საქმე №ას-1629-1529-2012 28 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ვ. გ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ.-ი
მოპასუხე – დ. გ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ.-ისა და გ. გ.-ის მიმართ 2010 წლის 26 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ქ.თბილისში, ც.-ის გასავალ №3-ში მდებარე 219 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ასევე შენობის ½-ის მოსარჩელისათვის დაბრუნებისა და საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხვის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აღნიშნულ განჩინებაზე ვ.გ.-მა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.
2012 წლის 21 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა გ. გ.-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ქ.თბილისში, ც.-ის გასავალის №3-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. გ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის შემდეგი ღონისძიება: გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა მოეხსნა გ. გ.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ.თბილისში, ც.-ის გასავალის №3-ში (საკადასტრო კოდი №....) შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ვ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. იმის გათვალისწინებით, რომ ვ. გ.-ის სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების კანონით გათვალისწინებული ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობდა.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ვ.გ.-მა და მოითხოვა მისი სრულად გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ვ. გ.-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე, დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა შემდეგი გარემოებების გამო:
სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ჩათვალა, რომ საჩივარი დაუსაბუთებელი იყო, რადგანაც მასში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უსწორობა (ფაქტობრივი, ან სამართლებრივი კუთხით). ამასთანავე, პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჩივრის ავტორს უნდა დაკისრებოდა გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ.-ის საჩივარი დაუშვებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
საქმის მასალებით დადასტურებულია და საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. გ.-ის სარჩელი 2010 წლის 26 იანვარს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და გ. გ.-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
უდავოა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნები და კანონმდებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოსარჩელის სადავოდ ქცეული უფლების ეფექტურ დაცვას გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების დაბრკოლებისაგან თავდაცვის გზით.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გახდილი უფლების უსაფუძვლობა, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი, კერძოდ, არ არსებობდა ის სამართლებრივი რისკი, რის გამოც გამართლებული იქნებოდა მესაკუთრის კონსტიტუციით აღიარებული საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
რაც შეეხება ვ.გ.-ის საჩივარს, საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგანაც მასში არ არის მითითებული ის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც მხარე სადავოდ ხდიდა გასაჩივრებულ განჩინებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველად გადმოცემულ საჩივარში მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული განჩინების გაუქმების საფუძვლები არ არის მითითებული, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, თავისი ინიციატივით შეამოწმოს დარღვევები, რომელთა თაობაზეც მხარეს პრეტენზია არ განუცხადებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. გ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრისა და 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე