¹ ბს-551-137(კ-05) 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 27 აგვისტოს ნ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანების გაუქმებას, აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოს საბაჟო გაფორმების განყოფილების სატვირთო სექტორის ...ის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
მოგვიანებით მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდა, რომ ბათუმის საბაჟოს უფროსის 1996წ. 2 სექტემბრის ¹ 171პ ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დაინიშნა საბაჟო საგუშაგო “...ის” სატვირთო სექტორში, ხოლო 1997წ. 1 ივლისს იმავე საბაჟოს უფროსის ¹71 პ ბრძანებით _ აჭარის საბაჟო სამმართველოს საგუშაგო “...ის” სატვირთო სექტორის ...ად 1998წ. 31 აგვისტოს გაიარა ატესტაცია და დარჩა ზემოთ მითითებულ თანამდებობაზე.
2004წ. 2 აგვისტოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹466-კს ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლბის თაობაზე არის უკანონო, ვინაიდან ემყარება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლს. მოსარჩელის მითითებით კი, ამ ორგანიზაციაში შტატები არ შემცირებულა (როგორც ამას 97-ე მუხლი ითვალისწინებს), ამასთან, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, თუ მოპასუხე თანახმაა, იგი უნდა გადაიყვანონ სხვა თანამდებობაზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა ჰქონია.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის განმარტებით, შტატების შემცირების დროსაც კი შკკ-ის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 პუნქტის “მ” და “გ” ქვეპუნქტები ითვალისწინებს პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში მოხელეს აქვს სამუშაოზე უპირატესი დარჩენის უფლება. ის კი სრულიად აკმაყოფილებს მითითებული მუხლის მოთხოვნებს, აქვს ორგანიზაციაში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი, არის ოჯახის მარჩენალი და სხვა შემოსავალი არა აქვს. არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე, გამოირჩევა შრომის ნაყოფიერებით და არ აქვს მიღებული დისციპლინური სახდელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹466-კს ბრძანების ნაწილობრივ, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში გაუქმებას, სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.
მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ახალი საშტატო განრიგის შესაბამისად, აჭარის ა/რ საბაჟო შეუერთდა რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთს”, რის გამოც მისი შტატების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა ნაკლებია იმ რაოდენობასთან შედარებით, რაც რეორგანიზაციამდე იყო აჭარის საბაჟოსა და რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთში”. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, აჭარის საბაჟოს გაუქმებით პრაქტიკულად მოხდა იმ სამსახურის ლიკვიდაცია, რომელშიც მოსარჩელე მუშაობდა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება დაწესებულების ლიკვიდაციისას დაწესებულების საქმიანობის შეწყვეტის დღიდან. ხოლო, რაც შეეხება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლს, მოპასუხის მოსაზრებით, ამ მუხლიდან არ გამომდინარეობს საბაჟო დეპარტამენტის ვალდებულება შტატების შემცირების შემთხვევაში მოხელეს შესთავაზოს სხვა თანამდებობა.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანება და მოსარჩელე ნ. გ-ე აღდგენილ იქნა ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის მსგავს ან იმავე ფუნქციის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა ტოლფას თანამდებობაზე, ამასთან, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას გამოეყენებინა შკკ-ის 36-ე მუხლი, რომელიც ადგენს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების განსაზღვრის წესს.
რაიონული სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი ძველი და ახალი საშტატო განრიგების შედარებით დგინდება, რომ საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში მართლაც განხორციელდა შემცირება 62 შტატით, აჭარის საბაჟო სამმართველო ცალკე აღარ არსებობს და შეუერთდა რეგიონალურ საბაჟო “დასავლეთს”, რის ხარჯზეც რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” შტატების რაოდენობა გაიზარდა კიდეც. მოსარჩელის გათავისუფლებისას იყო ახალი თავისუფალი სამუშაო ადგილები და რაიონული სასამართლოს მითითებით, ლიკვიდაცია არ მომხდარა.
არ დაეთანხმა რა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ “საბაჟო დეპარტამენტის დებულებისა დ რეგიონალური საბაჟო ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” ფინანსთა მინისტრის 2004წ. 23 ივნისის ¹426 ბრძანების შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლისა და 108-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო ორგანოებში მომუშავე მოხელეები, მათ შორის, მოსარჩელე ნ. გ-ე გაფრთხილებულ იყვნენ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე.
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატებით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში განხორციელდა ძირეული ცვლილებები, როგორც სტრუქტურული, აგრეთვე, რაოდენობრივი თვალსაზრისით, კერძოდ, გაუქმდა მთელი რიგი სტრუქტურული დანაყოფი, მათ Aშორის -აჭარის საბაჟოO სამმართველოც და შეიქმნა რეგიონალური საბაჟო “დასავლეთი”, რომელიც საბაჟოO საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით მოიცავდა აჭარის ა/რ ტერიტორიას.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, შრომის კანონმდებლობის მოქმედება საჯარო მოხელეზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით განსაზღვრული თავისებურების გათვალისწინებით. აპელანტის მითითებით, ეს უკანასკნელი კი იმპერატიულად არ ავალდებულებს დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ მოხელეს, გათავისუფლების შემთხვევაში, შესთავაზოს სხვა თანამდებობა, მით უფრო იმ დროს, როდესაც შესაბამისი დროისათვის საბაჟო სამსახურში თავისუფალი შტატები არც არსებობდა.
ამასთან, აპელანტის მოსაზრებით, რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა გამოეყენებინა შკკ-ის 36-ე მუხლი, ვინაიდან სადავო საკითხი უნდა დარეგულირებულიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟოO დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, “მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე”. საპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. გ-ისთვის მოპასუხეს სხვა თანამდებობაზე მუშაობა არ შეუთავაზებია. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ¹466-კს ბრძანება არაკანონიერია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ფინანსთა მინისტრის 2004წ. 8 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო დეპარტამენტის საშტატო ნუსხა ითვალისწინებს ძველისაგან განსხვავებულ განაწესს და მასში აღარ არის ისეთი დანაყოფი, როგორიც იყო აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოს საბაჟო გაფორმების განყოფილების სატვირთო სექტორი. გამომდინარე აქედან, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს ძველი თანამდებობის მსგავს ან იმავე ფუნქციების შესასრულებლად საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა ტოლფას თანამდებობაზე.
არ დაეთანხმა რა აღნიშნულ განჩინებას, იგი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს ნ. გ-ის მსგავს ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნ. გ-ე საბაჟო სისტემაში მუშაობდა 1997წ. 1 ივლისიდან. 1998წ. 31 აგვისტოს, ¹175 ბრძანების საფუძველზე, მიენიჭა საბაჟო სამსახურის მე-3 კლასის ინსპექტორის კვალიფიკაცია.
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004წ. 2 აგვისტოს ¹466-კს ბრძანებით ნ. გ-ე გათავისუფლდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის აჭარის ა/რ საბაჟო სამმართველოს საბაჟო გაფორმების განყოფილების სატვირთო სექტორის ...ის თანამდებობიდან.
გათავისუფლების თაობაზე მიღებულ ზემოაღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ შეიცავს მავალდებულებელ ნორმას გათავისუფლებული მოხელისათვის სამსახურის შეთავაზების თაობაზე და მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია არ ემყარება შესაბამის საფუძველს, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა, დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.
ამდენად, მითითებული მე-2 პუნქტი შეიცავს იმ ამკრძალავ ნორმას, რა შემთხვევაშიც ადმინისტრაცია მოკლებულია მოხელის სამსახურიდან დათხოვნის უფლებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან ბრძანების არაკანონიერად ცნობის ნაწილში განჩინება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრძანების არაკანონიერად ცნობა პირს ანიჭებს უდავო უფლებას, მიიღოს იძულებითი განაცდური გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტამდე.
რაც შეეხება ნ. გ-ის მსგავს ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, საკასაციო სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ შრომის კანონთა კოდექსი აღარ ითვალისწინებს ტოლფასი თანამდებობის ცნებას, საჭიროდ მიიჩნევს სასამართლომ გამოიკვლიოს, არსებობს თუ არა ის თანამდებობა საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურაში, რომელიც ნ. გ-ეს ეკავა სამსახურიდან გათავისუფლებამდე და, შესაბამისად, ნ. გ-ეს სამსახურში აღადგენოს მითითებული გარემოების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის განჩინება გაუქმდეს ნ. გ-ის მსგავს ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; განჩინება დარჩენილ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.