საქმე №ას-1516-1431-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ. ხ.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ა.-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
მესამე პირი - ა. ს.-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კომპენსაციის სახით 24180 ლარის გადახდის დაკისრება
დავის საგანი - თავდაპირველ სარჩელში - საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა, შეგებებულ სარჩელში - საცხოვრებელ სადგომზე სარგებლობის უფლების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ხ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ა.-ის მიმართ მოპასუხისათვის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 12500 ლარის გადახდის სანაცვლოდ, ქ.თბილისში, უ.-ის ქუჩა N31-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში არსებული 70,18 კვ.მ საერთო ფართის საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე 1970 წლის 11 ივნისიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე, იხდის კომუნალურ გადასახადებს. სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ლ.ა.-ის საკუთრების უფლება, რის გამოც მხარეთა ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით, ამასთან, მოპასუხე არ არის თანახმა, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ ვ.ხ.-ს გადასცეს მის მიერ დაკავებულ ფართზე საკუთრების უფლება.
ლ. ა.-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ. ხ.-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 75%-ის - 11056 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ქ.თბილისში, უ.-ის ქუჩა N31-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 70,18 კვ.მ საერთო ფართის მქონე საცხოვრებელ სადგომზე ვ. ხ.-ის მფლობელობა-სარგებლობის უფლების შეწყვეტის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ქ.თბილისში, უ.-ის ქN31-ში მდებარე შენობა-ნაგებობის 8/13 ეკუთვნის ლ.ა.-ს, საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ.ხ.-ის მიერ დაკავებული 70,18 კვ.მ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება 14741 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარია, თავდაპირველი მოსარჩელე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ.ა.-ის კუთვნილი ფართის მოსარგებლეა სარგებლობის უფლების დათმობის გარიგების საფუძველზე, რის გამოც ლ.ა.-ი თანახმაა, მისი კუთვნილი ფართის გამოთავისუფლების სანაცვლოდ, ვ.ხ.-ს გადაუხადოს სადგომის საბაზრო ღირებულების 75%.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ხ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ლ. ა.-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ა.-ს ვ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11 056 აშშ დოლარი რის სანაცვლოდაც ვ. ხ.-ს შეუწყდა ქ.თბილისში, უ.-ის ქუჩა N31-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში განთავსებული 70,18 კვ.მ საერთო ფართის საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობა-სარგებლობის უფლება, ის გამოთხოვილი იქნა ვ. ხ.-ის მფლობელობიდან და გადაეცა მესაკუთრე ლ. ა.-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ.-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ვ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი სადავოდ ხდიდა მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულებას. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური და სასაქონლო ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ორი ექსპერტისაგან შემდგარ ჯგუფს. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა შემდეგი კითხვები: ,,1. რა ფართისაა ვ. ხ.-ის სარგებლობაში არსებული ქ.თბილისში, უ.-ის ქN31-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი? 2. რა ოდენობის ფართს მოიცავს უშუალოდ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართი? 3. რა საბაზრო ღირებულებისაა ქ.თბილისში, უ.-ის ქN31-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი? მათ შორის, რა ღირებულება გააჩნია საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებს ცალ-ცალკე?“. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 23 მარტის N008056-2012 დასკვნის თანახმად, ,,ქ.თბილისში, უ.-ის ქN31-ში ვ. ხ.-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი 70,18 კვ. მეტრია, აქედან, საცხოვრებელი ოთახის საერთო ფართია 21,90 კვ.მ, ხოლო არასაცხოვრებლის საერთო ფართი - 48,28 კვ.მ. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2012 წლის მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 14741 აშშ დოლარს, რაც, გაცვლითი კურსის შესაბამისად, 24180 ლარია“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ხ.-ის მიერ დაკავებული 70,18 კვ.მ (21,90 კვ.მ საცხოვრებელი ოთახი, 48,28 კვ.მ არასაცხოვრებელის ფართი) საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 24180 ლარს.
უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მითითება, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების დასადასტურებლად წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტის „ნინო სამხარაძის“ 2011 წლის 25 მაისის დასკვნა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ დასკვნით შეფასებულია არა ვ. ხ.-ის მიერ სარგებლობის უფლებით დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულება, არამედ მთლიანადაა შეფასებული ქ.თბილისში, სამრეკლოს ქუჩა N31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთსა და სარდაფთან ერთად, რომლის საერთო ფართი 126,5 კვ. მეტრია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა არ წარმოადგენდა სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, ხოლო სააპელაციო საჩივარში მითითებული იმავე აუდიტის 2011 წლის 4 ნოემბრის N33 დასკვნა, საქმეში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულების სახით, რის გამოც, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მის საფუძვლიანობაზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ვ. ხ.-ის მიერ დაკავებული 70,18 კვ.მ საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების დასადგენად გაზიარებული უნდა იქნას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 23 მარტის N008056-2012 დასკვნა, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების იმგვარ სახეს, რომელსაც სასამართლო მიმართავს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია და სადავო საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ.-მა, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის ნაწილში გაუქმება, ასევე სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკომპენსაციო თანხის 24180 ლარით განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით:
როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო ვერ ასაბუთებს თუ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა საკომპენსაციო თანხის განსაზღვრისას მოპასუხის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნით. სასამართლომ არ გაიზიარა არა მარტო კასატორის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა, არამედ, მისივე ინიციატივით დანიშნული კომპეტენტური ექსპერტიზის დასკვნა. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლიდან გამომდინარე, ექსპერტის დასკვნას სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა არ გააჩნია, თუმცა, ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილება არ შეიცავს სასამართლოს დასაბუთებასა და დასკვნებს მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგების თაობაზე, რადგანაც სასამართლოს ისინი ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოუკვლევია. გადაწყვეტილებით არ ირკვევა სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობა და ის გარემოება, თუ რატომ დანიშნა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით განმეორებითი ექსპერტიზა, რაც გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ამავე განჩინებით კი, ვ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. ხ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე