№ას-290-279-2012 15 ნოემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ც. ბ.-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ ც. ბ.-ის სარჩელის გამო, მოპასუხე ა. დ.-ის და მესამე პირის შპს „ი.-ის“ მიმართ თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ.-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ც. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. ბ.-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით ც. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ც. ბ.-ის წარმომადგენელმა გ. პ.-მა კანონით დადგენილი წესით ჩაიბარა 2012 წლის 18 იანვარს (ტ.II, ს.ფ. 84, რწმუნებულება იხ. ტ.I, ს.ფ.92), ამდენად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩათვალა, რომ საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 19 იანვრიდან და ამოიწურა 2012 წლის 8 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით კი დადასტურდა, რომ ც. ბ.-ემ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 15 თებერვალს, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
ც. ბ.-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა და მისი საკასაციო საჩივრის მიღება დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად შემდეგი საფუძვლით: საკასაციო სასამართლომ არასწორად დატოვა საკასაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა 2011 წლის 22 დეკემბერს, რა დროსაც მოქმედებდა კანონის ნორმა, რომელიც საკასაციო საჩივრის შეტანისათვის ითვალისწინებდა ერთთვიან ვადას, აღნიშნული განმარტებულია სასამართლოს განჩინებითაც. ც. ბ.-ის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2012 წლის 18 იანვარს და კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დაცვით საკასაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 15 თებერვალს. განმცხადებლის განმარტებით, მას საპროცესო ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტაციის ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ ც. ბ.-ის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებებიდან, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და ვრცელდება ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ამა თუ იმ საპროცესო წესის მიმართ, უფრო მეტიც, კანონმდებლის ზემოაღნული პოზიცია გამყარებულია თითოეული ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების სპეციალურ წესებში.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადას, საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის ახალ რედაქციაზე, რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის პირველი მუხლით კი განსაზღვრულია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. დასახელებული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საპროცესო კანონის დროში მოქმედების პრინციპი და დაადგინა, რომ ცალკეული საპროცესო მოქმედება სრულდება ამ საპროცესო მოქმედების განხორციელების დროს მოქმედი ნორმის შესაბამისად. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება მიიღო 2011 წლის 22 დეკემბერს, მან სწორად განმარტა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო რადგანაც საპროცესო მოქმედება განხორციელდა ახალი კანონის მოქმედების ფარგლებში – განჩინება მხარემ ჩაიბარა 2012 წლის 18 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის ახალი რედაქციის მოქმედების დროს, საკასაციო პალატამ სავსებით მართებულად გაავრცელა მოცემული საქმის მიმართ ახალი ნორმის მოქმედება და სწორად დატოვა განუხილველად საკასაციო საჩივარი 21-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ც. ბ.-ის განცხადებაში მითითებული გარემოებები უსაფუძვლოა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს, რადგანაც საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის განჩინებით მას საპროცესო ნორმის სწორი განმარტების საფუძველზე ეთქვა უარი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ც. ბ.-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე მ. სულხანიშვილი