№ას-258-249-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. ა.-ის წარმომადგენლის დ. ს.-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დ. ჯ.-ე ცნობილ იქნა შ. ა.-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმში, დ. აღმაშენებლის ქ. №11, ბ. №25-ის ¼ იდეალური წილის მესაკუთრედ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ა.-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ა.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით შ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო
საკასაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 397-ე, 61-ე მუხლებზე და განმარტა, რომ, რადგანაც შ. ა.-ისათვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღე და ეს უკანასაკნელი ესწრებოდა კიდევაც სასამართლო სხდომას, გასაჩივრებული განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე იყო 27 დეკემბერი, ხოლო 30-ე დღე – 6 იანვარი. კასატორს და/ან მის წარმომადგენელს შეეძლოთ, სააპელაციო სასამართლოში მისულიყვნენ და განჩინების ასლი ჩაებარებინათ 2011 წლის 27 დეკემბრიდან 2012 წლის 6 იანვრამდე. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასამართლოს მიმართ კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით 2012 წლის 5 იანვარს (ტ.I, ს.ფ. 188, რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ. 76).ვინაიდან საქმის მასალებით არ ირკვევა მხარის ჩაბარება საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 7 იანვრიდან და ამოიწურა 2012 წლის 27 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით კი დადასტურდა, რომ შ. ა.-ის წარმომადგენელმა დ. ხ.-ემ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 6 თებერვალს, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
შ. აბუალძის წარმომადგენელმა დ. ხ.-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
არასწორია მითითება საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის 7 იანვრიდან დაწყების თაობაზე, რადგანაც სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი განმარტა იმგვარად, რომ ერთთვიანი ვადის დენა დაიწყებოდა ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის შემდგომ, შ. ა.-ის წარმომადგენელმა დ. ხ.-ემ კი ამ ვადის დაცვით შეიტანა საკასაციო საჩივარი სასამართლოში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და შ. ა.-ის წარმომადგენლის დ. ხ.-ის განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
განსახილველი საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შ. ა.-ისათვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღე და ეს უკანასაკნელი ესწრებოდა კიდევაც სასამართლო სხდომას. სასამართლომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2011 წლის 7 დეკემბერს. საქმის მასალებით დადასტურებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელმა განჩინების ჩაბარების თხოვნით სასამართლოს მიმართ კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით 2012 წლის 5 იანვარს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ ირკვევა მხარის ჩაბარება საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 7 იანვრიდან და ამოიწურა 2012 წლის 27 იანვარს. მხარემ კი საკასაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 6 თებერვალს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქციის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობა იყო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 21 დღიანი ვადა 2012 წლის 7 იანვრიდან სავსებით სწორად აითვალა და მართებულად ჩათვალა, რომ საკასაციო საჩივრის 2012 წლის 6 თებერვალს შეტანით ზემოხსენებული ვადა დაირღვა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების, ხოლო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შ. ა.-ის წარმომადგენლის დ. ს.-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს;
უცვლელი დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მ. სულხანიშვილი