საქმე №ას-1644-1541-2012 28 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ბ.-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე, შპს „კ. ი. ე. დ.-ის“ სარჩელის გამო, ვ. ბ.-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა ვ. ბ.-ის წარმომადგენელი (იხ.რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.96) ს. ლ.-ე (ტ.II, ს.ფ.33). გამომდინარე აქედან, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მოცემული ნორმებიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 26 ოქტომბერს და დასრულდა ამავე წლის 6 ნოემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველი კერძო საჩივარი შემოტანილია 2012 წლის 17 დეკემბერს, საპროცესო ვადის დარღვევით (ტ. II, ს.ფ.43), კერძო საჩივრის შედგენის თარიღად კი 2012 წლის 15 დეკემბერია მითითებული (ტ. II, ს.ფ.45), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ბ.-ის მიერ დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი 12-დღიანი ვადა, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამასთან, ვ. ბ.-ს უნდა დაუბრუნდეს ს. ლ.-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 17 დეკემბრის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ბ.-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. კასატორ ვ. ბ.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ლ.-ის მიერ 2012 წლის 17 დეკემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე: ბ. ალავიძე