№ას-579-547-2011 10 მაისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – დ. ე-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, სარწმუნოდ დაადასტურონ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება, წარმოადგინონ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის ასლი და ე. თ-ის ადვოკატის მოწმობის ასლი.
2011 წლის 20 მაისს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
2011 წლის 30 მაისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორების წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2011 წლის 1 ივნისს (ს.ფ. 130). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა ამა წლის 6 ივნისს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორების მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
2011 წლის 7 ივნისს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო აუდიტის დასკვა, საკასაციო საჩივარი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი. კასატორების წარმომადეგენელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ელ.ფოსტის მეშვეობით info@supremecourt.ge ამა წლის 6 ივნისს გამოაგზავნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო საჩივართან ერთად და განმარტა, რომ ქაღალდის ვერსიას წარმოადგენდა 2011 წლის 7 ივნისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით დ. ე-ას, თ. ჩ-ის უფლებამონაცვლე მ. მ-ის წარმომადგენლის ე. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
დ. ე-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ვადის დარღვევა მისი ბრალით არ არის გამოწვეული, შესაბამისად მოითხოვა ჩატარდეს მოკვლევა თუ ვინ არის გ. ჯ-ი, არის თუ არა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, გარდა ამისა ეჭვს იწვევს მისი პროფესიული სტატუსი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ე-ას განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელი ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ვადის დარღვევა მისი ბრალით არ არის გამოწვეული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად, რამდენადაც იგი არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასახელებულ გარემოებაზე განმცხადებელს არ მიუთითებია მის მიერ წარმოდგენილ 2011 წლის 7 ივნისის განცხადებაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ამდენად, საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადა სასამართლოს შეუძლია აღადგინოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ვადის აღდგენისათვის არსებობს საპატიო მიზეზი და ვადის აღდგენა არ ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ ნორმებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე ობიექტური გარემოება უნდა იყოს განსაკუთრებული, ისეთი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარემ შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით, დ. ე-ას განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ე-ას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება