№ას-1159-1088-2012 10 დეკემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – რ. შ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. კ. ჯ. ჰ.-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა რ. შ.-მა მოპასუხე სს „ს. კ. ჯ. ჰ.-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის, 6700 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით რ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6700 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. კ. ჯ. ჰ.-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს. კ. ჯ. ჰ.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია და არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ 2011 წლის 14 მაისს რ. შ.-სა და სს „ს. კ. ჯ. ჰ.-ს შორის“ გაფორმდა სადაზღვევო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეულ იქნა მოსარჩელის სარგებლობაში არსებული ავტომობილი (მარკა, მოდელი Mitsubishi pajero, ტიპი T HIGH PASSAB, გამოშვების წელი 1998, ფერი მწვანე, სარეგისტრაციო №......, სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო №..., ძრავის მოცულობა 2500>. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა ავტომობილის დაზღვევის პოლისი, რომლის თანხმად სადაზღვევო პრემიის ოდენობა განისაზღვრა 250 აშშ დოლარით, ხოლო ანაზღაურების ლიმიტი 5500 აშშ დოლარის ოდენობით.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილის დაზიანება. ამასთან, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევი ვალდებული იყო გამოეძახა საპატრულო პოლიცია და შეედგინა შემთხვევის ამსახველი ყველა დოკუმენტი, ასევე იგი ვალდებული იყო მზღვეველისთვის წარედგინა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ავტომობილის მძღოლის სიფხიზლის ფაქტი. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდებოდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
უდავოდ დადგინდა, რომ რ. შ.-მა სრულად დაფარა წლიური სადაზღვევო პრემია წინსწრებით გადახდით.
მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ არც იმ გარემოებას, რომ ქ.გორში 2011 წლის 28 ოქტომბერს დაზღვეული ავტომანქანა Mitsubishi pajero სარეგისტრაციო ნომრით №...., დაეჯახა ავტომანქანა მერსედესს სახელმწიფო ნომრით ..... შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, მერსედესს სახელმწიფო ნომრით ...., რომელიც იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში შეეჯახა დაზღვეული ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მოსარჩელე. ამასთან, მოსარჩელემ, როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელმა, ვინაიდან მასზე ვრცელდებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყველა პრივილეგია და იმუნიტეტი, უარი განაცხადა სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებაზე და ახსნა განმარტების ჩამორთმევაზე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის №002388-2012/10/1 დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ 1998 წელს დამზადებულ, მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილ Mitsubishi pajero-ზე (დიპ.ნომრით ...., საიდენტიფიკაციო №....), ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენდა 6700 ლარს; №503377082 შემოსავლის ორდერის მიხედვით მოსარჩელეს მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ გადახდილ იქნა 804 ლარის ოდენობით თანხა. შემოტანის დანიშნულება სასაქონლო ექსპერტიზა №002388-2012/10/1; ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსის მიერ 2012 წლის 10 იანვარს გაცემული ცნობის შესაბამისად, რ. შ.-ი მივლინებულია გერმანიის მთავრობის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში 2009 წლის 29 სექტემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე, როგორც ზედამხედველი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავო იყო საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესრულდა დამზღვევის მხრიდან სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და წარმოეშვა თუ არა სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულება მზღვეველს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ რ. შ.-ი, როგორც ევროკავშირის მისიის წევრი და შესაბამისი იმუნიტეტით აღჭურვილი პირი, თავისუფლდებოდა მოპასუხესთან დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან, კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის მისი სიფხიზლის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისაგან. სააპელაციო სასამართლომ, ამ საკითხთან დაკავშირებით სრულად გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რ. შ.-ი ნამდვილად წამოადგენდა ევროკავშირის მისიის წარმომადგენელს, თუმცა პრივილეგიები და იმუნიტეტი ვრცელდებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში, ამავე შეთანხმებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით. მართალია, მოსარჩელეს გააჩნდა იმუნიტეტი ადგილობრივი იურისდიქციის მიმართ, თუმცა აღნიშნული იმუნიტეტი არ წარმოადგენდა აბსოლუტური ხასიათის იმუნიტეტს – იმუნიტეტს, რომლიც პირს ათავისუფლებდა კანონით დადგენილი ვალდებულებებისაგან სრულად და უპირობოდ.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა ევროკავშირსა და საქართველოს შორის საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის ბოლო აბზაცით გათვალისწინებულ დებულებაზე, რომლის თანახმად, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პერსონალის წევრის მიერ პროცესის დაწყება არ აძლევს მას უფლებას დაეყრდნოს იურისდიქციის მიმართ არსებული იმუნიტეტს ძირითად სარჩელთან პირდაპირ დაკავშირებულ ნებისმიერ შეგებებულ სარჩელთან მიმართებით.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რამდენადაც მოსარჩელე რ. შ.-ის (როგორც სარჩელის აღმძვრელი და პროცესის დამწყები პირის) სარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებიდან, მოსარჩელეს მართებდა თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად, დაეადასტურებინა მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის, სადაზღვევო ხელშეკრულების 5.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ გარემოება. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სტატუსი და მისი იმუნიტეტის არსებობა იურისდიქციის მიმართ, ამ უკანასკნელს არ ათავისუფლებდა სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
სამოქალაქო კოდექსის 799–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე კოდექსის 327–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების 5.3, 5.4.9 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობების შინაარსიდან გამომდინარე შენიშნა, რომ მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი თავისთავად არ გულისხმობდა სადაზღვევო რისკის განხორციელებას და შესაბამისად სადაზღვევო შემთხვევის დადგომას, რასაც თავის მხრივ უკავშირდებოდა მზღვეველის ვალდებულების წარმოშობა სადაზღვევო თანხის გაცემასთან დაკავშირებით. 2011 წლის 28 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად მიჩნევისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, გამორიცხული უნდა ყოფილიყო ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეული ავტომობილის მძღოლის (რ. შ.-ის) სიმთვრალის ფაქტი. სადაზღვევო ხელშეკრულების 5.3 პუნქტით გათვალისწინებული პირობის თანახმად, სიფხიზლის ფაქტის დამტკიცების ტვირთი ცალსახად იკისრა დამზღვევმა – რ. შ.-მა, რომელსაც მზღვეველისათვის უნდა წარედგინა ოფიციალური დოკუმენტაცია შემთხვევის მომენტისათვის მისი სიფხიზლის დასადასტურებლად. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგინდა, რომ რ. შ.-მა უარი განაცხადა სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც დამზღვევმა არ შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მზღვეველს არ წარუდგინა შემთხვევის მომენტისათვის მისი სიფხიზლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, მზღვეველი უფლებამოსილი იყო 2011 წლის 28 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არ შეეფასებინა სადაზღვევო შემთხვევად.
რაც შეეხებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელ ო. კ.-ის მიერ შედგენილ შემთხვევის ამსახველ მოხსენებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენდა შიდა მოხმარების სამსახურებრივ დოკუმენტს და იგი არ შეიძლებოდა განხილულიყო მძღოლის სიფხიზლე-სიმთვრალის დამადასტურებელ დოკუმენტად, მითუმეტეს, რომ მასში ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის რ. შ.-ის სიფხიზლის შესახებ პირდაპირი მითითება არ იყო გაკეთბული.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რ. შ.-ის მიერ ზემომითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა მზღვეველს უფლებამოსილს ხდიდა 2011 წლის 28 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არ შეეფასებინა სადაზღვევო შემთხვევად და უარი ეთქვა სადაზღვევო თანხის გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. შ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის თანახმად, რ. შ.-მა დაამტკიცა ის გარემოება, რომ იგი გათავისუფლებული იყო ალკოჰოლური ტესტის ჩატარების მოვალეობისაგან, თუმცა აღნიშნული გარემოება სასამართლომ გაუგებარი მიზეზით არ მიიჩნია საკმარისად, უფრო მეტიც, სასამართლომ მისი დამადასტურებელი მტკიცებულება საერთოდ არ შეაფასა. მოსარჩელე მხარემ სასამართლოში წარადგინა საერთაშორისო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც იგი თავისუფლდებოდა ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისაგან.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული დანაწესი უნდა განეხილა იმ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც მათი მხრიდან იქნა წარდგენილი. კერძოდ, მან სასამართლოს წარუდგინა მოქმედი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელის თანამშრომლები, მათ შორის, კასატორი, სარგებლობენ იმუნიტეტით და თავისუფლდებიან ალკოჰოლური ტესტის ჩაბარების ვალდებულებისაგან.
კასატორის მითითებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ თითქოს მან უარი განაცხადა სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებაზე და ახსნა-განმარტების ჩამორთმევაზე. სინამდვილეში, რ. შ.-ს აღნიშნულზე უარი არ განუცხადებია, იგი დაეყრდნო საერთაშორისო შეთანხმების მოთხოვნებს, ისევე როგორც სამსახურებრივ დებულებას და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმოქმედა საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც მის მიერ წარდგენილ საპატრულო პოლიციის ოქმშიც არის დაფიქსირებული.
კასატორის მოსაზრებით, იმუნიტეტი, რომლითაც რ. შ.-ი სარგებლობს, არის აბსოლუტური ხასიათის, შეთანხმება არ შეიცავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც კასატორის მიმართ იმუნიტეტი ვრცელდება ან პირიქით, მასზე იგი არ ვრცელდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. შ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. ყ.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (376 ლარი) 70% – 263.2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. შ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ რ. შ.-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი. ყ.-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (376 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 30 აგვისტო, საგადასახადო დავალება №2) 70% – 263.2 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე