Facebook Twitter

საქმე №ას-1523-1437-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. წ.-ნ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. ტ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. ტ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. წ.-ნ.-ას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის - უკანონო ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ჟ. ტ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, განუხილველად დარჩა ჟ. ტ.-ის სარჩელი მის მიერ სარჩელის გამოხმობის მოტივით და დაუბრუნდა მოსარჩელეს, მასვე დაუბრუნდა სააპელაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი 12-დღიანი ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დარჩა ნ. წ.-ნ.-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში) გაუქმების მოთხოვნის ნაწილში.

2012 წლის 21 თებერვალს ნ. წ.-ნ.-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების წარდგენის 1-თვიანი ვადის დარღვევის მოტივით, დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ნ. წ.-ნ.-ას განცხადება ამავე სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო პალატის აღნიშნული განჩინების საფუძვლიანობა გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 31 მაისის განჩინებით, რომლითაც ნ. წ.-ნ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

2012 წლის 17 ოქტომბერს ნ. წ.-ნ.-ამ კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მხოლოდ მეორე პუნქტის ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ 2012 წლის 21 თებერვლის განცხადებით მან მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობა და არ მოუთხოვია საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ. წ.-ნ.-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ჩათვალა, რომ ნ. წ.-ნ.-ამ 2012 წლის 21 თებერვალს მომართა, რა სასამართლოს ამავე კოდექსის 422-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ან განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, საპროცესო ნორმით დადგენილი ეს მოთხოვნები ერთმანეთისაგან განუყოფელია და ბათილად ცნობის შემთხვევაში საქმეზე უნდა განახლდეს წარმოება კანონით დადგენილი წესითა და შემთხვევებში. პალატამ მიუთითა ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სარჩელის (დავის) იდენტურობის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი ელემენტების იდენტურობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულია დავის იგივეობის სამი ძირითადი ნიშანი: მოდავე მხარეების, დავის საგნის და დავის საფუძვლის იგივეობა. მოთხოვნის საფუძვლის იგივეობის დადგენისას, არსებითი მნიშვნელობა აქვს სარჩელის ფაქტობრივ, და არა სამართლებრივ საფუძველს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით ნ. წ.-ნ.-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მეორე პუნქტის ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით ნ. წ.-ნ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინება დარჩა ძალაში, პალატის განმარტებით, აღნიშნული მიუთითებდა იმაზე, რომ ზემოთმითითებული სასამართლო განჩინება კანონიერ ძალაშია შესული და, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლისა და იმავე კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო, ვინაიდან არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება რომელიც გამოტანილი იყო დავაზე იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. წ.-ნ.-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მის მოწინააღმდეგე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ნ. წ.-ნ.-ას განმარტებით, სარჩელის გამოხმობის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას სასამართლომ არასწორად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განუხილველად, ასევე უსაფუძვლოდ იქნა დატოვებული განუხილველად მისი 2012 წლის 15 ოქტომბრის განცხადება. სასამართლომ, ნაცვლად განცხადებაში მითითებული გარემოებებისა, სხვა საფუძვლებზე იმსჯელა, რაც სასამართლოს დანაშაულებრივ ქმედებაზე მიუთითებს, აღნიშნულის თაობაზე კი, მხარეს აღნიშნული აქვს მის საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ნ. წ.-ნ.-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ.-ნ.-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატა, პირველ ყოვლისა, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინების მსჯელობის საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინების საფუძვლიანობა, რომლითაც ნ. წ.-ნ.-ას უარი ეთქვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განსახილველად დაშვებაზე.

აღნიშნულის საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მნიშვნელოვან გარემოებებზე:

უდავოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 იანვრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი 12-დღიანი ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დარჩა ნ. წ.-ნ.-ას კერძო საჩივარი, რომლითაც მხარე მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებას.

დადგენილია და მხარე სადავოდ არ ხდის, რომ 2012 წლის 21 თებერვალს ნ. წ.-ნ.-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა.

საქმის მასალებით დადასტურებულია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით გაზიარებულია მისი მართებულობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების წარდგენის 1-თვიანი ვადის დარღვევის მოტივით, დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ნ. წ.-ნ.-ას განცხადება ამავე სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ნ. წ.-ნ.-ამ 2012 წლის 17 ოქტომბერს კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინების მხოლოდ მეორე პუნქტის ბათილად ცნობა, ამჯერად მხარემ მისი განცხადების მოთხოვნას დაუმატა საქმის წარმოების განახლება და განმარტა, რომ 2012 წლის 21 თებერვლის განცხადების წარდგენისას მას შეცდომით გამორჩა აღნიშნული და ასწორებდა დაშვებულ შეცდომას.

აღნიშნული გარემოების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნისას, მიუხედავად იმისა, მხარე სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აყალიბებს თუ არა მოთხოვნას, მოიაზრება საქმის წარმოების განახლებაც. განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი შედეგი სწორედ საქმის წარმოების განახლება და საქმის ხელახლა განხილვაა. აღნიშნული, ერთი მხრივ, მოთხოვნის გონივრული განმარტებიდან და, მეორე მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარეობს, კერძოდ, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ საქმის წარმოების განახლება დაიშვება კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლები ამომწურავად განმარტავენ თითოეულ საფუძველს საქმის წარმოების განახლებისა და დასახელებული ნორმების არც ერთი დანაწესი არ მიუთითებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნისას, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნის გამორჩენის გამო განცხადების ხელახლა წარდგენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ ასაბუთებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებების უსწორობას.

დასახელებული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა განმცხადებელ ნ.წ.-ნ.-ას განცხადების განსახილველად დაშვებაზე უარი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლოს განცხადების დასაშვებობის საკითხის შემოწმების ვალდებულება აკისრია, რა დროსაც უნდა შემოწმდეს მისი განსახილველად მიღების ფორმალური წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მხარე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა იმავე ფაქტობრივი საფუძვლით, სადაც ასევე იდენტური იყო როგორც ადრესატი და დავის საგანი, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განცხადების გამო წარმოების შეწყვეტის საფუძველი იყო.

საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლი, განმარტოს შემდეგი: სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადასტურებული ურთიერთობის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი), ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი მისთვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში, ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ თვლის საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ჯერ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, შემდგომ, იმავე მოთხოვნით სააპელაციო პალატას არაერთგზის მიმართა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებიდან არ გამომდინარეობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. წ.-ნ.-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალურ წინაპირობებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. წ.-ნ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე