№ას-1502-1418-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ. ჯ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ფირმა „E. M. L-IC“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა; სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით თურქეთის რესპუბლიკის ფირმა „E. M. L-IC-ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „გ. ჯ-ას“ მიმართ დაკმაყოფილდა:
შპს „გ. ჯ-ას“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული შემდეგი ტექნიკა-დანადგარები: SPLIT MASHINE mec C 350-60 TONSL=320 mm – 2 ცალი; Steinex splitting machine IGL00 240 – 2 ცალი; Compressor (7 Bar) E 25 DVK 60 B – 1 ცალი.
ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „გ. ჯ-ას“ შეგებებული სარჩელი მოპასუხე თურქეთის რესპუბლიკის ფირმა „E. M. L-IC-ის“ მიმართ სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ. ჯ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შპს „გ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „გ. ჯ-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის მოტივები:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მიღების მიზნით, აპელანტი რამდენჯერმე დაუკავშირდა სასამართლოს, რა დროსაც მას განუმარტეს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთანავე დაუკავშირდებოდნენ და გადაწყვეტილების ასლს გადასცემდნენ. 2012 წლის 25 სექტემბერს შპს „გ. ჯ-ას“ დირექტორ ბ.გ-ეს ტელეფონით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და აცნობა, რომ მას შეეძლო ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ხსენებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა იმავე დღეს. ამდენად, აპელანტს სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა 2012 წლის 25 სექტემბერს, საიდანაც მან სააპელაციო საჩივარი წარადგინა მე-8 დღეს ანუ კანონით დადგენილ ვადაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე შპს „გ. ჯ-ას წარმომადგენელი მ.მ-ე, რომელიც საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლოს ნებისმიერი აქტი, მათ შორის, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი (ტომი 1, ს.ფ. 138, 168-169). ასეთ შემთხვევაში მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მას გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2012 წლის 17 სექტემბრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ ვადაში მოპასუხეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შპს „გ. ჯ-ას“ დირექტორმა ბ.გ-ემ გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მხოლოდ 2012 წლის 25 სექტემბერს (ტომი 1, ს.ფ. 186-187). აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს - 2012 წლის 17 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 2 ოქტომბერს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2012 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილია 2012 წლის 3 ოქტომბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 188-197).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად შპს „გ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2012 წლის 25 სექტემბერს, ამიტომ გასაჩივრების ვადის ათვლაც ამ დროიდან უნდა მოხდეს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს, მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა. ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ 2012 წლის 25 სექტემბრამდე ვერ შეძლო სასამართლოსგან დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღება. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლები მოწინააღმდეგე მხარესა და მესამე პირებს ჩაბარდათ 2012 წლის 12 და 13 სექტემბერს (ტომი 1, ს.ფ. 183-185). პალატის მოსაზრებით, ხსენებული გარემოება ადასტურებს, რომ აღნიშნული დროისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლები ზემოთდასახელებულ პირებს ვერ ჩაბარდებოდათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ. ჯ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე