საქმე №ას-1543-1446-2012 4 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ე. ს.-ს მეურვე გ. მ.-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე - მ. გ.-ის სარჩელის გამო, დ. გ.-ის, ლ. გ.-ისა და ე. ს.-ს მიმართ უძრავ ქონებაზე უფლებადაკარგულად აღიარების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც ე. ს.-ს წარმომადგენელ გ. მ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება ე.ს.-ს მეურვე გ. მ.-ეს (იხ.ტ.II, ს.ფ.22-23) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაბარდა 2012 წლის 19 ოქტომბერს (ტ.II, ს.ფ. 33).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 20 ოქტომბერს და დასრულდა ამავე წლის 31 ოქტომბერს.
საქმის მასალებით დასტურდება რომ, ე. ს.-ს მეურვე გ. მ.-ის წარმომადგენელმა ლ. თ.-მა კერძო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 19 ნოემბერს (ტ.II, ს.ფ. 39), კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს რომ ე. ს.-ს მეურვე გ. მ.-ის კერძო საჩივარი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია განმეორებითი გზავნილი, რომელიც გ. მ.-ეს გაეგზავნა მისი სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 19 ოქტომბრიდან – გასაჩივრებული განჩინების გ. მ.-ისათვის ჩაბარების დღიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400, 401-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ე. ს.-ს მეურვე გ. მ.-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე