საქმე №ას-1193-1122-2012 21 დეკემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - თ.შ-ა, ნ.შ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - შ.ბ-ი, ნ.ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდით დაკავებული საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. და ნ.ბ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში თ. და ნ.შ-ბის მიმართ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდით დაკავებული საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. და ნ.ბ-ბის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ივლისის განჩინებით თ. და ნ.შ-ბის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ნ.შ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით თ. და ნ.შ-ებს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით თ. და ნ.შ-ბის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
2012 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს თ. და ნ.შ-მა და მოითხოვეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლისა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე.
განცხადების ავტორების მითითებით, ხარვეზის განჩინება ჩაბარდა ჯ. ხ-ს, რომელიც მათი ადვოკატის - ნ. გ-ის ბავშვის მამაა, მაგრამ არ არის მისი მეუღლე. ჯ. ხ-ი არ იყო უფლებამოსილი სასამართლოს გზავნილი ჩაებარებინა. იგი არ არის რეგისტრირებული ქ. თბილისში, ბ-ის ქუჩის N9-ში და არ არის ნ. გ-ის ოჯახის წევრი. განცხადებას ერთვის ჯ. ხ-ის ხელწერილი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს გზავნილი მან 2012 წლის 3 ოქტომბერს ჩაიბარა და მექანიკურად მიუთითა 27 სექტემბერი. აღნიშნული გზავნილი მან 3 ოქტომბერს გადასცა საადვოკატო ბიურო „ათენას.“ განცხადებას ასევე ერთვის საადვოკატო ბიურო „ათენას“ ცნობა იმის თაობაზე, რომ ჯ. ხ-ი აღნიშნული ბიუროს ადვოკატი არაა და იბა „ბ-ის ქ. N9, მთაწმინდის გზის“ ცნობა, რომლის თანახმადაც ჯ. ხ-ი ამხანაგობის წევრი არაა და ამ მისამართზე რეგისტრირებული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. და ნ.შ-ბის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტს უთითებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარე საქმის წარმოების განახლებას სრულიად განსხვავებული მიზეზით ითხოვს და რაიმე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარის მტკიცებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება არაუფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ განჩინება გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს - ნ. გ-ეს მისამართზე: თბილისი, ბ-ის ქ. N9. აღნიშნული მისამართი, როგორც საკასაციო საჩივარშია მითითებული, წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილია და არა სამსახურის ადგილსამყოფელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის მიზნებისათვის ოჯახის წევრი არ გულისხმობს მხოლოდ მეუღლეს, ანუ პირს, ვისთანაც ადრესატი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, ან სხვა უახლოეს ნათესავს (შვილებს, მშობლებს). ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს ადრესატთან მუდმივად მცხოვრები პირი, მათ შორის ის პირიც, ვისთანაც მხარე ან მისი წარმომადგენელი სამოქალაქო ქორწინებაშია, შესაბამისად, განმცხადებლების განმარტება იმის თაობაზე, რომ ჯ. ხუზაურაშვილი ნ. გოდერიძის ბავშვის მამაა, მაგრამ არა მისი მეუღლე, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო სასამართლო არასარწმუნოდ მიიჩნევს ჯ. ხ-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ სინამდვილეში მან განჩინება 2012 წლის 3 ოქტომბერს ჩაიბარა და აღნიშნავს, რომ ძნელი წარმოსადგენია სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა პირმა ჩაბარების თარიღად 3 ოქტომბრის ნაცვლად „მექანიკურად“ 27 სექტემბერი მიუთითოს. საკასაციო სასამართლო მით უფრო ვერ გაიზიარებს ამ მითითებას, ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს საფოსტო რეესტრის მიხედვით, გზავნილის მეორე ეგზემპლარი ადრესატის ხელმოწერით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნდა და მოსამართლის რეფერენტ დ. ა-ეს გადაეცა 2012 წლის 27 სექტემბერს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ გზავნილის მეორე ეგზემპლარზე მითითებულია ჯ. ხ-ის სახელი და გვარი, სტატუსი, პირადი ნომერი და თარიღი 27.09.2012 წ. საკასაციო სასამართლოს საფუძველი არ აქვს აღნიშნული მონაცემების სისწორე საეჭვოდ მიიჩნიოს.
საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაითვალისწინებს მითითებას იმის თაობაზე, რომ ჯ. ხ-მა გზავნილი ადრესატს მხოლოდ 3 ოქტომბერს გადასცა. სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გზავნილის ადრესატის ოჯახის წევრისათვის ჩაბარება მიიჩნევა გზავნილის ჩაბარებად, ამასთან, გზავნილის მიმღები ვალდებულია, გზავნილი ადრესატს დაუყოვნებლივ გადასცეს. ის გარემოება, რომ ჯ. ხ-მა აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა და გზავნილი კასატორების ადვოკატს დაგვიანებით გადასცა, მისი პასუხისმგებლობის საფუძველია. საპროცესო ვადა კი, სასამართლოს გზავნილის ნ. გ-ის ოჯახის წევრისათვის ჩაბარების მომენტიდან უნდა აეთვალა.
საკასაციო სასამართლო ვერც იმ არგუმენტს მიიღებს მხედველობაში, რომ ჯ. ხ-ი არ არის რეგისტრირებული ქ. თბილისში, ბ-ის ქუჩის N9-ში და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით პირს არ ეკრძალება რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის ქონა, ამასთან, პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი შესაძლოა, განსხვავდებოდეს რეგისტრაციის მისამართისაგან, შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ჯ. ხ-ი სხვა მისამართზეა რეგისტრირებული, არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის ფაქტობრივ საცხოვრებლად ბ-ის ქუჩის N9-ის მიჩნევას.
საკასაციო სასამართლო აქვე მიაპყრობს ყურადღებას საადვოკატო ბიურო „ათენას“ ცნობაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან განჩინება მხარეს საცხოვრებელ და არა სამუშაო ადგილზე გაეგზავნა, სადავო საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ჯ. ხ-ი „ათენას“ ადვოკატი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. და ნ.შ-ბის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 74-ე, 422-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ.შ-სა და ნ.შ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი