Facebook Twitter

№ას-1062-996-2012 22 იანვარი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და აღსაზრდელად გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა შვილის, 2005 წლის 3 ოქტომბერს დაბადებული მ.ა-ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და ბავშვის დედისთვის აღსაზრდელად გადაცემა.

მოპასუხე გ.ა-ემ სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ ბავშვის დამოკიდებულება დედის მიმართ უარყოფითია, მასთან ცხოვრება არ სურს, ხოლო თავად შექმნილი აქვს ყველა საჭირო პირობა შვილის აღსაზრდელად.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, 2005 წლის 3 ოქტომბერს დაბადებული მ.ა-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - მ.კ-ის საცხოვრებელი ადგილი და მ.ა-ე აღსაზრდელად გადაეცა დედას.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება, ხოლო, 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტონ, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი).

პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ნორმები სრულად შეესაბამება რა, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვთა უფლებების დამცავ ნორმებს, ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული.

პალატამ მიუთითა ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლზე, რომლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. მშობლებთან დაშორება შეიძლება, აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის მიუხედავად, კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს, უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება. ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. აღნიშნულს ადასტურებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის მითითება ბავშვის მშობელთან დაშორების დასაშვებობაზე, როდესაც „კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“.

საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით დადგენილი წესებით უნდა იქნეს განხილული, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების განსხვავებულ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც დავისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების მითითებასა და დამტკიცებაში სასამართლოს ჩაურევლობას გულისხმობს. ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები, რა დროსაც სასამართლო აქტიურად ერთვება მტკიცების პროცესში და შეუძლია, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება თავისი ინიციატივით დაადგინოს, კერძოდ: საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვისას, 354-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. კანონის ასეთი დამოკიდებულება (შეჯიბრებითობის პრინციპის ნაცვლად სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის ინკვიზიციური პრინციპით განხილვა) განპირობებულია საოჯახო ურთიერთობათა სპეციფიკითა და განსაკუთრებული მნიშვნელობით, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ქ. გ-ის დასკვნა და ამავე სააგენტოს რეგიონული განყოფილების ფსიქოლოგ ქ. კ-ის დასკვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 01.03.2012 წლის განჩინებით საჭიროდ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ფსიქოლოგის მიერ დამატებით უნდა მომზადებულიყო დასკვნა, არასრულწლოვან მ.ა-ესთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, რომლის საფუძველზეც, სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მიერ ასევე წარდგენილი უნდა ყოფილიყო მოსაზრება, რომლითაც შესწავლილი იქნებოდა საკითხთა წრე, კერძოდ: ,,არასრულწლოვან მ.ა-ის ჩვეული გარემოდან, მამის ოჯახიდან, მოწყვეტა ხომ არ იქონიებდა ნეგატიურ გავლენას ბავშვის ფსიქიკაზე, მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და რამდენად აუცილებელი იყო ბავშვის სრულყოფილი აღზრდისათვის მისი მამის ოჯახიდან მოწყვეტა და დაშორება იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი მ.ა-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო მამის საცხოვრებელი ადგილი. ხომ არ აღმოჩნდებოდა ბავშვის ჩვეული გარემოდან მოწყვეტა უფრო საზიანო, ვიდრე ჩვეულებრივი ინტერესი, რომ ბავშვი გაზრდილიყო დედასთან’’. ამასთან, დასკვნის მოსამზადებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებას, ქ. კ-ის ნაცვლად, დაევალა სხვა ფსიქოლოგის მოწვევა.

06.04.2012 წელს ,,საქართველოს ბავშვების’’ ფსიქოლოგ ლ. კ-ის მუშაობის შედეგად მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, ,,ამ დროისათვის მ.ა-ის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში დაკმაყოფილებულია ბავშვის ძირითადი საჭიროებები, თუმცა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის აუცილებელია, სწორი სტრატეგიები შემუშავდეს ბავშვთან სტრესის დასაძლევად და დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-გასაღრმავებლად. სავარაუდოა, რომ დედის საცხოვრებელი გარემოც იქნება მისაღები ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით, თუმცა არ იკვეთება ადამიანური რესურსი ბავშვის ემოციური მხარდაჭერისათვის, რაც განსაკუთრებით საჭირო გახდება, თუ ბავშვი განიცდის კიდევ ერთ სტრესს მის ცხოვრებაში (ჩვეული გარემოდან განშორებასთან დაკავშირებით).

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 10.03.2010 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა მოსაზრება, სადაც აღინიშნა, რომ ბავშვი უნდა დარჩენილიყო ჩვეულ გარემოში, ამასთან, აუცილებელი იყო, რომ ოჯახის წევრებს ეზრუნათ ბავშვის ფსიქიკურ სიჯანსაღეზე.

საქმეში წარმოდგენილი მ.ა-ის დახასიათებით, რომელიც გაცემულია სკოლის დირექტორისა და დამრიგებლის მიერ, ირკვევა, რომ მ.ა-ე არის აქტიური და წარჩინებული მოსწავლე. ყველა საგანს პასუხისმგებლობით ეკიდება. უზრუნველყოფილია ყველა სახის სასკოლო ნივთებითა და ტანსაცმლით. ყოველდღიურად სკოლაში ცხადდება დროულად, აცვია მოსწავლისათვის შესაფერისად. უყვარს სახელმძღვანელოების მოვლა. ადვილად ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან. ასლანიძის ოჯახი ყოველდღიურად ზრუნავს ბავშვის სწავლა-აღზრდაზე. ოჯახის წევრები სისტემატურად ურთიერთობენ სკოლასთან. ზოგადად იგი ხასიათდება დადებითად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.05.2012 წლის სასამართლო სხდომაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა თ. ბ-მა მხარი დაუჭირა დასკვნას და მიზანშეწონილად მიიჩნია, მ.ა-ის საცხოვრებელ ადგილად დარჩენილიყო მამის, გ.ა-ის საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ, განქორწინების გამო, ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებულლი, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში, დავის სპეციფიკურობიდან და არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია რა საქმის მასალები ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ მ.კ-ის სარჩელი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ფსიქოლოგის დასკვნაში მითითებული მთელი რიგი რისკის შემცველი ფაქტორები იმ შემთხვევისათვის, თუ არასრულწლოვანი ბავშვი აღსაზრდელად დარჩება მამასთან, შესაბამისად, პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბავშვის აღსაზრდელად მამასთან დატოვების შემთხვევაში, დედის, როგორც აღმზრდელის, როლი, უნდა შეასრულოს ბავშვის ბებიამ და მამიდებმა, თუმცა ისიც უდავოა, რომ აღნიშნული პირები ვერ შეცვლიან დედის მიერ ბავშვზე გაწეულ მზრუნველობასა და რაც მთავარია ფსიქოლოგიურ მომენტს.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ბავშვის მხრიდან ნეგატიური განწყობა დედისადმი, მოწინააღმდეგე მხარის ბავშვზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგია.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია და რისკის ქვეშ დააყენა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებლობას წარმოადგენს, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლი, ვინაიდან ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, შვილი უნდა იზრდებოდეს დედასტან, მისი ფსიქოემოციური დამოკიდებულება დედასთან ურთეირთობაში, პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი, ვინაიდან თავისი გადაწყვეტილებით დაარღვია როგორც დედის, ასევე, შვილის უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:

ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;

ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და შეფასებული ფაქტობრივი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო 06.04.2012 წელს ,,საქართველოს ბავშვების’’ ფსიქოლოგ ლ. კ-ის დასკვნას. ამ დასკვნის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ფსიქოლოგის მოსაზრებას, რომლის თანახმად: ,,ამ დროისათვის მ.ა-ის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში დაკმაყოფილებულია ბავშვის ძირითადი საჭიროებები, თუმცა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის აუცილებელია, სწორი სტრატეგიები იქნეს შემუშავებული ბავშვთან სტრესის დაძლევაზე და დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავებაზე. სავარაუდოა, რომ დედის საცხოვრებელი გარემოც იქნება მისაღები ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით, თუმცა არ იკვეთება ადამიანური რესურსი ბავშვის ემოციური მხარდაჭერისათვის, რაც განსაკუთრებით საჭირო გახდება, თუ ბავშვი განიცდის კიდევ ერთ სტრესს მის ცხოვრებაში (ჩვეული გარემოდან განშორებასთან დაკავშირებით)“.

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, 10.03.2010 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა მოსაზრება, სადაც აღინიშნა, რომ ბავშვი უნდა დარჩენილიყო ჩვეულ გარემოში, ამასთან, აუცილებელი იყო, რომ ოჯახის წევრებს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის სწორი სტრატეგიები შეემუშავებინათ ბავშვთან სტრესის დაძლევისა და დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-გასაღრმავებლად.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც აუცილებელია სამართლებრივი დასკვნებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ ძირითადი ყურადღება გადატანილი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებულ შედეგებზე, რასაც გააჩნია ერთ-ერთი და არა ერთადერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისათვის.

საკმაოდ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნითი ნაწილი, რომლის თანახმად, ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის აუცილებელია, შემუშავდეს სტრესის დასაძლევად სწორი სტრატეგიები და დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავებისთვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, დასკვნაში მითითებული რისკების გათვალისწინებით, უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად შესაძლებელია დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავება იმ პირობებში, როდესაც ბავშვი რჩება მამასთან. ამასთან ერთად, არ არის გამოკვეთილი ბავშვის მამასთან დარჩენის უპირატესობა, გადაწყვეტილებიდან არ ირკვევა ბავშვის დედისათვის გადაცემის მიზანშეუწონლობა.

ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა. ამასთან ერთად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს დედის მიერ ბავშვის მიტოვების მიზეზი, ხომ არ იყო მისი საქციელი გამოწვეული ოჯახში არსებული დაძაბული სიტუაციით. ამ სიტუაციის სიმძიმემ ხომ არ განაპირობა ბავშვთან სრულყოფილი ურთიერთობის აღდგენის შეფერხება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. აღნიშნული ნორმით განმტკიცებულია მშობლების თანაბრობის პრინციპი ბავშვის მიმართ. არც ერთ მშობელს არა აქვს უპირატესობა ბავშვის მიმართ უფლება-ვალდებულებების განხორციელებაზე.

ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული ნორმები არ მოიცავს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიულ აღწერილობას, რაც მოგვცემდა კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების კვლევას. ამდენად, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ბავშვის ინტერესების“ განსაზღვრას, სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით.

ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით, ითვალისწინებს იმ ზომების განხორციელების უფლებას, რომელიც მიმართულია მშობლისა და ბავშვის გაერთინებისაკენ, მაგრამ ამასთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღების ვალდებულება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს. შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობის გათვალისწინებით დადგება მშობლისა და ბავშვის გაერთიანების აუცილებლობა, წარმოიშვას ბავშვის მშობელთან დაბრუნების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, რისთვისაც აუცილებელია გარკვეული წინაპირობების შესწავლა.

გაერთიანებული ერების „ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას.

ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს ლ. კ-ის დასკვნა, რომლის თანახმად, ბავშვის დედასთან დაშორება საკმაოდ დიდ სტრესთან არის დაკავშირებული და მამის ოჯახი დედასთან დაახლოებაში ბავშვს ხელს არაფრით უწყობს, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მნიშვნელოვანი სირთულე, რაც შეიმჩნევა ბავშვის ფსიქიკაში, არის განრიდება დედისაგან: მ. განზრახ არიდებს თავს დედაზე საუბარს, არ მოიხსენიებს მას ახლობელთა შორის, და არც იმ ადამიანებში, რომლებიც ენატრება.“ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა დასკვნაში მოყვანილი ბავშვის ფსიქოლოგიური აღწერა, რომელშიც საკმაოდ მნიშვნელოვანია შემდეგი: „როდესაც საუბარს ბუნებრივად მოაქვს დედის თემა, ის ამბობს, რომ არ უყვარს დედა, რადგანაც არც დედას უყვარს იგი - ამას კი იქედან ასკვნის, რომ დედამ მიატოვა.“ ამასთან ერთად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დასკვნა, სადაც იგი უთითებს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ საუბრის განმავლობაში ეს არავის არ უხსენებია, ბავშვი „აღნიშნავს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და სულ „აქ“ დარჩება“. აქვე ფსიქოლოგი უთითებს, რომ „ამ ყოველივეს ბავშვი უხალისოდ ამბობს, და ცდილობს, მალე გადაიტანოს საუბრის თემა სხვა საკითხებზე.“ საკასაციო პალატის აზრით, ფსიქოლოგის დასკვნის ამ ნაწილის შეფასებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ჭეშმარიტი ფსიქიკური მდგომარეობის დადგენისათვის, იმისათვის, რომ გამოირიცხოს მესამე პირთა მიერ მის (ბავშვის) ნება-სურვილზე სუბიექტური ზეგავლენის არსებობა. აქედან გამომდინარე, ლ. კ-ის დასკვნაში ყურადსაღებია ის, რომ „ბავშვს არ აქვს გააზრებული და დაძლეული დედის მიერ მისი მიტოვებით გამოწვეული სტრესი. განრიდება არის თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ფსიქიკა ირჩევს ინდივიდისათვის მეტისმეტად მტკივნეულ საკითხებთან გასამკლავებლად. ასეთი მექანიზმების მუშაობისათვის ხდება დიდი ოდენობით ფსიქიკური ენერგიის ხარჯვა, რამაც, პოტენციურად, შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოიწვიოს.“

ზემომითითებულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგის მიერ გამოკვლეული ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა, კერძოდ, დედისგან ბავშვის განრიდება არ მიუთითებს ბავშვის კეთილდღეობაზე და, შესაბამისად, არ ემსახურება მის ჭეშმარიტ ინტერესებს. იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ბავშვი რამდენიმე წელი იზრდებოდა დედასთან და მამასთან ერთად, დედასთან განრიდება წარმოადგენს ბავშვის მიერ მიღებულ სტრეს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოიწვიოს. კერძოდ, დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ „საკითხი არ მიეკუთვნება მხოლოდ წარსულის კატეგორიას და ის აქტუალურია აწმყოშიც, რაც ასევე შფოთვის გამომწვევია ბავშვში.“

მეორე კრიტერიუმი, რაზედაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის ბავშვის ასაკი. აღნიშნული კრიტერიუმი მჭიდროდ უკავშირდება პირველ კრიტერიუმს.. სააპელაციო სასამართლო არ აწარმოებს კვლევას ამ მიმართულებით, რასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დავის სწორად გადაწყვეტისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებას სხვა გარემოებებთან ერთად გააჩნია მნიშვნელობა ბავშვის მოთხოვნილების განსაზღვრაში, მისი საცხოვრებელი ადგილის (დედასა თუ მამასთან) პრიორიტეტების დადგენაში. მცირეწლოვანი ბავშვისთვის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მშობლის ზრუნვა, სწორ ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება, ბავშვის ნორმალური სოციალიზაცია. ამდენად, ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით სასამართლომ უნდა განსაზღვროს, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელ მშობელთან იქნება პრიორიტეტული ბავშვის დარჩენა. ამასთან ერთად, სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვის ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს, რაც უკავშირდება პირველი კრიტერიუმით განსაზღვრულ საკითხებს. ასაკთან ერთად სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია, მნიშვნელობა ჰქონდეს სხვა საკითხებთან ერთობლიობაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის (მამასთან თუ დედასთან), ასევე ბავშვის სქესს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ აქვს გამოკვლეული ფსიქოლოგის დასკვნის ის ნაწილი, რომელშიც აღწერილია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობის საკითხი, კერძოდ, ის რისკები, რომლებიც უკავშირდება, ერთ შემთხვევაში, ბავშვის მამის ოჯახში დარჩენას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, იმ რისკებს, რომელიც უკავშირდება, ბავშვის დედის ოჯახში გადასვლას. საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ რისკების შედარება და სპეციალისტის მეშვეობით სწორი პრიორიტეტების დადგენა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ, დედის მხრიდან, არ იკვეთება ადამიანური რესურსი ბავშვის ემოციური მხარდაჭერისათვის. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ასევე ისეთი კრიტერიუმის განსაზღვრა, რომელიც ეხება მშობლების ზნეობრივ და სხვა პირად თვისებებს. მშობლის პიროვნება მნიშვნელოვანია სასამართლოსათვის იმისათვის, რომ გაიცეს პასუხი კითხვაზე: თუ რამდენად შესწევთ უნარი ყოველ მშობელს ბავშვის აღზრდის. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით, რა იგულისხმება ბავშვის ემოციური მხარდაჭერისათვის ადამიანური რესურსში, კერძოდ, ფსიქოლოგიურ დასკვნაში მითითებულია, რომ „ბავშვის დედას არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული ფუნქციური დედის როლი/ვალდებულებები. მისთვის ძნელი იქნება გაუმკლავდეს ბავშვის ემოციურ საჭიროებებს იქიდან გამომდინარე, რომ მას არ აქვს ნაფიქრი იმ სირთულეებზე, რაც შეიძლება წარმოქმნას ბავშვის მასთან გადმოსვლის შემდგომ“. აქვე დასკვნაში მაგალითის სახით განმარტებულია ზემოაღნიშნული, კერძოდ, ემოციური საჭიროების ნაკლებობა ახსნილია იმით, რომ დედა „თვლის, რომ ბავშვს მამასთან ურთიერთობა იქნება შუამავლის მეშვეობით, რათა მოხერხდეს ბავშვის შეხვედრა მამასთან, და ვერ ხედავს ყოფილ მეუღლესთან ცივილიზებული ურთიერთობის დამყარების საჭიროებას.“ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოსაზრება გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ამავე დასკვნაში განვითარებულ მოსაზრებათან, რომლის თანახმად, ბავშვის დედასთან ყოფნის შემთხვევაში ბავშვს „მეტი შესაძლებლობა ექნება ორივე მშობელთან ურთიერთობის“. ამასთან ერთად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ერთმანეთს უნდა შეუდარდეს ფსიქოლოგის დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება ბავშვის მამის ოჯახში დარჩენის რისკებს, ამავე დასკვნაში განსაზღვრულ დედის ოჯახში გადასვლასთან დაკავშირებულ რისკფაქტორებს. საგულისხმოა, რომ ფსიქოლოგი მუთითებს მამის ოჯახში ბავშვის დარჩენის შემთხვევაში დედა-შვილის ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენის პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ: მამის მხარე ამ ეტაპზე არ ფლობს ადეკვატურ ხერხებს და ბოლომდე არც ესმით იმის საჭიროება, რომ დაეხმარონ ბავშვს ძლიერ სტრესთან გამკლავებაში. სტრესი, რომელიც უკავშირდება დედის საკითხს.“ ფსიქოლოგის დასკვნის ეს ნაწილი უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის მამის ოჯახში დატოვების შემთხვევაში დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-დაახლოებას საკმაოდ დიდ პრობლემას უკავშირდება.

ამდენად, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს ის რისკები, რომლებიც ეხება, ერთ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესსა და დედასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს და შესაბამისი სპეციალისტების (შესაძლებელი იმავე ფსიქოლოგის და, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების წარმომადგენელის) მეშვეობით გამოიკვლიოს თუ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე რომელი რისკის აცილება უფრო მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვისათვის, შესაბამისად, ამ რისკების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ისეთ აუცილებელი კრიტერიუმებზე, როგორიცაა, ბავშვის მიჯაჭვულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირად თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა, განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა, დედის მიერ ბავშვის მიტოვების მიზეზი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც ასეთი კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ასაკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ არსებულ ეტაპზე ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედის ავტორიტეტის შელახვა და მასთან არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს ინდივიდის ცხოვრების ფორმირებაზე.

ამასთან ერთად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ბავშვის მამის ოჯახში დარჩენის შემთხვევაში ბავშვი აღსაზრდელად ფაქტობრივად გადაეცემა ბებიას (მამის დედას) და მამიდებს, რადგან გ. ა-ე, მუშაობს და დღის განმავლობაში ბავშვთან არ არის, გასულია ოჯახიდან სამუშაოდ და შვილს უტოვებს დედამისს და თავის დებს. სასამართლოს არ სურს, დააკნინოს ბებია-პაპის როლი ბავშვის აღზრდაში, მაგრამ აღნიშნული ვერანაირად ვერ შეცვლის დედასთან შვილების ურთიერთობის აუცილებლობას. მით უმეტეს, ანგარიშგასაწევია ფსიქოლოგის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მამიდების მიერ თავიანთი ოჯახების შექმნის შემთხვევაში ბავშვზე მთელი მზრუნველობა მოუწევს ბებიას, რაც შეფასებულია როგორც რისკფაქტორი, მაგალითად საქმეზე, იოხანსენ ნორვეგიის წინააღმდეგ (Eur. Court H.R. Johansen v. Norway , Judgment of 7 August 1996. Reports. 1996-III.) სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის მიერ აღნიშნული სიტუაციის აღქმაც თავისი სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით განსხვავდება ყველა იმ პირისაგან, რომელიც ცდილობს, შეაფასოს აღნიშნული მოვლენა. მესამე პირის მიერ შეფასების პროცესის დროს პრევალირებს ისეთი ფაქტორები, რა დროსაც ერთი მხრივ ჩვენს წინაშეა დედა, ხოლო მეორე მხრივ – ბავშვის მამა, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ, როდესაც სასამართლო აფასებს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს, ერთ მხარეზე გამოდიან ბავშვის მშობლები, ხოლო მეორეზე კი, დგას ბავშვი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ შემდეგი: აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვისა და დედის გაერთიანება, დედას უნდა ჰქონდეს მშობლის უფლებების და ვალდებულებების რეალიზაციის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, დედას უფლება აქვს მოითხოვოს ბავშვის დაბრუნება. მაგრამ ამ უფლების რეალიზაციისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები. მშობლის და ბავშვის ინტერესებს შორის ბალანსის განსაზღვრის დროს ერთადერთ გადამწყვეტ კრიტერიუმს წარმოადგენს ამ უკანასკნელის ინტერესები. ამ საკითხის გადაწყვეტის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას კი, წარმოადგენს აღნიშნული რეალობის დანახვა იმ რეალობისათვის ანგარიშგაწევით, რომელიც არსებობს ბავშვისათვის, რომელსაც ამ საკითხზე გააჩნია საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება, აღნიშნული რეალობისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით საბოლოოდ მისი არსებობის, განვითარების, დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის პრიორიტეტების განსაზღვრა (იხ. ასევე პრაქტიკა ას-211-204-2012 19.07.2012 წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე