომბერი უნდა მიეჩნია.
საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის დასახელებულ არგუმენტს, ვინაიდან საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე უქმე დღეა. მოცემულ შემთხვევაში, 2012 წლის 1 ოქტომბერი იყო მორიგი საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე და, შესაბამისად - უქმე დღე.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე დღეს, ამიტომ ვადის დამთავრების დღედ უნდა ჩაითვალოს მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ანუ 2012 წლის 2 ოქტომბერი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 2 ოქტომბერს, ე.ი. გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში (ტომი 1, ს.ფ. 96-106).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე რ.მ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე