№ას-1568-1471-2012 10 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი.თ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ლ-ი, მ.ფ-ი, ა.ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადებულად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი.თ-მა მოპასუხეების ლ.ლ-ის, მ.ფ-ის და ა.ბ-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადებულად აღიარება და მესაკუთრედ ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ი.თ-ის სარჩელი ლ.ლ-ის, მ.ფ-ის და ა.ბ-ის მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ხელშეკრულების დადებულად აღიარების და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.თ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ი.თ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი.თ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
2012 წლის 7 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ მხარეებს შორის შედგა მორიგება, ამიტომ აღარ სურს კერძო საჩივრის განხილვა და მოითხოვს მის განუხილველად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.თ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განჩინება გასაჩივრებულია ი.თ-ის მიერ, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა თ. წ-მა (იხ. მინდობილობა, ტომი 1, ს.ფ. 9-11 ) კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებულ ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიჩნიოს საჩივარი დასაშვებად და განიხილოს იგი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.თ-ის კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.თ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე