საქმე №ა-4235-შ-86-2012 28 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. შ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ.-ი
დაინტერესებული პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის სასამართლო ხელისუფლების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის სასამართლო ხელისუფლების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა 1969 წლის 24 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ქ.ომსკში დაბადებული ს. შ.-ას მიერ 2008 წლის 26 ნოემბერს საქართველოში დაბადებული თ. გ.-ის შვილად აყვანა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ს.შ.-ას წარმომადგენელმა ხ.გ.-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ არასრულწლოვანი შვილად ასაყვანის მამა, ს.შ.-ას მეუღლე - თ. გ.-ი, ასევე შვილად აყვანაზე პასუხისმგებელი ცენტრალური ორგანო. ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ცნობის თანახმად, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ასევე ირკვევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია წინამდებარე დავის მიმართ და მხარის იურიდიული ინტერესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ს. შ.-ას შუამდგომლობა ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის სასამართლო ხელისუფლების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო შუამდგომლობის ავტორს წარმომადგენლად ხ.გ.-ის დაშვებაზე ეთქვა უარი მის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების სასამართლოს მიერ დადგენილი წესით დაუდასტურებლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. შ.-ას შუამდგომლობა ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის სასამართლო ხელისუფლების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის სასამართლო ხელისუფლების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით დადასტურდა 1969 წლის 24 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ქ.ომსკში დაბადებული ს. შ.-ას მიერ 2008 წლის 26 ნოემბერს საქართველოში დაბადებული თ. გ.-ის შვილად აყვანა.
საქმეში წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საქმის განხილვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ არასრულწლოვანი შვილად ასაყვანის მამა, ს. შ.-ას მეუღლე - თ. გ.-ი, ასევე შვილად აყვანაზე პასუხისმგებელი ცენტრალური ორგანო. ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ცნობის თანახმად, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ასევე ირკვევა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია წინამდებარე დავის მიმართ და მხარის იურიდიული ინტერესი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის სასამართლო ხელისუფლების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. შ.-ას შუამდგომლობა ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის სასამართლო ხელისუფლების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის სასამართლო ხელისუფლების 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება 1969 წლის 24 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ქ.ომსკში დაბადებული ს. შ.-ას მიერ 2008 წლის 26 ნოემბერს საქართველოში დაბადებული თ. გ.-ის შვილად აყვანის დადასტურების თაობაზე.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
პ. ქათამაძე