№ას-1522-1436-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ლ-ე, ნ.ლ-ე, გ.ვ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ი.მ-ის სარჩელი მოპასუხეების: ლ.ლ-ის, ნ.ლ-სა და გ.ვ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ი.მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ი.მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამავე განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 2012 წლის 9 ოქტომბერს სს „თ. ბ-ი“ №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს დანაშაულით მიყენებული მატერიალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ასევე სადავო ქონების მისთვის დაბრუნებას, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;
გარდა ამისა, სასამართლოს აპელანტი უნდა გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ვინაიდან სადავო ბინაში მისი და მისი მეუღლის გარდა ცხოვრობდა და ორდერში ჩაწერილი იყო მათი ორი შვილი. ბინის გასხვისების დროისათვის ორივე მათგანი იყო არასრულწლოვანი;
აპელანტის მოთხოვნები წარმოადგენენ არაქონებრივი ხასიათის მოთხოვნებს, ამიტომ იმ შეთხვევაში, თუკი სასამართლო ი.მ-ს მაინც დააკისრებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას, მაშინ ეს თანხა უნდა განისაზღვროს 100-150 ლარით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი.მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, კერძოდ, აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი იმ ოდენობით, რაც მას სასამართლომ დაავალა ხარვეზის განჩინებით.
კერძო სჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მისი მოთხოვნა არასწორად მიიჩნია ქონებრივ-სამართლებრივად, ვინაიდან მისი მოთხოვნა არაქონებრივი ხასიათისაა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის სამართლებრივი ინტერესი უკავშირდება ქონებრივ-სამართლებრივი სიკეთის – უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას და შემდეგ ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას. ამდენად, სადავო ხელშეკრულებებში მითითებული ქონების მიმართ აპელანტის ქონებრივი ინტერესი უდავოა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ქონებრივ-სამართლებრივად და სახელმწიფო ბაჟის გადახდაც სწორად მოთხოვა სადავო ქონების ღირებულების მიხედვით.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის, აგრეთვე, არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. პირველ შემთხვევაში, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლის არსებობის დასადასტურებლად საჭიროა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობა, რომლითაც დადასტურდება იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენაც არის სარჩელი მიმართული. ამდენად, აქ მხედველობაშია დანაშაული, რომელიც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული განაჩენით და, ამასთან, დამნაშავედ აღიარებულია ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ სამოქალაქო საქმეზე მოპასუხედ დასახელებული პირი, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. რაც შეეხება არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს, ასეთ დროს აუცილებელია სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდეს სწორედ არასრულწლოვანთა უფლების დარღვევის ფაქტიდან და პირი, რომლის დასაცავადაც სარჩელი აღიძრა, არასრულწლოვანი იყოს სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის. მოცემულ შემთხვევაში, არც ამგვარ ვითარებას ჰქონია ადგილი. შესაბამისად, მითითებული საფუძვლით ასევე გამოირიცხება აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე