№ას-1219-1148-2012 6 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ქ-ა (მოპასუხე, მე-2 მოპასუხე ი/მ ვ.ტ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ-ი“ (მოსარცელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს.ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ნ.ქ-სა და ი/მ ვ.ტ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა შეწყვეტილად იქნეს ცნობილი მოსარჩელესა და ი/მ ვ.ტ-ს შორის გაფორმებული 2007 წლის 31 იანვრის საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება; მოპასუხეებს ი/მ ვ.ტ-ს და ნ.ქ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 58 484,73 აშშ დოლარის, პროცენტის - 32 413,36 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 338 136,65 აშშ დოლარის გადახდა. ნ.ქ-ას პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 200 000 აშშ დოლარის ოდენობით; დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხე ნ.ქ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, მ-ის მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ფართი 153,18 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .... რეალიზაციის გზით; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხეებზე დაკისრებული დავალიანების დასაფარად, დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხე ნ.ქ-ას საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით. (2012 წლის 03 თებერვლის სხდომის ოქმი. 16.06.-16.10.სთ; 17.04.-17.05.სთ).
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ”ს.ბ-ის” სარჩელი ი/მ ”ვ.ტ-ის” და ნ.ქ-ას მიმართ თანხის დაკისრების და ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი/მ ”ვ.ტ-ს” და ნ.ქ-ას მოსარჩელე სს ”ს.ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის 58 484,73 აშშ დოლარის, პროცენტის 32 413,36 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 3 381 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ნ.ქ-ას პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარით. მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის დაფარვა განხორციელდა მოპასუხე ნ.ქ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, მ-ის მე-2 მ/რ, კორპუსი 11-ში (საკადასტრო კოდი – ....) რეალიზაციის გზით. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა მოპასუხეებზე დაკისრებული დავალიანების დასაფარად, დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხე ნ.ქ-ას საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით თავდებობით განსაზღვრული თანხის - 200 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ქ-ამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; მოპასუხეებს: ი/მ ვ.ტ-ს და ნ.ქ-ას მოსარჩელე სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის – 58 484.73 აშშ დოლარის და პროცენტის – 8 322.58 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ი/მ ვ.ტ-ს სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პროცენტის – 24 090.78 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 3 381 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე სს „ს.ბ-ს“ უარი ეთქვა მოპასუხე ნ.ქ-ის ი/მ ვ.ტ-თან ერთად სოლიდარულად პროცენტის – 24 090.78 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 3 381 აშშ დოლარის დაკისრებაზე; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ნ.ქ-ზე და ი/მ ვ.ტ-ზე სოლიდარულად დაკისრებული დავალიანების – ძირითადი თანხის 58 484.73 აშშ დოლარის და პროცენტის 8 322.58 აშშ დოლარის – დასაფარავად, დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხე ნ.ქ-ას საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2007 წლის 31 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ი/მ ვ.ტ-ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N523966, რომლის მიხედვით იმ ვ.ტ-ს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, სარგებლის წლიური დარიცხვით 10-42%-ის ოდენობით. მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და მოპასუხე იმ ვ.ტ-ს შორის იმავე დღეს გაფორმდა საკრედიტო ხაზის შემადგენელი მიკროკრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური სარგებელი – 16,5%.
მოპასუხე იმ ვ.ტ-მა ვალდებულება იკისრა კრედიტი დაეფარა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენდა მის შემადგენელ ნაწილს.
ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით მოპასუხის მიერ გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში.
2007 წლის 31 იანვარს მოსარჩელესა და ვ.ტ-ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის 2007 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ-ის მე-2 მ/რ, კორპუსი 11, ბინა N56 (ტომი 1; ს.ფ. 23-26).
საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება ის გარემოება, რომ ეს უძრავი ქონება, 08.07.2008 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა ს/ ო-ის სახელზე (ტომი 1; ს.ფ. 40). საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 09.07.2008 წელი. ამასთან, უძრავი ქონება გათავისუფლდა 2007 წლის 31 იანვარის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული იპოთეკისაგან მას შემდეგ, რაც მისი ნასყიდობის საფასური ახალი მესაკუთრის ს. ო-ის მიერ გადახდილი იქნა ბანკში ზემოთ მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმ ვ. ტ-ის ვალდებულებების შესასრულებლად (ტ. 1, ს.ფ. 33–37).
2007 წლის 31 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ნ.ქ-ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელესა და მოპასუხე იმ ვ.ტ-ს შორის 2007 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.ქ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ-ის მე-2 მ/რ, კორპუსი . იპოთეკა დადგენილი წესით რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში (ტომი 1; ს.ფ. 28-31, 38-39).
2007 წლის 31 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ნ.ქ-ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება (წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ) სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც ნ.ქ-ამ იკისრა სოლიდარული ვალდებულება იმის შესახებ, რომ ს.ბ-სა და იმ ვ.ტ-ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სრულად დაფარავდა კრედიტის ძირითად თანხას, საპროცენტო სარგებელსა და პირგასამტეხლოს.
ამასთან, თავდებობის ფარგლები განისაზღვრა კრედიტის თანხის – 100 000 აშშ დოლარის – ორმაგი ოდენობით. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ნ.ქ-ა, როგორც თავდები, გაეცნო საკრედიტო ხელშეკრულებას და მისთვის ნათელია მასში მითითებული ძირითადი მოვალის ვალდებულებები ბანკის მიმართ. წერილობით განცხადებას სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელს აწერს ნ.ქ-ა (ტომი 1; ს.ფ. 32).
ბანკსა და ვ. ტ-ს შორის 2007 წლის 31 იანვარს გაფორმებული მიკროკრედიტის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც, ბანკს ნ.ქ-თან გაფორმებული ჰქონდა იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებები, მოქმედებდა 2010 წლის 29 იანვრამდე ანუ კრედიტი 100 ათასი აშშ დოლარის ოდენობით გაცემული იყო 36 თვის ვადით. მოპასუხე იმ ვ.ტ-ის მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. ამასთან, სს ,,ს.ბ-ის“ მიერ იმ ვ. ტ-ის ანგარიშიდან გაცემული ნაერთი ამონაწერის თანახმად, იმ ვ. ტ-ის ანგარიშიდან ბოლო გადახდა სს ,,ს.ბ-ის’’ სასარგებლოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება 09.07.2008 წელს დაფარა სოფიკო ოსეფაშვილმა(ტომი 1; ს.ფ. 33-37).
საქმეში წარმოდგენილი საბანკო დოკუმენტაციით დადგინდა და არც მხარებს გაუხდიათ სადავოდ, რომ ვ. ტ-ის სახელზე რიცხულ ბინას იპოთეკა მოეხსნა მას შემდეგ, რაც 09.07.2008 წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა გადავიდა ს. ო-ის საკუთრებაში, ხოლო ნასყიდობის თანხით დაიფარა იმ ვ. ტ-ის სესხის ნაწილი სს ,,ს.ბ-ის’’ სასარგებლოდ.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ 2008 წლის 09 ივლისიდან მოვალე იმ ვ. ტ-მა შეწყვიტა ბანკის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება. ამ დროისათვის (09.07.2008 წ.) მას ბანკის მიმართ შესასრულებელი რჩებოდა შემდეგი ვალდებულება: ძირი თანხა – 58 484.73 აშშ დოლარი და საპროცენტო სარგებელი – 8 322.58 აშშ დოლარი.
მოსარჩელე სს „ს.ბ-ს“ თავდები პირის ნ.ქ-ის არ უცნობებია ძირითადი მოვალის იმ ვ.ტ-ის მიერ ვალდებულებების დარღვევის შესახებ. საკრედიტო ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2010 წლის 29 იანვარს. 2008 წლის 09 ივლისიდან (ბოლო გადახდის თარიღი) 2010 წლის 29 იანვრამდე კრედიტორს (სს „ს.ბ-ი“) არათუ თავდები პირის, არამედ ძირითადი მოვალისთვისაც არ უცნობებია ამ უკანასკნელის მხრიდან ვალდებულებების დარღვევის შესახებ. ამასთან, ბანკს არ უსარგებლია საკრედიტო ხელშეკრულების იმ დათქმით, რომლითაც მას უფლება ჰქონდა ასეთ შემთხვევაში ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოვალეებისაგან მთლიანად მოეთხოვა დავალიანების ანაზღაურება.
ამასთან, პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება იმის შესახებ, რომ 31.10.2011 წლით დათარიღებული გაფრთხილების ხელწერილი ჩაბარდა ნ.ქ-ას. მართალია, ამ წერილის ადრესატი ძირითად მოვალესთან ერთად, ნ.ქ-აც არის, მაგრამ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ამ უკანასკნელს ეს წერილი ჩაბარდა, საქმეში არ მოიპოვება. ბანკის ეს გზავნილი ჩაბარდა ძირითადი მოვალის მეუღლეს, რომელიც არ იყო ნ.ქ-ას ოჯახის წევრი ან თანამშრომელი, იმ პირობებში, როცა თავდები პირი საქმის წარმოების ყველა ეტაპზე აცხადებდა, რომ მას ბანკის არანაირი გაფრთხილება არ ჩაბარებია, სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები) ამ ფაქტის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება. პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ამ ნაწილში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გადანაწილდა და მოპასუხე ნ.ქ-ას კანონდარღვევით დაეკისრა იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ მას ბანკის გაფრთხილების წერილი არ ჩაბარებია.
პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თითქოს ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას და ვადამდე სესხის ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის გადახდის ანაზღაურების მოთხოვნას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბანკმა მხოლოდ 2011 წლის 17 ნოემბერს (ბოლო გადახდიდან 3 წელზე მეტი ხნის გასვლისა და ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან თითქმის ორი წლის შემდეგ) აღძრა სარჩელი მოპასუხეების მიმართა დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.
პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის საფუძველზე, ნ.ქ-ა უნდა გათავისუფლებულიყო სს ,,ს.ბ-ის’’ სასარგებლოდ პირველი ინსტანციიის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტახლოს - 3 381 აშშ დოლარისა და პროცენტის - 24 090.78 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
ამასთან, პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ნ.ქ-ას მითითება იმის შესახებ, რომ მისთვის უცნობი იყო თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადების თაობაზე და რომ მასზე ხელმოწერით არ გამოუვლენია შესაბამისი ნება. 2007 წლის 31 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ნ.ქ-ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება (წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ) სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლითაც ნ.ქ-ამ იკისრა სოლიდარული ვალდებულება იმის შესახებ, რომ ს.ბ-სა და იმ ვ.ტ-ს შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სრულად დაფარავდა კრედიტის ძირითად თანხას, საპროცენტო სარგებელსა და პირგასამტეხლოს. ამასთან, თავდებობის ფარგლები განისაზღვრა კრედიტის თანხის – 100 000 აშშ დოლარის – ორმაგი ოდენობით. ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ნ.ქ-ა, როგორც თავდები, გაეცნო საკრედიტო ხელშეკრულებას და მისთვის ნათელი იყო მასში მითითებული ძირითადი მოვალის ვალდებულებები ბანკის მიმართ. წერილობით განცხადებას სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელს აწერდა ნ.ქ-ა (ტომი 1; ს.ფ. 32).
პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს (მოპასუხეს) არ წარმოუდგენია მითითებული გარემოებების უარმყოფელი მტკიცებულებები, რისი ვალდებულებაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მას ეკისრებოდა. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ საქმეში არსებული თავდებობის დოკუმენტი ნამდვილია, იგი თავისი ფორმითა და შინაარსით არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც მისგან გამომდინარე ვალდებულებები ნ.ქ-ას სწორად დაეკისრა მოსარჩელის მიმართ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ.ქ-ას საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულთან მიმართებაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებები წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ხელშეკრულებებს. შესაბამისად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე და თავდები პირი ერთი და იგივეა, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება იპოთეკის საგნის რეალიზაციით. მით უფრო, თუ თავდებობის ხელშეკრულებით ცალსახადაა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები განსაზღვრული და იგი არ არის შემოფარგლული იპოთეკით. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები, რომლის შესაბამისადაც, მოსარჩელე უფლებამოსილია, თავდებობის ფარგლებში მოითხოვოს თავდებისაგან ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მათ შორის მის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციით.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილი იყო ორი უძრავი ქონებით, რომლიდანაც ერთის მესაკუთრე იყო ნ.ქ-ა, ხოლო მეორის - თავად მსესხებელი ვ.ტ-ი, ბანკსა და ვ. ტ-ს შორის შეთანხმების შედეგად კი მოხდა ვ. ტ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლება იპოთეკისაგან, საქართველოს სსკ-ის 901 მუხლის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობაც უნდა შემცირებულიყო ზემოაღნიშნული შემცირების შესაბამისი თანხით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სს ,,ს.ბ-ის’’ მიერ უზრუნველყოფის საშუალების - იპოთეკის გაუქმებას თავდებისათვის ზიანი არ მიუყენებია, უფრო მეტიც, ნ.ქ-ას ვალდებულება ბანკის წინაშე გარკვეულწილად შემცირდა, რადგან იპოთეკის საგნის გაყიდვით მიღებული თანხა მიმართული იქნა ძირითადი ვალდებულების შესასრულებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ქ-ამ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია და სამართლებრივად არ შეუფასებია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მათ მიერ იყო დასმული.
კასატორის აზრით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად განმარტა იგი. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში აპელირებდნენ, რომ დაცული არ იყო თავდებობის ხელშეკრულების ფორმა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდგომ მოთხოვნა ითვლებოდა დაკმაყოფილებულად, შესაბამისად, მისი რეალიზაციის შემდგომ, მიუხედავად იმისა იქნებოდა თუ არა საკმარისი ამონაგები თანხა ვალდებულების დასაფარად თავდების მიმართ, მოთხოვნა სხვა ქონებიდან ვალდებულების შესრულებაზე არ უნდა განხორციელებულიყო. თუმცა არც ერთი ინსტანციის სასამართლომ არ უმსჯელია დასახელებულ სამართლებრივ საკითხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემებრის განჩინებით ნ.ქ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ.ქ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (687 ლარი) 70% –480.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ქ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ.ქ-ას დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 26 სექტემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (687 ლარი) 70% –480.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე