Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1396-1317-2012 16 ნოემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებლები _ ი. კ.-ე, ტ. მ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ვ.-ი

განმცხადებლების მოთხოვნა _ დავაში მესამე პირებად ჩაბმა

დავის საგანი _ საცხოვრებელ სადგომზე საკუტრების უფლების გადაცემა ამ სადგომი საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ვ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. ვ.-ს ე. ზ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ქ.თბილისში, ჭ.-ის ქ. №11/33ა-ში მდებარე ე. ზ.-ას სახელზე რიცხული №2 ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული №3ოთახზე 13.10კვ.მ ფართობით, №4 ოთახზე 8.39კვ.მ ფართობით, №5 ოთახზე 18.16კვ.მ ფართობით, №2 სათავსოზე 3.79კვ.მ ფართობით, №1 სათავსოზე 7.85კვ.მ ფართობით და №6 ღია აივანზე 21.05კვ.მ ფართობით, სულ 72.34კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის – 9272,25 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამ თანხის გადახდის შემდეგ აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე საკუტრების უფლება გადაეცა ვ. ვ.-ს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ზ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ე. ზ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართეს ი. კ.-ემ და ტ. მ.-მა და მოითხოვეს მოცემულ დავაში მესამე პირებად ჩაბმა შემდეგი საფუძვლებით:

განმცხადებლების განმარტებით, სადავო სახლთმფლობელობაზე ვრცელდება თანასაკუთრების უფლება, რა დროსაც განმცხადებლებს მოაკლდათ საშუალება ჩაბმულიყვნენ პროცესში მესამე პირებად და სასამართლოსათვის წარედგინათ რიგი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ უკანონო ფართი-მიშენება 52კვ.მ ვ.-ს მიშენებული აქვს 2001 წლის შემდგომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ.-ისა და ტ. მ.-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის IX კარზე, რომლითაც განსაზღვრულია საქმის წარმოების წესები საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. დასახელებული კარის დებულებათა ანალიზით ირკვევა როგორც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის სუბიექტური ფარგლები, ისე ამ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილე სუბიექტები: მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნით (სსსკ 391-ე მუხლის პირველი ნაწილი).

კანონმდებლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVIII თავის არც ერთი ნორმით ახალი მხარისა თუ სუბიექტის ჩაბმას ამ ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არ ითვალისწინებს, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უტყუარი საფუძველია.

საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ამ ინსტანციის სასამართლოში მხარის ჩაბმა ამ კუთხითაც გაუმართლებელია, ვინაიდან სასამართლო ამ მხარის (ახალი სუბიექტის) მოთხოვნის მართებულობას ვერ გამოიკვლევს.

საკასაციო პალატა განცხადების შინაარსის შესწავლის საფუძველზე ასკვნის, რომ ი. კ.-ე და ტ. მ.-ი აცხადებენ დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე, ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი ალტერნატივა მხარის საქმეში ჩაბმისა, გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XI თავით, სადაც კანონმდებელი ერთმანეთისაგან განასხვავებს მოთხოვნის მქონე მესამე პირებსა და მოთხოვნის არმქონე მესამე პირებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია, აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სახეზე არაა მესამე პირის ჩაბმის სამართლებრივი წინაპირობები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. კ.-ესა და ტ. მ.-ს უარი უნდა ეთქვათ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ.-ისა და ტ. მ.-ის განცხადება არ დაკმაყოფუილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი