№ ას-1227-1156-2012 8 ნოემბერი, 2012 წელი
. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ.რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.შ-ა, ე.კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისისა და 2012 წლის 19 ივლისის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ.შ-სა და ე.კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 92 კვ.მ. ფართის ღირებულების 40 000 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ.რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.რ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2012 წლის 6 ივნისს მ. რ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში, დ. ა-ის 111, მე-4 კორპუში მდებარე ბინა №4ში მდებარე ჯ. შ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაზე ყადაღუს დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისის განჩინებით მ.რ-ის განცხადება სარცელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა მ.რ-მა და მოიოთხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ მან საცხოვრებელი ბინა დაკარგა 5000 დოლარის სესხის გამო და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ მოპასუხე გაასხვისებს ბინას, შესაძლოა გადაწყვეტილება ვერც აღსრულდეს. საჩივრის ავტორის განმარტებით, დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ არ დასტურდება მოპასუხის განზრახვა ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით მ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა მ.რ-ის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამომავლოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს დაკარგავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ისედაც უქმდება და ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, წარმოეშობა უფლება, უსაფუძვლო სარჩელის გამო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას მასზე, რომ, არ არსებობდა მ.რ-ის საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, ვინაიდან იმ პირობებში, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით მ.რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით, საჩივრის ავტორის არგუმენტი მასზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე ქონების გასხვისებას აპირებს, ვერ იქნებოდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებისათვის.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მ.რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად დაუსვებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.რ-ის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 ივნისისა და 2012 წლის 19 ივლისის განჩინებები;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი