Facebook Twitter

№ას-424-402-2012 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. ო. ი. ლ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვაგონის მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა შპს „ბ. ო. ი. ლ-ის“ მიმართ ვაგონების დაყოვნების ღირებულებისა და ტვირთის შენახვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ და მოითხოვა 674 621,64 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს. რ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, კასატორ შპს „ს. რ-ას“ დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ მოცემულ სამოქალაქო საქმეში ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მოდავე იურიდიული პირის რეორგანიზაციის შედეგად რეორგანიზაციამდე არსებული მხარის ნაცვლად საქმეში ჩააბას პირი, რომელზეც კანონით დადგენილი წესით გადავიდა მხარის უფლება-მოვალეობანი.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2012 წლის 12 აპრილის №1-3/269 ბრძანებით ირკვევა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს. რ-ა“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება „ს. რ-ად“ და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია და შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ მოცემულ საქმეში უნდა ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. რ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საქმეში – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ს. რ-ის“ სარჩელის გამო შპს „ბ. ო. ი. ლ-ის“ მიმართ ვაგონის მოცდენისა და ტვირთის შენახვის საფასურის დაკისრების თაობაზე შპს „ს. რ-ის“ უფლებამონაცვლედ ჩაებას სააქციო საზოგადოება „ს. რ-ა“.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.