№ას-1461-1379-2012 3 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქუჩა №18-ის“ წევრები: დ.გ-ი, გ.თ-ი, მ.რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ოქტომბრის და 5 ნოემბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოდავე მხარეებს: აპელანტ (მოსარჩელე) მ.კ-სა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქ.№18-ს“ შორის შემდეგი პირობებით:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქ.№18“, თავმჯდომარე დ. ტ-ე თანახმაა ქ.თბილისში, მ-ის ქუჩა №18-ში არსებული 113.91 კვ.მ ფართი საკუთრებაში გადასცეს მ.კ-ეს;
მ.კ-ე თანახმაა საკუთრებაში მიიღოს ქ.თბილისში, მ-ის ქ.№18-ში არსებული 113.91 კვ.მ ფართი;
მხარეები თანახმანი არიან გაუქმდეს მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა მ-ის ქ.№18-ში მდებარე 113.91 კვ.მ ფართზე.
2012 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქუჩა №18-ის“ წევრებმა: პ. ყ-მა, ნ. ლ-ემ, დ. კ-ემ, გ.თ-მა, მ. მ-მა, ა. გ-ემ, ე. მ-მა, ჯ. ლ-ემ, შ. მ-მა, მ.რ-მა, გ. ხ-მა და დ.გ-მა, რომლებმაც მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. ამავდროულად, განმცხადებლებმა მოითხოვეს მათი განცხადების უზრუნველყოფის მიზნით მოწინააღმდეგე მხარის – მ.კ-ის უძრავ ქონებაზე (ქ.თბილისი, მ-ის ქ.№18) ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქუჩა №18-ის“ წევრების: პ. ყ-ის, ნ. ლ-ის, დ. კ-ის, გ.თ-ის, მ. მ-ის, ა. გ-ის, ე. მ-ის, ჯ. ლ-ის, შ. მ-ის, მ.რ-ის, გ. ხ-სა და დ.გ-ის ზემოაღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული განჩინება საჩივრით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქუჩა №18-ის“ შემდეგმა წევრებმა: დ.გ-მა, გ.თ-მა, მ.რ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მათი განცხადების დაკმაყოფილება.
საჩივრის ავტორთა განმარტებით, საჭირო იყო მოწინააღმდეგე მხარის ქონებაზე ყადაღის დადება, ვინაიდან არსებობდა სადავო ქონების გასხვისების საშიშროება. ამ ქონების გასხვისების შემთხვევაში, მათთვის დავას აზრი დაეკარგებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქუჩა №18-ის“ წევრების: დ.გ-ის, გ.თ-სა და მ.რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას; მასში ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვა იმ რეალობის ან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და საკუთარი ქონება გაასხვისოს, რის შედეგადაც მოსარჩელის უფლება განუხორციელებლი დარჩება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის განზრახვა ქონების გასხვისების თაობაზე.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებაზე და ასევე იმაზეც, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია მოთხოვნა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოკვეთილი უნდა იყოს მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა. მოთხოვნის იურიდიული გამართლების შეფასება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებაზე მსჯელობისას საჭიროა მხოლოდ იმის გამო, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს წარმოადგენს ვარაუდი, რომ მომავალში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გართულდება ან შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი მოიცავს ასევე ვარაუდს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, ვალდებულია შეაფასოს როგორც სარჩელის საფუძვლიანობა, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული რისკები და ის სამართლებრივი შედეგები, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას შეიძლება მოყვეს. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელთა მოთხოვნის არსის გათვალისწინებით, სასამართლოს არ გაუჩნდა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ვარაუდი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქუჩა №18-ის“ წევრების: დ.გ-ის, გ.თ-სა და მ.რ-ის საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოპასუხის განზრახვა ქონების გასხვისების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნ პირს ავალდებულებს მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლებმა მიუთითეს ასეთ გარემოებაზე, კერძოდ, აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგე მხარე აპირებს იმ ქონების გასხვისებას, რომელიც მას გადაეცა კანონსაწინააღმდეგო მორიგების საფუძველზე და, რომელზეც, გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის შემთხვევაში, კვლავ აღირიცხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრების უფლება. ცხადია, რომ სადავო ქონების გასხვისების შემთხვევაში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება აღნიშნული ქონების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკუთრებაში აღრიცხვა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმის იმგვარი გაგება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, არ გამომდინარეობს არც მითითებული და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების არსებობის ალბათობა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შესაძლოა გაასხვისოს სადავო ქონება, გადასწონის ვარაუდს მისი არარსებობის, ანუ იმის შესახებ, რომ იგი არ გაასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
სააპელაციო სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა ასევე იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელთა მოთხოვნის არსის გათვალისწინებით, სასამართლოს არ გაუჩნდა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ვარაუდი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრება დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი არ შეიცავს მსჯელობას, თუ რამ განაპირობა სასამართლოს ასეთ დასკვნამდე მისვლა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებაზე, და ასევე იმაზეც, თუ იურიდიულად რამდენად გამართლებულია სასარჩელო მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკვეთილი უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა. სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა არის სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მისაღებად. არ არის გამართლებული იმ უფლების უზრუნველყოფა, რომელიც არ არსებობს და ეს იმთავითვე ნათელია სასამართლოსათვის. თუ არ არსებობს უფლება, არც იმის საშიშროებაა, რომ იგი დაირღვევა სარჩელის უზრუნველყოფის მიუღებლობით. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისადმი, როგორც საპროცესო-სამართლებრივი ინსტიტუტისადმი, ფორმალური მიდგომა დაუშვებელია და იგი უმეტესწილად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდზეა დამოკიდებული. ზემოაღნიშნული, ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას იმავდროულად იმსჯელოს მოთხოვნის დასაბუთებულობაზე და გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა მას მომავალში, მაგრამ სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რას ემყარება მისი ვარაუდი, რომ არ არის გამოკვეთილი სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მას არ გაუჩნდა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების ვარაუდი. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემყარება სასამართლოს ზემოხსენებული ვარაუდი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების აბსოლუტური საფუძველი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლი, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, ამავე კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქუჩა №18-ის“ წევრების: დ.გ-ის, გ.თ-სა და მ.რ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ოქტომბრის და 5 ნოემბრის განჩინებები და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის ქუჩა №18-ის“ წევრების: დ.გ-ის, გ.თ-სა და მ.რ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე