Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-407-386-2012 14 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ა. პ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – უსწორობის გასწორება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ტ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. პ-ის მიმართ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გ. ტ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატის 2010 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. პ-ს გ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ე. პ-ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული საცხოვრებელი ბინის გასხვისებისაგან მიღებული 2000 ლარის გადახდა, ასევე ბინის ღირებულების დროულად გადაუხდელობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება მისი გასხვისებიდან – 1998 წლის 5 ივნისიდან სარჩელის აღძვრამდე 1799,98 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. პ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებით ა. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2012 წლის 12 ივნისს ა. პ-მა განმცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებაში უსწორობის გასწორება და სიტყვების „– ა. პ-ის მეუღლე“ ამოღება, ვინაიდან განჩინებაში შეცდომით მიეთითა, რომ ც. ბ-ი წარმოადგენს განმცხადებლის მეუღლეს. მართალია, ხსენებულ პირებს ჰყავთ საერთო შვილები, თუმცა ისინი ქორწინებაში არ ყოფილან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადების საფუძვლები, გასაჩივრებული განჩინება და მიაჩნია, რომ ა. პ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი არ ეთანხმება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინების აღწერილობით ნაწილში არსებულ მითითებას, რომ მოქალაქე ც. ბ-ი არის ა. პ-ის მეუღლე იმ საფუძვლით, რომ ხსენებულ პირთან ქორწინებაში არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის მოსაზრებას, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს უსწორობის გასწორების წინაპირობას, ვინაიდან ზემოაღნიშნული განჩინების აღწერილობით ნაწილში სადავო ფრაზა მითითებულია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად. პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით უნდა წარდგენილიყო საკასაციო საჩივრის და არა უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების წარდგენის გზით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით ა. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინების აღწერილობით ნაწილში უსწორობის გასწორების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. პ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.