Facebook Twitter

№ას-639-602-2012 10 მაისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ი-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელის განცხადებით, იგი 15 წელი მუშაობდა მითითებულ ორგანიზაციაში და მისი სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო. გათავისუფლების ბრძანებიდან არ ირკვეოდა შრომის ხელშეკრულების მოშლია საფუძველი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით გაფორმდა, რაც დამსაქმებელს მისი ნებისმიერ დროს მოშლის უფლებას აძლევდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით ლ. ი-ის სასარჩელო განცხადება გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხე - ქ. თბილისის მერიის სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - ქ. თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ი-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით ლ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. მოსარჩელე ლ. ი-სა და მოპასუხე სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის 2010 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2011 წლის 1 ივლისამდე;

2. ლ. ი-ი 2010 წლის 31 დეკემბრიდან 2011 წლის 01 მარტამდე მუშაობდა სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების (რაზმი) სამედიცინო ნაწილის N7 ფილიალის მძღოლის თანამდებობაზე;

3. 2011 წლის 28 თებერვლის N377/1 ბრძანებით სსიპ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს სამედიცინო ნაწილის N7 ფილიალის მძღოლი ლ. ი-ი 2011 წლის 1 მარტიდან გაათავისუფლა სამსახურიდან, შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო;

4. სადავო ბრძანებაში, ლ. ი-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი და 38-ე მუხლი, ხოლო შესაგებელში, სადავო ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად ასევე, მიეთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი;

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. ი-ის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, შრომის ხელშეკრულების მოშლისათვის, ზოგადად, საჭიროა კონკრეტული და მართლზომიერი საფუძველი, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელესთან ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იყო გაფორმებული, რაც დამსაქმებელს მისი ნებისმიერ დროს მოშლის უფლებას აძლევდა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ლ. ი-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს შრომის კოდექსის გარდა სამოქალაქო კოდექსის ნორმებითაც უნდა ეხელმძღვანელა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლ. ი-მა რეორგანიზაციამდე 15 წელი იმუშავა მოპასუხე ორგანიზაციაში, რაც მასთან გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას გამორიცხავდა. აღნიშნული ხელშეკრულება შრომითი ურთიერთობის გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს.

2012 წლის 1 მაისს ლ. ი-მა საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე უარი თქვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით ლ. ი-ის სარჩელზე იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.