Facebook Twitter

საქმე №ას-1470-1386-2012 19 ნოემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ზ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ი-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის გათვალისწინებით

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ.ზ-ემ და ი. ლ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.ი-ის მიმართ ბინის ნასყიდობის საფასურის - 6000 აშშ დოლარის, დამატებით გადაცემული თანხის - 900 აშშ დოლარის, ბინაში ჩატარებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების - 47214 აშშ დოლარისა და ყოველთვიურად მოთხოვნილი თანხის 5%-ის (ზიანის ანაზღაურების სახით) გადახდის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ - 6000 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ლ.ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.ი-ეს ლ.ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ნასყიდობისათვის გადაცემული თანხის - 6000 აშშ დოლარის, მ.ი-ეს ლ.ზ-ის სასარგებლოდ 2002 წლის 13 დეკემბრიდან 2011 წლის 4 ნოემბრამდე ასევე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 6000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის ოდენობით, ლ.ზ-სა და ი. ლ-ის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ზ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ლ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განჩინებით ლ.ზ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება, ასევე განმარტება, თუ რა ნაწილში ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელ სასარჩელო მოთხოვნას უჭერდა მხარს და გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ რა გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდა, ასევე დაევალა დაზუსტებული მოთხოვნის (დავის საგნის) ღირებულების 4%-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესავსებად საჩივრის ავტორს განესაზღვრა 10 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. ამავე განჩინებით განემარტა ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. 2012 წლის 2 აგვისტოს, ლ.ზ-ემ წარადგინა განცხადება, დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, განმარტა რა ნაწილში ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელ სასარჩელო მოთხოვნას უჭერს მხარს და გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ რა გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული. ამავე განცხადებით მხარემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება 150 ლარამდე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ არის პენსიონერი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით აპელანტის განცხადება სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ხარვეზის შევსების მიზნით 2012 წლის 13 ივლისის განჩინებით განსაზღვრული ვადა გაგრძელდა 10 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2012 წლის 13 სექტემბერს, ლ.ზ-ემ წარადგინა განცხადება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და 2012 წლის 13 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა მხარეს კვლავ გაუგრძელდა 7 დღით. ამავე განჩინებით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ლ.ზ-ეს პირადად ჩაბარდა 2012 წლის 9 ოქტომბერს, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 10 ოქტომბერს და დასრულდა 2012 წლის 16 ოქტომბერს. დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ ლ.ზ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.ზ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იამვე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაბრუნება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების ან მისი გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის გათვალისწინებით. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმამ, ლ.ზ-ე არ განეკუთვნება სოციალურად დაუცველი პირების კატეგორიას, რომელიც კანონით უპირობოდაა გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა ის არის პენსიონერი, რის გამოც არ აქვს შესაძლებლობა, სააპელაციო საჩივარზე გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული პენსია მინიმალური ოდენობისაა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილ შესაძლებლობათაგან ერთ-ერთის გამოყენება სავალდებულოს წარმოადგენდა. სასამართლოს უარი ზემოაღნიშნული შესაძლებლობის გამოყენებაზე დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი. სასამართლოს უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასა და მისი ოდენობის შემცირებაზე იურიდიული თვალსაზრისით მხარეს სხვა დამატებითი შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას ართმევდა. არასწორია სასამართლოს მსჯელობა სასამართლო დავალების მხარის მიერ შეუსრულებლობის თაობაზე, რადგანაც ლ.ზ-ის პენსიის ოდენობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობას გამორიცხავდა, საქმეში წარმოდგენილი საპენსიო მოწმობა ეჭვქვეშ არ დამდგარა, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, საყოველთაოდ ცნობილი გარემოებაა ქვეყანაში არსებული პენსიის ოდენობა. სასამართლოს განჩინებები, შუამდგომლობათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ არის დასაბუთებული, მათში არ ასახულა სასამართლოს მსჯელობა, თუ რატომ არ იქნა გაზიარებული საპენსიო მოწმობა და ასაკის გამო აპელანტის შრომისუუნარობა მის მიერ პენსიის მიღების უტყუარ მტკიცებულებად, ასევე არ იქნა მითითებული იმ მტკიცებულებაზე, რაც შეიძლებოდა სასამართლოს მიერ ყოფილიყო გაზიარებული. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით განსაზღვრული შესაძლებლობების გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა, თუმცა უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით განიმარტა ამ უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება და, როგორც მისი დაკმაყოფილების, ისე დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლო დასაბუთება, საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განმარტებანი ასევე ასახულია სააპელაციო სასამართლოს სხვადასხვა განჩინებაში. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ასევე საერთაშორისო აქტებით აღიარებული უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე, მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეიძლება გახდეს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი, ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ აპელანტი არა სრულად გათავისუფლებას, არამედ, მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებასა თუ გადახდის გადავადებას მოითხოვდა. სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არ გაითვალისწინა ის მიზნები, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდას გააჩნია, ასევე სტასბურგის ადამიანის უფლებათა სამართლოს რეკომენდაციები. სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში არ არის ასახული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, რაც მის გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვსიტოსა და 3 ოქტომბრის განჩინებების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოსა და 3 ოქტომბრის განჩინებებზე ლ.ზ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო სააპელაციო პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ.ზ-ემ. სააპელაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ მხარე შუამდგომლობდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ არის პენსიონერი.

შუამდგომლობის დასაბუთების მიზნით სააპელაციო საჩივარს დართული აქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობა, რომ აპელანტი არის პენსიონერი და იღებს 110 ლარს.

უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებთან ერთად დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით განიმარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

დადგენილია, რომ ხარვეზი აპელანტმა ნაწილობრივ გამოასწორა, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილში კვლავ მიუთითა მის შუამდგომლობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ლ.ზ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო აპელანტს ხარვეზის გამოსწორებისათვის გაუგრძელდა საპროცესო ვადა.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმავე საფუძვლით, რითაც სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას მოითხოვდა, მას რაიმე ახალი მტკიცებულება არ წარუდგენია და არც ახალ გარემოებაზე მიუთითებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მხარეს კვლავ მიეცა ვადა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის.

აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2012 წლის 9 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად.

უდავოა, რომ მხარეს ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოსათვის აღარ მიუმართავს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ არ არსებობდა ლ.ზ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების უშუალოდ მხარისათვის ჩაბარება, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების უტყუარი წინაპირობაა. უდავოა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, აპელანტი ვალდებული იყო, მიემართა სასამართლოსათვის 2012 წლის 10 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით (ვადის უკანასკნელი დღე არ ემთხვეოდა უქმე ან დასვენების დღეს), რაც მას არ განუხორციელებია, აღნიშნული გარემოება კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი წინაპირობაა, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით დადგენილია ის იმპერატიული წინაპირობები, რასაც სააპელაციო საჩივარი განსახილველად მიღების მიზნით უნდა აკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ის გარემოება, რომ მხარემ დაარღვია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის თაობაზე.

რაც შეეხება ლ.ზ-ის პრეტენზიებს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მიზნით მის მიმართ ეროვნული და საერთაშორისო აქტებით რეგულირებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევისა თუ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისა და რეკომენდაციების დარღვევის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნულთან მიმართებით განმარტავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. კანონის მითითებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მისი ქონებრივი მდგომარების დადასტურების მიზნით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ არის პენსიონერი. პენსიის მიღების ფაქტს კი, ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უდავო გარემოებად მიიჩნევს, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, რადგანაც „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა. თავად კანონის მიზნებიდან გამომდინარე, პენსია წარმოადგენს მხარის უფლებას, მიუხედავად მისი ქონებრივი მდგომარეობისა და მხოლოდ ის გარემოება, რომ პირს ეს უფლება მოპოვებული აქვს, შეუძლებელია მისი ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად განმსაზღვრელი გარემოება ან ფაქტი გახდეს, რადგანაც თავად პენსიის მიღების ფაქტი პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლის მიღებისა თუ ქონებრივი აქტივის ქონების შესაძლებლობის ფაქტს არ გამორიცხავს, შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ აპელანტი პენსიონერი იყო მის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას არ განსაზღვრავდა, მას კი ამ კუთხით მეტად სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.

თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

საკასაციო პალატა ამ მიმართებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა(see Kreuz, cited above, §§ 58 and 60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others, cited above, § 36) (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ).

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს მის ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, კერძოდ, არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მყარ შინაგან რწმენას, რომ მხარე ვერ შეძლებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას (ობიექტურად მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელების გამო მოეპოვებინა მტკიცებულებები), ამასთანავე, აპელანტს განსაზღვრულ ვადაში აღარ მიუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.ზ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე