Facebook Twitter

№ ას-1435-1554-04 26 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - მ. პ.-მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ჟ. ზ-ო

გასაჩივრებული განჩინება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სააღსრულებო ფურცლის გაცემა

დავის საგანი - სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. ზ-მ სარჩელი აღძრა მ. პ.-მ-ისა და მისი მეუღლე ლ. მ-ის მიმართ 30600 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ჟ.ზ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. პ.-მ-ს დაეკისრა 20500 აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა ჟ.ზ-ს სასარგებლოდ. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1025 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების გადახდა 150 ლარის ოდენობით. სარჩელის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ.-მ-მ. სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ჟ.ზ-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. პ.-მ-სათვის 31850 აშშ დოლარის დაკისრება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.პ.-მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ჟ.ზ-ს შეგებებული სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც მ. პ.-მ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

2004 წლის 22 ოქტომბერს ჟ. ზ-მ განცხადებით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა მ. პ.-მ-ის სახელზე რიცხული ქ. ბათუმში, .. ა-ის ქ.№17, ბინა №1-ში მდებარე სახლზე ყადაღის დადება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ჟ. ზ-ს განცხადება დაკმაყოფილდა და ზემოხსენებულ საცხოვრებელ ბინას დაედო ყადაღა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ივნისის განჩინებით მ. პ.-მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მითითებული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და, ბოლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 1 თებერვლის განჩინებით ჟ. ზ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად.

2012 წლის 16 მაისს მ. მ-ის წარმომადგენელმა ვ. ბ-მ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მ. მ-ის სახელზე რიცხული ქ. ბათუმში, .. ა-ის ქ.№17, ბინა №1-ში მდებარე სახლზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის წარმომადგენელ ვ. ბ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.

მ. მ-ის წარმომადგენელმა ვ. ბ-მ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მ.მ-ის სახელზე რიცხული ქ. ბათუმში, .. ა-ის ქ.№17, ბინა №1-ში მდებარე სახლზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე დადებული ყადაღის მოხსნა და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. პ.-მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა - გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა ყადაღა მ. პ.-მ-ის სახელზე რიცხულ ბინას, მდებარეს, ქ. ბათუმში, .. ა-ის ქ.№17, ბინა №1.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 31 მაისს, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 31 მაისის განჩინებით ჟ. ზ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება ყადაღის მოხსნასა და სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 31 მაისს, მ. პ.-მ-ის განცხადება ყადაღის მოხსნაზე დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით განმცხადებელმა უნდა მიმართოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის წარმომადგენელ ვ. ბ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად უსაფუძვლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ.კვანტალიანი