Facebook Twitter

№ას-1827-1800-2011 12 marti, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „ა-ა“

მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა-ამ“ 2010 წლის 28 ივლისს და 2010 წლის 19 ნოემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიის, ქ. ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღის, მესამე პირების დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქ.ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 1 ოქტომბრიდან ქ.ბათუმის მერის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე შპს „ა-ის“ მიერ ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ.№82-ში იჯარით დაკავებულ ფართში დროებით შესახლებულ იქნა მოპასუხე 21-ე ბავშვთა ბაღი იმ მიზეზით, რომ მათ მიერ დაკავებული ფართი გასხვისებულ იქნა და ახალი კორპუსის აშენებამდე 7-8 თვით მოსარჩელის მიერ იჯარით დაკავებულ ფართს იქირავებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებს დღემდე არ გაუთავისუფლებიათ დაკავებული ფართი და არც გადაუხდიათ ქირა, მაშინ როცა შპს „ა-ა“ მის სარგებლობაში არსებული ფართის საიჯარო ქირას 21-ე ბაღის სარგებლობაში არსებული ფართის ქირასთან ერთად რეგულარულად იხდის ერთ კვ.მ-ზე 5 ლარს 2006 წლიდან, ხოლო 2008 წლის ივლისიდან 7 ლარს. ბაღის მიერ დაკავებულ 274 კვ.მ ფართში 5 ლარის ანგარიშით 1 კვ.მ-ზე შპს „ა-ას“ გადახდილი აქვს 2006 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის ივლისამდე საიჯარო ქირა 2 473,53 ლარი, ხოლო 2008 წლის ივლისიდან დღემდე ბაღის მიერ დაკავებული ფართის საიჯარო ქირა 1 კვ.მ -ზე 7 ლარის ანგარიშით გადახდილია 3 246,93 ლარის ოდენობით პროფესიული სწავლების ცენტრისათვის. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე განმარტავს, რომ 2007 წლის 5 აპრილს და 2008 წლის 4 ივლისს 21-ე ბაღის თანამშრომლებს მოშვებული დარჩათ წყლის ონკანები, რის შედეგადაც სანიტარული კვანძებიდან დაიტბორა პირველი სართულის ჭერი, კედლები, იატაკი, სასწავლო ინვენტარი, რითაც შპს „ა-ას“ მიადგა 4040 ლარის ზარალი. საბავშვო ბაღი არ ათავისუფლებს დაკავებულ ფართს. შპს „ა-ას“ აღნიშნული ფართი ესაჭიროება თავისი სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის.

მოპასუხე ქ.ბათუმის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ქ.ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღი ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ.№82-ში მდებარე ფართში განთავსდა ქირის გადახდის პირობით. საქმეზე დართული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ შპს „ა-ასა“ და ქ.ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღს შორის არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება და ქ.ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღი ვალდებული იყო, გადაეხადა ქირა ფართის სარგებლობისათვის. ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღი არის არასამეწარმეო იურიდიული პირი და იგი დამოუკიდებლად აგებს პასუხს ყველა სახის ვალდებულებაზე. ბათუმის მერია საბავშვო ბაღის ვალდებულებებზე პასუხისმგებელი არ არის.

მოპასუხე ქ.ბათუმის №21 საბავშვო ბაღის დირექტორმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საბავშვო ბაღი არ არის განთავსებული იმ ფართში, რომელიც შპს ,,ა-ას“ იჯარით აქვს აღებული. ამასთან, მათ შორის არ არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება. ამავე დროს ბათუმის №21 საბავშვო ბაღი ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ.№82-ში მდებარე ფართში შესახლებულია სსიპ „ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის მიერ და შესაბამისად, მას რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა შპს „ა-ასთან“ არ გააჩნია.

მესამე პირი ქ. ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრი სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ ის წარმოადგენს უზურფრუქტუარს, ის თანახმაა, საბავშვო ბაღი განთავსებულ იქნეს აღნიშნულ ფართში. ამავე დროს შპს „ა-ას“ თავის სარგებლობაში ფართი დაზუსტებული არა აქვს, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურით მხოლოდ ამჟამად იქნა გამოსწორებული ხარვეზი, კერძოდ, შეცდომით იყო ფართი 782 კვ.მ მითითებული, ამჟამად კი, ჯ-ის ქ.№82-ში რეგისტრირებულია 660 კვ.მ.

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება, მიიჩნევს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს და მას, შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გამოსახლების თაობაზე არ გააჩნია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრისა და 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებებით შპს „ა-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-ამ“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა სამოქალაქო საქმეები, შპს ,,ა-ის“ სააპელაციო საჩივრის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრისა და 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002 წლის 20 თებერვლის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, იმ დროს არსებულ ბათუმის პოლიტექნიკურ პროფესიულ ლიცეუმსა და შპს „ა-ას“ შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმის მიერ შპს „ა-აზე“@ იჯარით, 10 წლის ვადით გადაცემულ იქნა შემდეგი ქონება: სასწავლებლის I კორპუსში (ლ-ის ქ.№84) 121.6 კვ.მ სასარგებლო ფართი, II კორპუსში (ჯ-ის ქ.№82-ში) 660,9 კვ.მ, სულ 782 კვ.მ სასარგებლო ფართი. საჯარო რეესტრის ამონაწერით ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ.№82-ში მდებარე უძრავი ქონება დაუზუსტებელი ფართით 5372.00 კვ.მ შენობა - ნაგებობების საერთო ფართი 1011.70 კვ.მ სახელმწიფო საკუთრებაა, აღნიშნული უძრავი ქონების უზურფრუქტუარს 2005 წლის 15 ნოემბრის უსასყიდლო უზურფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე კი წარმოადგენს სსიპ „ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრი“ ყოფილი ბათუმის პოლიტექნიკური პროფესიული ლიცეუმი. საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის საგანს წარმოადგენდა 782 კვ.მ ფართი, ხოლო 2011 წლის 28 იანვრის მონაცემებით, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ჩანაწერში გასწორებულ იქნა ტექნიკური ხარვეზი და ქ.ბათუმში ჯ-ის ქ.№82-ში იჯარის საგანი ნაცვლად 782 კვ.მ-ისა, დაფიქსირდა – 660,9 კვ.მ ფართი. 2006 წლიდან სსიპ „ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის“ შენობაში ფუნქციონირებს 21 საბავშვო ბაღი, რაზედაც უზურფრუქტუარი – სსიპ ბათუმის პროფესული სწავლების ცენტრი წინააღმდეგი არ იყო. სსიპ „ბათუმის პროფესიული სწავლების ცენტრის“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს სსიპ პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“. 2006 წლიდან მოპასუხე 21-ე საბავშვო ბაღი მოსარჩელეს თანხმობით განთავსებულ იქნა საიჯარო ფართის ნაწილში. შპს „ა-ის“ დირექტორის მიერ შედგენილ და 2007 წლის 5 აპრილითა და 2008 წლის 4 ივლისით დათარიღებულ ე.წ დეფექტურ აქტებში დაფიქსირებულია, რომ მითითებული დროისათვის შპს „ა-ის“ მიერ იჯარით აღებული შენობის მეორე სართულიდან მთელი ღამის განმავლობაში ბაღის თანამშრომლების მიერ ღიად დატოვებული ონკანიდან გადმოსული წყლით დაზიანდა პირველ სართულზე გარემონტებული დარბაზი და სხვადასხვა ინვენტარი. შპს „ა-ის“ მიერ 2011 წლის 20 მარტს შედგენილ დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ შპს „ა-ის“ დირექტორის მიერ წარმოდგენილი 2011 წლის 15 თებერვლის აქტის საფუძველზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, განისაზღვრა შესასრულებელ სამუშაოთა ერთეულის ფასები, რამაც შეადგინა 3884 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ 2007 წლის 5 აპრილითა და 2008 წლის 4 ივლისით დათარიღებული ე.წ. დეფექტური აქტები შედგენილია თავად მოსარჩელე მხარის მიერ, ხოლო მოპასუხემ სადავო გახადა ამ აქტებში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, შპს „ა-ას“ კი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა ამ დოკუმენტებში დფიქსირებული ფაქტების ნამდვილობას, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მიიჩნია, რომ აპელანტის მითითება წყლის ჩამოსვლით მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტზე დაუსაბუთებელია.

სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე. კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია, დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ ქ.ბათუმში, ჯ-ის ქ.№82-ში მდებარე უძრავი ქონების 7682 კვ.მ-ზე მოიჯარეს წარმოადგენს შპს „ა-ა“, რომელსაც ეს უფლება რეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, შესაბამისად, იგი წარმოადგენს ამ ფართის მართლზომიერ მფლობელს, ხოლო 21-ე საბავშვო ბაღი, ვინაიდან 2006 წლიდან მოსარჩელეს თანხმობით განთავსდა საიჯარო ფართის ნაწილში, წარმოადგენს კეთილსინდისიერ მფლობელს .

აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 21-ე საბავშვო ბაღი იჯარით გადაცემული ფართის ნაწილში განთავსდა ქირის გადახდის პირობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლიების თანახმად პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, paლატამ მიიჩნია, რომ შპს „ა-ასა“ და ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღს შორის არსებობდა თხოვების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ ბათუმის 21-ე საბავშვო ბაღს დროებით, უსასყიდლოდ დაუთმო მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართის ნაწილი – 225 კვ.მ.

სამოქალაქო კოდექსის 615-ე და 621-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან, mოპასუხისათვის ფართი გადაცემულ იქნა უსასყიდლოდ, დროებითი სარგებლობისათვის, მართლზომიერი მფლობელის - მოიჯარე შპს „ა-ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის გამოსახლებისა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე დაუსაბუთებულია.

პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ასევე წყლის ჩამოსვლით მიყენებული ზიანის ოდენობაც და განმარტა, რომ საქმეში შპს „ა-ის“ მიერ ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, ხოლო შპს „ა-ის“ მიერ 2011 წლის 20 მარტს შედგენილ დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ შესასრულებელ სამუშაოთა ერთეულის ფასები განისაზღვრა შპს „ა-ის“ დირექტორის მიერ წარმოდგენილი 2011 წლის 15 თებერვლის აქტის და არა 2007 წლის 5 აპრილითა და 2008 წლის 4 ივლისით დათარიღებული ე.წ დეფექტური აქტების საფუძველზე.

სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოპასუხე არასამეწარმეო იურიდიული პირი – ქ.ბათუმის №21 საბავშვო ბაღი მოსარჩელეს თანხმობით იქნა განთავსებული საიჯარო ფართის ნაწილში, შესაბამისად, ამ ფართის გამოუყენებლობით შემოსავლის მიუღებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოპასუხის ბრალეული მოქმედების შედეგი. ქ.ბათუმის მერიის მიმართ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფართში ა(ა)იპ ქ.ბათუმის №21 საბავშვო ბაღის განთავსებაზე ქ.ბათუმის მერიის რაიმე ვალდებულების არსებობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ა-ამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: მათ მიერ იჯარით აღებულ ფართში ქალაქ ბათუმის მერიამ შეუთანხმებლად საიჯარო ფართის ნაწილი, 225 კვ. მ გადასცა №21 საბავშვო ბაღს, რომლის საიჯარო ქირას წლების განმავლობაში თავად იხდიდდნენ. შპს „ა-ა“მეიჯარე ბათუმის პროფესიულ კოლეჯ „ბლექსს“რეგულარულად უხდიდა საიჯარო ქირას, მათ შორის, №21 საბავშვო ბაღის მიერ დაკავებული ფართის სარგებლობისათვისაც. ქ. ბათუმის მერია ვალდებულია, სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 982-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, კერძოდ, საბავშვო ბაღის სარგებლობაში არსებული საიჯარო ფართის სარგებლობისათვის შპს „ა-ის“ მიერ გადახდილი საიჯარო ქირა 5720,47 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 25 იანვარს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –286.02 ლარის 70% _ 200,214 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ა-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

შპს ,,ა-ას“საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –286.02 ლარის 70% _ 200,214 ლარი (2012 წლის 25 იანვარი, საგადასახადო დავალება #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.