Facebook Twitter

საქმე №ას-1453-1371-2012 25 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, შუამდგომლობის ავტორი – თ. გ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინება

კასატორის, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბების გამო საქმის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემა, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვა

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. თ.-ის მიმართ ქ.თბილისში, გ.-ის ქN11-ში მდებარე 49.42 კვ.მ უძრავ ქონებაზე ქ. თ.-ის საკუთრების უფლების ნაწილობრივ გაუქმებისა და სადავო ქონების 7 კვ. მეტრის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. გ.-ე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, გ.-ის ქუჩა N11-ში მდებარე ქ. თ.-ის სახელზე რიცხული 49,42 კვ. მეტრიდან 6,39 კვ. მეტრის მესაკუთრედ, ხოლო თ. გ.-ის მოთხოვნა 0,61 კვ. მეტრზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თ.-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით კი, თ. გ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ.-ემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

წინამდებარე საკასაციო საჩივრით მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ფაქტობრივი გარემოებების გაყალბების მიზნით საქმის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის, ასევე დამატებითი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე.

2012 წლის 7 დეკემბერს ქ. თ.-ემ ასევე მომართა სასამართლოს, წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომელსაც დაურთო მტკიცებულებები 2 ფურცლად, ხოლო 2012 წლის 17 დეკემბრის განცხადებაზე კასატორის წარმომადგენელმა კვლავ წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები 9 ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კასატორის შუამდგომლობები და თვლის, რომ ისინი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 22 აგვისტოს, ზეპირი მოსმენის გარეშე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება ქ. თ.-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.

ამავე სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით კი, თ. გ.-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებით არ გაიზიარა საჩივრის ავტორის არგუმენტი სასამართლო შეტყობინების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საწინააღმდეგოდ, აპელანტისათვის ჩაუბარებლობის თაობაზე, ასევე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული, კანონის ძალით დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიული თვალსაზრისით ამართლებდა სააპელაციო მოთხოვნას.

საკასაციო პალატა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლომ კანონის განმარტების გზით მიიღო გადაწყვეტილება, რომელთა მართებულობის საკითხი მხარეს საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით აქვს გასაჩივრებული და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, ხოლო ფაქტების დადგენილად მიჩნევის საკითხი რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლით, ასევე 230-ე მუხლის პირველი ნაწილით და მხარის მითითება, რომ სასამართლომ შეგნებულად არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივი საფუძვლიანობასაა მოკლებული, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი, რომლითაც საქმის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემის საკითხია რეგულირებული, შეეხება დოკუმენტის სიყალბის ფაქტს და არა სასამართლო კვლევის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას (ამ უკანასკნელ შემთხვევაში მახრეს უფლება აქვს, სასამართლოს აქტი გაასაჩივროს ზემდგომი წესით), ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადასტურებულია წარდგენილი საბუთის სიყალბე, სასამართლო გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას და ამ დოკუმენტს მისი სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებებით გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა კასატორის შუამდგომლობას საქმის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ამასთანავე, პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობისას მხარე არ არის შეზღუდული, საკუთარი ინიციატივით მიმართოს საგამოძიებო ორგანოებს.

რაც შეეხება დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მიერ საკასაციო შესაგებელსა და 2012 წლის 17 დეკემბრის განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენთ, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე, ასევე 2012 წლის 17 დეკემბრის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 17 ფურცლად, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს - საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 2 ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლით, 407-ე და 104-ე მუხლების პირველი ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. გ.-ის წარმომადგენელ მ. ჩ.-ის შუამდგომლობა საქმის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემისა და ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ქ. თ.-ის შუამდგომლობა საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებების საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. კასატორს დაუბრუნდეს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარსა და 2012 წლის 17 დეკემბრის განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 17 ფურცლად. მოწინააღმდეგე მხარეს დაუბრუნდეს საკასაციო შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 2 ფურცლად. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე