საქმე №ა-4146-შ-83-2012 28 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შპს „ს.-ს. ს. ტ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „უ. ჯ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „უ. ჯ.-ს“ შპს „ს.-ს. ს. ტ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის ფასის - 13900 ევროს, საქონლის ფასის გადახდის ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 1487,3 ევროს, ვადაგადაცილებული თანხის წლიური 3%-ის - 122,24 ევროსა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 1406,96 ევროს, სულ 16916,50 ევროს ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში შპს „ს.-ს. ს. ტ.-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ს.-ს. ს. ტ.-მა“ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით, ასევე შუამდგომლობაზე დართული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებითა და მტკიცებულებათა დამოწმებული ასლებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხე მხარეს - შპს „უ. ჯ.-ს“ საარბიტრაჟო საქმის განხილვის თაობაზე საქმის მასალები და სასამართლო უწყება არაერთხელ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართსა და საარბიტრაჟო სასამართლოსათვის ცნობილ ალტერნატიულ მისამართზე, თუმცა კორესპოდენციის ჩაბარება ვერ მოხერხდა მოუძიებლობის, მისამართზე არყოფნისა და სხვათა გამო.
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მე-9 და მე-10 პუნქტებით მხარეებმა, დავის შემთხვევაში, განსაზღვრეს დავის გადაწყვეტის სამართალი და გააფორმეს საარბიტრაჟო შეთანხმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებით შპს „ს.-ს. ს. ტ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, ამასთანავე, საქმეში არსებულ, მოწინააღმდეგე მხარის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართზე სასამართლო შეტყობინების ჩაბარების შეუძლებლობის გამო, შპს „უ. ჯ.-ს“ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების თაობაზე ეცნობა სასამარლო შეტყობინების საჯაროდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (www.supremecourt.ge) გამოქვეყნების გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს „ს.-ს. ს. ტ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „უ. ჯ.-ს“ შპს „ს.-ს. ს. ტ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის ფასის - 13900 ევროს, საქონლის ფასის გადახდის ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 1487,3 ევროს, ვადაგადაცილებული თანხის წლიური 3%-ის - 122,24 ევროსა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 1406,96 ევროს, სულ 16916,50 ევროს ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში შპს „ს.-ს. ს. ტ.-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით, ასევე შუამდგომლობაზე დართული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობებითა და მტკიცებულებათა დამოწმებული ასლებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში, მოპასუხე მხარეს - შპს „უ. ჯ.-ს“ საარბიტრაჟო საქმის განხილვის თაობაზე საქმის მასალები და სასამართლო უწყება არაერთხელ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ მისამართსა და საარბიტრაჟო სასამართლოსათვის ცნობილ ალტერნატიულ მისამართზე, თუმცა კორესპოდენციის ჩაბარება ვერ მოხერხდა მოუძიებლობის, მისამართზე არყოფნისა და სხვათა გამო. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“ უკრაინის კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ადრესატისათვის კორესპოდენციის ჩაბარებას ნიშნავს, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, არ ეწინააღმდეგება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მე-9 და მე-10 პუნქტებით მხარეებმა, დავის შემთხვევაში, განსაზღვრეს დავის გადაწყვეტის სამართალი და გააფორმეს საარბიტრაჟო შეთანხმება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ს.-ს. ს. ტ.-ის“ შუამდგომლობა აკმაყოფილებს „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების“ კონვენციის მოთხოვნებს, ხოლო „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია, ამდენად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების კონვენციით“, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.-ს. ს. ტ.-ის“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს „უ. ჯ.-სათვის“ შპს „ს.-ს. ს. ტ.-ის“ სასარგებლოდ მიწოდებული საქონლის ფასის - 13900 ევროს, საქონლის ფასის გადახდის ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს - 1487,3 ევროს, ვადაგადაცილებული თანხის წლიური 3%-ის - 122,24 ევროსა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 1406,96 ევროს, სულ 16916,50 ევროს დაკისრების თაობაზე.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე