Facebook Twitter

საქმე №ას-1533-1436-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ. ჯ.-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ჰ. ჯ.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ოს“ მიმართ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 99 672 ლარის დაკისრებისა და დავალიანების დაფარვის მიზნით მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, გ.ო.-ის ქუჩა N9-ში მდებარე 14-სართულიან მშენებარე შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული დანიშნულების 80.10 კვ.მ, 80.10 კვ.მ და 73.00 კვ.მ ფართის უძრავი ნივთების აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჰ. ჯ.-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს.-ოს“ მოსარჩელე შპს „ჰ. ჯ.-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 99 672 ლარის გადახდა, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, გ.ო.-ის ქუჩა N9-ში მდებარე 14-სართულიან მშენებარე შენობაში მდებარე კომერციული დანიშნულების 80.10 კვ.მ, 80.10 კვ.მ და 73.00 კვ.მ ფართის უძრავი ნივთები.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.-ომ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს „ს.-ოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის, 372-ე მუხლის, 2591 მუხლების შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „ს.-ოს“ წარმომადგენელი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 2 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე – 2012 წლის 12 ოქტომბერი, აპელანტს შეეძლო მისულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი 2012 წლის 2 ოქტომბრიდან 2012 წლის 12 ოქტომბერამდე. შპს „ს.-ოს“ წარმომადგენელი ა. ზ.-ი სასამართლოში მივიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 23 ოქტომბერს, გამომდინარე აქედან, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 12 ოქტომბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ შპს „ს.-ოსათვის“ გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 12 ოქტომბრიდან (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს) და ამოიწურა 2012 წლის 25 ოქტომბერს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, არ იყო უქმე ან/და დასვენების დღე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესწავლით პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ს.-ოს“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 26 ოქტომბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც მოცემული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ს.-ომ“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე შპს „ს.-ომ“ წარადგინა 2012 წლის 24 ოქტომბერს 80 ფურცლად, კორესპოდენციას მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 32528. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრების ბოლო ვადას 2012 წლის 25 ოქტომბერი წარმოადგენდა, რაც გაურკვეველს ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, აპელანტის მიერ საპროცესო ვადის დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა 2012 წლის 26 ოქტომბერს სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე, რადგანაც მხარემ მართლაც წარადგინა 26 ოქტომბერს სააპელაციო საჩივარი, თუმცა აღნიშნული განაპირობა იმან, რომ თავდაპირველ სააპელაციო საჩივარს არ ჰქონდა აპელანტის წარმომადგენლის ხელმოწერა. 2012 წლის 26 ოქტომბერს შეტანილი სააპელაციო საჩივრის არარსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო ვალდებული იყო, დაედგინა ხარვეზი, ის გარემოება, რომ მხარემ დადგენილ ვადაში შეიტანა სააპელაციო საჩივარი, დასტურდება საქალაქო სასამართლოს კანცელარიის უფროსის განმარტებით. წარმოდგენილ კერძო საჩივარს შპს „ს.-ომ“ დაურთო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მისაღების სარეგისტრაციო ფურცელი 2012 წლის 26 ნოემბერს კი, დამატებით წარმოადგინა ამავე სასამართლოს კანცელარიის უფროსის მიერ გაცემული ცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მისაღების სარეგისტრაციო ჟურნალში შპს „ს.-ოს“ N33996-1 სააპელაციო საჩივრის N2/7595-12 საქმეზე რეგისტრირებულია 2012 წლის 24 ნოემბერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შპს „ს.-ოს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.-ოს“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის სხდომას, როდესაც გამოცხადდა წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა შპს „ს.-ოს“ უფლებამოსილი წარმომადგენელი.

დადგენილია და მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებისათვის განსაზღვრული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 2012 წლის 2 ოქტომბერი, ხოლო 30-ე დღე – 2012 წლის 12 ოქტომბერი.

შპს „ს.-ოს“ წარმომადგენელი ა. ზ.-ი სასამართლოში მივიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 23 ოქტომბერს, რის გამოც სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 12 ოქტომბერს და ამოიწურა 2012 წლის 25 ოქტომბერს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას შპს „ს.-ოს“ მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დარღვევის თაობაზე და თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ამ თვალსაზრისით დასაბუთებული შედავება წარმოადგინა. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ უმნიშვნელოვანეს გარემოებებზე:

საქმის მასალის შესწავლით უტყუარად ირკვევა, რომ შპს „ს.-ომ“ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა 2-ჯერ, პირველად 2012 წლის 24 ოქტომბერს, ხოლო შემდგომ - 2012 წლის 26 ოქტომბერს. მხარის მიერ წარდგენილი პირველი სააპელაციო საჩივრის სარეგისტრაციო შტამპის თანახმად, კორესპოდენციის სასამართლოში შესვლის სარეგისტრაციო ნომერია 32528-1, ფურცლების საერთო რაოდენობა - „80 ფ. 2 ეგ.“ (იხ. ს.ფ.139).

საკასაციო პალატის აღნიშნული არგუმენტი ასევე ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, შპს „ს.-ოს“ მიერ წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოქალაქეთა მისაღების სარეგისტრაციო ფურცელსა და ამავე კოლეგიის სამოქალაქო სექტორის უფროსის ცნობას. აღნიშნული მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შესწავლით, უტყუარად ირკვევა, რომ სასამართლოს შპს „ს.-ომ“ N2/7595-12 სამოქალაქო საქმეზე (მოცემული სარეგისტრაციო ნომერი ემთხვევა საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული წინამდებარე საქმის ნომერს) N32528-1 სააპელაციო საჩივრით (აღნიშნული სარეგისტრაციო ნომერი იდენტურია საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 24 ოქტომბრის სააპელაციო საჩივრის) მიმართა 2012 წლის 24 ოქტომბერს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის უკანასკნელი დღე იყო 2012 წლის 25 ოქტომბერი, ხოლო მხარემ სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბერს მიმართა, აღნიშნულით მას საჩივრის წარდგენის კანონით იმპერატიულად განსაზღვრული ვადა არ დაურღვევია, ის გარემოება, რომ საჩივარი არ იყო ხელმოწერილი, თუ ჰქონდა სხვა შეუსაბამობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე და 374-ე მუხლებით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მისი ხარვეზიანობის საკითხის შეფასების საგანს წარმოადგენდა და არ ქმნიდა ამ ვადის დარღვეულად მიჩნევისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

აღნიშნული საკითხის უტყუარად გამორკვევის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, ერთმევა კონსტიტუციითა და მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული უფლება, გაასაჩივროს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლოებში, ვინაიდან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას უკავშირებს, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (სსსკ. 264; 266; 364; 391).

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ დაურღვევია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა შპს „ს.-ოს“ სააპელაციო საჩივრის ზემოაღნიშნული საფუძვლით განუხილველად დატოვების წინაპირობა, რაც კერძო საჩივარის დაკმაყოფილების აუცილებლობაზე მიუთითებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „ს.-ოს“ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოცემული საქმე სააპელაციო პალატას უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმების მიზნით, ამასთანავე, დაუსაბუთებლობის მოტივით ვერ იქნება გაზიარებული შპს „ს.-ოს“ მოთხოვნა საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნების თაობაზე, რადგანაც არც საქმის მასალებით და არც მხარის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიის შესწავლით აღნიშნულის აუცილებლობა არ დასტურდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს.-ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე