Facebook Twitter
saqme #as-571-539-2011 25 maisi, 2011 weli

№ას-225-217-2012 12 დეკემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ გ. ბ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ბ.-ი

განმცხადებლის მოთხოვნა _ სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ.-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის დამატებითი განჩინებით გ.ბ.-ს ა. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის დამატებითი განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ.-მა.

უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის დამატებითი განჩინების თაობაზე ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით გ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის დამატებითი განჩინება.

2012 წლის 8 ნოემბერს გ. ბ.-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 70%-ის დაბრუნება. განმცხადებლის განმარტებით, რადგან სასამართლომ დასაშვებად არ ცნო საკასაციო საჩივარი ძირითადი მოთხოვნის ნაწილში, მას უნდა დაბრუნებოდა გადახდილი ბაჟის 70%.

უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ. ბ.-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ.-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ. ბ.-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნებას. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა გ. ბ.-ს 2012 წლის 19 ნოემბერს და ჩაბარდა გ. ბ.-ის დედას - ლ. ე.-ეს (პირადი №...) 2012 წლის 20 ნოემბერს (იხ.ტ.II, ს.ფ186).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 21 ნოემბერს და ამოიწურა 2012 წლის 26 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ.-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ბ.-ის განცხადება დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ვ. როინიშვილი