№ას-443-420-2012 1 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – მ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე
მოპასუხეები – ნ. ნ-ე, ბ. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორების მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ-ის, მ. ც-ისა და ბ. ც-ის მიმართ მშენებლობის შეჩერებით მიყენებული ზიანის – 17476 აშშ დოლარისა და 46000 ლარის გადახდის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების: ნ. ნ-ის, მ. ც-ისა და ბ. ც-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 იანვარის გაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ნ-ეს, მ. ც-ესა და ბ. ც-ეს გ. ნ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6000 აშშ დოლარის გადახდა.
2011 წლის 18 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. გ-ის წარმომადგენელმა მინდია ალელიშვილმა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა მოპასუხე მ. ც-ისათვის ქ.ქობულეთში, ...ის გამზირის №...-ში (ზონა ქ-ი – 20: სექტორი – 42: კვარტალი – 06; ნაკვეთი: ...; მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 20.42.06....) მდებარე უძრავი ქონების გასხვისების აკრძალვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. გ-ის წარმომადგენელ მინდია ალელიშვილის განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მ. ც-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ.ქობულეთში, ...ის გამზირ №...-ში მდებარე უძრავი ქონების გასხვისება, რომლის სარეგისტრაციო მახასაიათებლებია: ზონა ქ-ი – 20: სექტორი – 42: კვარტალი – 06; ნაკვეთი: ...; მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 20.42.06..... 2012 წლის 31 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა მ. ც-ის წარმომადგენელმა თ. გ-ემ და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდებს, გარდა ამისა, დანარჩენ მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საქმეში არა თუ მტკიცებულება, არამედ ინფორმაციაც კი არ არსებობს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პაალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინებით მ. ც-ის წარმომადგენელ თ. გ-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად, გადმოეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი საფუძვლებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა ხარვეზით, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საჩივრის ავტორს განესაზღვრა ვადა 5 დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საჩივარი დაუშვებლად იქნებოდა მიჩნეული. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილითა 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით და, ვინაიდან, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი 2012 წლის 17 თებერვალს ჩაბარდა საჩივრის ავტორის წარმომადგენელს (თანამშრომელს), მას ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2012 წლის 22 თებერვლამდე, რაც არ შეუვსია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი დაუშვბელი იყო და გადმოაგზავნა ზემდგომ სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ც-ის საჩივარი დაუშვებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე: დადასტურებულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოყენების შესახებ. დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა თ.გ-ემ, რომელმაც განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. გ-ის მიერ წარდგენილ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონის საფუძველზე არც საჩივრის ავტორი მხარე იყო გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით (იხ. ს.ფ.66-68) დადასტურებულია თ.გ-ის უფლებამოსილება, წარმოადგინოს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეთა ინტერესები შესაბამისი დავალების ფარგლებში, მათ შორისაა სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლება და უფლებამოსილების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2014 წლის 20 ივლისის ჩათვლით.
სააპელაციო პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით განსახილველად წარდგენილ საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს საპროცესო ვადა განესაზღვრა 5 დღით განჩინების გადაცემიდან სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვისათვის, ამასთან განემარტა ამ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის სამართლებრივი შედეგის თაობაზე.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება წარმომადგენელ თ.გ-ეს გაეგზავნა მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე (ძირითადი მისამართი და სამუშაო ადგილი მისამართი იდენტურია) და 2012 წლის 17 თებერვალს ჩაბარდა ადვოკატ ხატია გ-ეს (იხ.ს.ფ. 229-230).
საქმის მასალებით წარმომადგენლის მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედების განხორციელება ან რაიმე შუამდგომლობის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ფაქტი არ დასტურდება.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას მასზე სახელმწიფო ბაჟის გადახდაა დაწესებული, რომლის ოდენობაც ფიზიკური პირისათვის 50 ლარითაა განსაზღვრული.
საკასაციო პალატა ეთანხმება სასაპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების თაობაზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება 2012 წლის 5 მარტის განჩინების მსჯელობას, რომლის თანახმადაც, სასამართლომ სამუშაო ადგილას გაგზავნილი კორესპოდენციის ადვოკატ ხ.გ-ისათვის ჩაბარება უშუალოდ მხარისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებად მიიჩნია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 18 თებერვალს ამოიწურა სამუშაო დღეს – 2012 წლის 22 თებერვალს, მხარეს (მის წარმომადგენლს) ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამასთან, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ არ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობები და სააპელაციო პალატამ ის მართებულად მიიჩნია დაუშვებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ც-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2012 წლის 11 იანვრისა და 2012 წლის 5 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.