№ა-692-შ-18-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „C. B. G. G.~
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. კ. ს.ა-ი“
განხილვის საგანი – ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინის ოლქის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების (იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა უფლება შპს „მ. ვ. კ.-ის“ ფინანსურ ვალდებულებებზე 88400 აშშ დოლარის ოდენობით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინის ოლქის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით (საქმე № 2-1846/10) დამტკიცდა მორიგება მხარეებს: შპს „C. B. G. G.-სა~ (მოსარჩელეს) და შპს „ს. კ. ს. ა-ს“ (მოპასუხეს) შორის, შემდეგი პირობებით:
1. მოპასუხე იღებს ვალდებულებას, ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინის ოლქის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს მიერ ამ მშვიდობიანი შეთანხმების მიღებიდან ორი დღის ვადაში გადაუხადოს მოსარჩელეს 55 000 (ორმოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი;
2. მოპასუხე იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მოსარჩელეს 26 000 (ოცდაექვსი ათასი) აშშ დოლარი 2010 წლის 25 დეკემბრამდე;
3. მოპასუხე იღებს ვალდებულებას მოსარჩელესთან დადოს ხელშეკრულება საერთო მოცულობით 900 ტონა მაზუთის მიწოდებაზე, 342 000 (სამას ორმოცდაორი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით თანხის თაობაზე;
4. მოპასუხე იღებს ვალდებულებას მოსარჩელეს გადასცეს უფლება, ხოლო მოსარჩელე თანახმაა მიიღოს უფლება შპს „მ. ვ. კ.-ის“ ფინანსურ ვალდებულებებზე 88400 (ოთხმოცდარვა ათას ოთხასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც წარმოიშვა შპს „ს. კ. ს.ა-სა“ და შპს „მ. ვ. კ.-ს“ შორის 2009 წლის 11 სექტემბერს დადებული №10/09 კონტრაქტიდან;
5. ამ შეთანხმების 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოპასუხის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამოქალაქო საქმეზე შპს „C. B. G. G.-ის~ სარჩელისა გამო მოპასუხე შპს „ს. კ. ს.ა-ის“ მიმართ, სასარჩელო მოთხოვნები აღიარებულად ჩაითვლება სრული მოცულობით;
6. მოსარჩელე თავის თავზე იღებს ვალდებულებას, მოპასუხის მხრიდან ამ მშვიდობიანი შეთანხმების პირობების (1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები) შესრულების შემთხვევაში დავის შეწყვეტაზე, სარჩელის უკან გატანაზე, 2010 წლის 2 მარტის №5-EX-M კონტრაქტის საფუძველზე მოპასუხის მიმართ მომავალში დავის განახლებაზე, მათ შორის, ამ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში რაიმე ზიანის მოთხოვნაზე;
7. ეს შეთანხმება ძალაში შედის სასამართლოს მიერ მშვიდობიანი მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინების გამოტანის მომენტიდან.
განჩინებაში მიეთითა, რომ შპს „C. B. G. G.-ის~ სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
შპს „C. B. G. G.-მა~ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა რომ მოპასუხის მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა უფლება შპს „მ. ვ. კ.-ის“ ფინანსურ ვალდებულებებზე 88400 (ოთხმოცდარვა ათას ოთხასი) აშშ დოლარის ოდენობით. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ მოპასუხემ შეასრულა 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები, რომლებიც მას ავალდებულებდა თანხების – 55 000 აშშ დოლარისა და 26 000 აშშ დოლარის გადახდას. რაც შეეხება მორიგების მე-4 პუნქტს, შპს „ს. კ. ს.ა-ს“ მოსარჩელისათვის უნდა წარედგინა მტკიცებულებები მისთვის შპს „მ. ვ. კ.-ის“ ფინანსურ ვალდებულებებზე უფლების გადაცემის შესახებ, 88400 აშშ დოლარის ოდენობით თანხაზე. მიუხედავად ამისა, შპს „ს. კ. ს.ა-ს“ დღემდე არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები. ამდენად, განჩინების მე-4 პუნქტში ასახული პირობა არ შესრულებულა მოპასუხის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს „C. B. G. G.-ს~ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინის ოლქის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების (საქმე № 2-1846/10) აღსრულება არ მომხდარა ამ განჩინების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს „C. B. G. G.-ს~ დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში წარმოედგინა დამოწმებული ცნობა იმის შესახებ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინის ოლქის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების (საქმე № 2-1846/10) აღსრულება არ მომხდარა ამ განჩინების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგი – შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
საქმის მასალების თანახმად, შპს „C. B. G. G.-ს~ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებისა და მისი რუსული თარგმანის ასლები 2012 წლის 6 მარტს გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო დეპარტამენტის მეშვეობით, შუამდგომლობაში დასახელებულ მისამართზე – სომხეთის რესპუბლიკა, ქ.რაზდანი, მიკრორაიონი, სახლი 2, ბინა 31. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 მაისისა და 18 ივნისის წერილებით მითითებულ დეპარტემენტს ეთხოვა, მოეწოდებინა ინფორმაცია ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარების თაობაზე. 2012 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს წერილობით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის დეპარტამენტმა. მომართვას თან ერთვის შეტყობინება ზემოაღნიშნული განჩინების შპს „C. B. G. G.-ის~ წარმომადგენელ ა. ი.-ასათვის ჩაბარების შესახებ, რომელიც შეიცავს გზავნილის მიმღების პირის ხელმოწერას. განჩინება ამ უკანასკნელს ჩაბარდა 2012 წლის 28 მაისს რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ითვლება განჩინების მხარისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 15-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2012 წლის 29 მაისს და დასრულდა 2012 წლის 12 ივნისს. აღნიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის საფუძველზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებულ ნორმათა დანაწესი უნდა გავრცელდეს ასევე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის მიმართაც.
რამდენადაც შპს „C. B. G. G.-ს~ უზენაესი სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია – არ წარმოუდგენია ცნობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის თაობაზე ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინის ოლქის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების (იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა უფლება შპს „მ. ვ. კ.-ის“ ფინანსურ ვალდებულებებზე 88400 აშშ დოლარის ოდენობით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „C. B. G. G.-ის~ შუამდგომლობა ყაზახეთის რესპუბლიკის აკტიუბინის ოლქის სპეციალიზირებული სარაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინების (იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეცა უფლება შპს „მ. ვ. კ.-ის“ ფინანსურ ვალდებულებებზე 88400 აშშ დოლარის ოდენობით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე