№ას-1528-1442-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – რ.ა-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სარჩელი მოპასუხე რ.ა-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
რ.ა-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2917.60 ლარის გადახდა;
მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომლითაც მან მოითხოვა მის სასარგებლოდ დამწვარი ნივთების ღირებულებისა და საკუჭნაოს აღდგენის ხარჯების, ჯამში 3400 ლარის ანაზღაურება.
ამავე გადაწყვეტილებით რ.ა-ას ნ.გ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ დაეკისრა 87.52 ლარის გადახდა, გარდა ამისა, მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 116.70 ლარის, ხოლო ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ – 400 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ა-ამ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მას დაეკისრება 2115.5 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინებით რ.ა-ას საააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 802.1 (2917.60 – 2115.5 = 802.1) ლარს, რადგან აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა ნაწილობრივ, კერძოდ, იგი მოითხოვდა 2917.60 ლარის ნაცვლად, დაკისრებოდა 2115.5 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, ამიტომ არსებობდა ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ.ა-ამ (წარმომადგენელი ვ. ნ-ა), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგნაირად:
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა არამარტო მისთვის დაკისრებული ძირითადი თანხის ფარგლებში, არამედ ასევე სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების ნაწილში. სააპელაციო საჩივრიდან ნათლად ჩანს, რომ რ. გ-ა არ უარყოფს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რასაც ადასტურებს მის მიერ დაზიანებულ ნაწილში შესრულებული სარემონტო სამუშაოები. მიუხედავად ამისა, მთავარ საკითხს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა, წარმოადგენს ზიანის ოდენობისა და დამატებითი ხარჯების საკითხი. პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაუგებარი გაანგარიშებით დააკისრა რ.ა-ას სასამართლოსგარეშე ხარჯების გადახდა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს ადვოკატისათვის ჰონორარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამავდროულად, უკანონოა მოპასუხისათვის (აპელანტისათვის) ექსპერტიზის ხარჯების სულად დაკისრება, რამდენადაც არ დაანგარიშებულა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისი თანხის მოცულობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ა-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.გ-ის სარჩელი მოპასუხე რ.ა-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: რ.ა-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2917.60 ლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 244-250).
დგინდება ისიც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება რ.ა-ას წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მან მოითხოვა, რომ რ.ა-ას (მოპასუხეს, აპელანტს), ნაცვლად გადაწყვეტილებით დაკისრებული 2917.60 ლარისა, ახალი გადაწყვეტილებით დაკისრებოდა 2115.5 ლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 261-270).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 802.1 ლარს (2917.60 – 2115.5 = 802.1), რაც სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან იგი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სასამართლო ხარჯების ნაწილშიც, ამიტომ სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლოს ამ ხარჯების ოდენობაც უნდა გაეთვალისწინებინა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ „დავის საგანში“, რაზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სარჩელის დავის საგანი და არა ამ სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასამართლო და სასამართლოსგარშე ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ა-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე