Facebook Twitter

საქმე №ას-1494-1410-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „პ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.-ის“, ნ. და გ. მ.-ების (თავდაპირველი მოპასუხე ასევე იყო ხ. მ.-ა, საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობით ხ. მ.-ას მიმართ სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული) მიმართ დავალიანების - 58934,06 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.

შპს „მ.-მა“, ნ. და გ. მ.-ებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით სს „პ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „მ.-ს“, ნ. და გ. მ.-ებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 58934,06 აშშ დოლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „მ.-მა“, ნ. და გ. მ.-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს „მ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ამავე სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ნ. და ხ. მ.-ების სააპელაციო საჩივარი ასევე განუხილველად იქნა დატოვებული დაკისრებული საპროცესო მოქმედების (ხარვეზის გამოუსწორებლობის) განუხორციელებლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტების: შპს „მ.-ის“, ნ. მ.-ასა და ხ. მ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მათ სოლიდარულად დაევალათ სახელმწიფო ბაჟის - 2357,36 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2012 წლის 15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ნ. და ხ. მ.-ებმა, რომელთაც იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის მითითება, სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობა გამოიხატებოდა კრედიტის გადაუხდელობის გამო, ბინის დაკარგვაში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უძრავი ნივთის გასხვისებას შედეგად მოჰყვა ვალდებულების შესრულება, აპელანტს ვალდებულება შპს „ჯ. ე. ს. ჯ.-ის“ მიმართ აღარ გააჩნდა და შუამდგომლობაში მითითებული გარემოება ვერ გახდებოდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტებით არ დგინდებოდა სს „პ.-თან“ სამართლებრივი ურთიერთობის გამო ნ. და ხ. მ.-ების მძიმე მატერიალური მდგომარეობა, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები არ დასტურდებოდა, კერძოდ, აპელანტს არ წარუდგენია მითითებული ნორმით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა. პალატამ მიუთითა ამავე ნორმის მე-7 ნაწილზე და განმარტა, რომ ის შეზღუდული იყო უფლებით, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადა თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა აპელანტისათვის. შპს „მ.-ის“ სააპელაციო საჩივართან მიმართებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სუბიექტს წარმოადგენდა ფიზიკური პირი და არ იყო უფლებამოსილი, ამ საფუძვლით შეესწავლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მხარის შუამდგომლობის საფუძვლიანობა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს „მ.-მა“ და ნ. მ.-ამ, მოითხოვეს გააჩივრებული განჩინებების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

მხარეთა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სააპელაციო საჩივარშივე იქნა მითითებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, სასამართლოს ასევე წარედგინა მტკიცებულებები, რომ შპს „მ.-ი“ სს „თ.-ის“ მიზანმიმართული ქმედებით იყო გაჩერებული და ფაქტობრივად გაკოტრებული, ხოლო ფიზიკურმა პირებმა, სხვა კომპანიებიდან ქარხნის გადასარჩენად აღებული კრედიტის დაფარვის შეუძლებლობის გამო დაკარგეს საცხოვრებელი სახლი და სამუშაო, ასევე ცრუ ბრალდების გამო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცა ნ.მ.-ა და იძულებული გახდა 70000 ლარის გადახდის სანაცვლოდ დათანხმებოდა საპროცესო გარიგებას. აღნიშნულის გაუთვალისწინებლად სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის მხარეს საპროცესო ვადა მხოლოდ 5 დღით განუსაზღვრა, ამასთან, ხარვეზი დაუდგინა ხ. მ.-ას, რომელიც სარჩელის შეტანის დროისათვის გარდაცვლილი იყო და გ. მ.-ას სააპელაციო საჩივარზე არც კი უმსჯელია. ნ. მ.-ამ, განჩინების ჩაბარებისთანავე დააყენა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ხოლო შპს „მ.-ისათვის“ მისი ოდენობის შემცირების თაობაზე. აღნიშნულის პასუხად სააპელაციო სასამართლომ შპს „მ.-ის“, ნ. მ.-ასა და გარდაცვლილი ხ. მ.-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა და მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 მუხლზე, რომლის საფუძველზეც მას ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელება არ შეეძლო. სასამართლოს ქმედება არ გამომდინარეობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლიდან, თითქოს წარდგენილი მტკიცებულებებით მხარის მატერიალური მდგომარეობა არ ირკვეოდა, სამართლის არც ერთი ნორმა არ ითვალისწინებს მოწინააღმდეგე მხარესთან ურთიერთობით მხარის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფაქტს. სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა მხარეთა შუამდგომლობაზე და არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეს არ ავალდებულებს ალტერნატიული შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას და თუ არ დაკმაყოფილდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მხარის მოთხოვნა, ის სასამართლოს მიმართავდა საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით, სააპელაციო სასამართლომ კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ამის შესაძლებლობა მოუსპო. სააპელაციო სასამართლომ მისი უფლებამოსილების ფარგლებში არ დააკმაყოფილა რა მხარის შუამდგომლობა, აღნიშნულით უარი განაცხადა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ამასთანავე, სააპელაციო საჩივრის წარდგენა განპირობებული იყო არა საქმის განხილვის გაჭიანურებით, არამედ იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არ ეთანხმებოდა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელე გამდიდრდა უსაფუძვლოდ.

წარმოდგენილ კერძო საჩივარს მხარეებმა დაურთეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გზავნილის ასლი მსჯავრდებულ ნ.მ.-ასადმი, ამავე სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განაჩენი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მთავარი პროკურორის სახელზე შედგენილი საჩივარი და ხ. მ.-ას გარდაცვალების მოწმობის ასლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს „მ.-ის“ კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევის გამო, ხოლო ნ. მ.-ას სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე სასამართლოს 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მსჯელობის საგანს წარმოადგენს ნ. მ.-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს შპს „მ.-მა“, ნ. და გ. მ.-ებმა. სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ აპელანტები შუამდგომლობდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით მხარეებმა აღნიშნეს, რომ არარსებული დავალიანების გამო შპს „მ.-ს“ სს „თ.-მა“ შეუწყვიტა ელექტრომომარაგება, რასაც შედეგად საწარმოს შეჩერება და გადახდისუუნარობამდე მისვლა მოჰყვა, კომპანიას ანგარიშზე არ აქვს არანაირი თანხა, რაც შეეხებათ ფიზიკურ პირებს, მათ მიმართ მიმდინარეობს სხვადასხვა დავა, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება მათი გამოსახლების გამო და მათი ქონებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს იძლევა. სააპელაციო საჩივარს არ ერთვის ზემოაღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 აგვისტოს განჩინებით, სწორედ ამ საფუძვლით არ დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და მათ (აპელანტებს) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი აწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად გადახდა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. მ.-ამ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, კერძოდ, აპელანტმა მიუთითა, რომ არის 2 არასრულწლოვანის დედა, გადახდისუუნარო, კრედიტის გადაუხდელობის გამო ასახლებენ საცხოვრებელი ბინიდან. შუამდგომლობას ნ. მ.-ამ დაურთო შვილების დაბადების მოწმობის ასლები, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ქ.თბილისში, თ.-ის მე-3 მიკრორაიონის მე-3 კვარტლის N41 კორპუსში მდებარე N34 ბინაზე საჯარო რეესტრის ამონაწერები, ასევე ხ. მ.-ას გარდაცვალების მოწმობის ასლი (რაც შეეხება შპს „მ.-ის“ სახელით წარდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს აღნიშნული, ამავე პალატის 2012 წლის 26 ნოემბრის განჩინებით შპს „მ.-ის“ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო).

აღნიშნული მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით წარდგენილი შუამდგომლობა შინაარსობრივად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის ანალოგიურია, რადგანაც ანალოგიურია შუამდგომლობის საფუძველი, რაც სასამართლომ შეაფასა და მტკიცებულებათა არარსებობის გამო უარი ეთქვა მხარეს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მხოლოდ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნები. საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მხარე მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ამყარებს იმას, რომ არის მცირეწლოვნების დედა, ვალდებულების შესრულების მიზნით ჩამოერთვა საცხოვრებელი ბინა, არ აქვს შემოსავალი, თუმცა აღნიშნული ფაქტების უტყუარად დადგენილად მიჩნევისათვის მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: შვილების დაბადების მოწმობის ასლები, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება და ქ.თბილისში, თ.-ის მე-3 მიკრორაიონის მე-3 კვარტლის N41 კორპუსში მდებარე N34 ბინაზე საჯარო რეესტრის ამონაწერები საკმარისს არ წარმოადგენს, სადავო გარემოება ასევე ვერ იქნება დადგენილად მიჩნეული კერძო საჩივარზე დართული განაჩენის ასლითა თუ მთავარ პროკურორთან საჩივრით მიმართვით, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულებები პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლის მიღებისა თუ ქონებრივი აქტივის ქონის შესაძლებლობის ფაქტს არ გამორიცხავს (არ არის წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების არარსებობისა თუ მათზე თანხის არარსებობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, ასევე მტკიცებულება, რომ მხარეს სხვა უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია და სხვა), შესაბამისად, მხოლოდ მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები ნ.მ.-ას მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას არ განსაზღვრავდა, მას კი ამ კუთხით მეტად სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.

თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

საკასაციო პალატა ამ მიმართებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა(see Kreuz, cited above, §§ 58 and 60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others, cited above, § 36) (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს მის ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. მ.-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

რაც შეეხება გ. მ.-ას სააპელაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერებას ვერ შეაფასებს, ვინაიდან ამ უკანასკნელს სასამართლოსათვის კერძო საჩივრით არ მიუმართავს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე (კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება), ხოლო ნ. მ.-ას პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გ. მ.-ას სააპელაციო პრეტენზიაზე არ უმსჯელია და ხარვეზი დაუდგინა გარდაცვლილი ხ. მ.-ას სააპელაციო საჩივარს, განმარტავს, რომ ნაწილობრივ იზიარებს აღნიშნულს, კერძოდ, სააპელაციო პალატის განჩინებებით დასტურდება, რომ ნ. მ.-ასთან ერთად სასამართლო მსჯელობდა შპს „მ.-ისა“ და ხ. მ.-ას მიმართ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე, 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობით ხ. მ.-ას მიმართ სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლებით დასტურდება ამ უკანასკნელის გარდაცვალების ფაქტიც, თუმცა ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი წარადგინა გ. მ.-ამ, ხოლო ხ. მ.-ა მოცემული დავის სუბიექტს (მხარეს) არ წარმოადგენდა, როგორც აპელანტს ნ. მ.-ას, ისე თავად გ. მ.-ას წარმოუქმნიდა შედავების საფუძველს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. ამდენად, აღნიშნული გარემოება განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს.

ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით და რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე კვლავ მიმართავდა სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მითითებული ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან აშკარაა, რომ კანონმდებელმა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაადგინა საპროცესო კოდექსის ზოგადი დებულებებისაგან (64-ე მუხლი) განსხვავებული წესი, რაც გამორიცხავს სასამართლოს აქტიურ როლს საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. მ.-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დადგენილი საპროცესო მოქმედება (სახელმწიფო ბაჟის გადახდა) არ იყო შესრულებული და სასამართლოს არ ჰქონდა უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით გაგეგრძელებინა მხარისათვის საპროცესო ვადა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ სწორად დატოვა განუხილველად ნ. მ.-ას სააპელაციო საჩივარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. მ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე