№ას-10-8-2013 18 იანვარი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – რ. კ.-ი, ლ. კ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ.-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ.-ი ცნობილ იქნა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ.-ში მდებარე, აწ გარდაცვლილი შ. (შ.) კ.-ის კომლის უძრავი ქონების- 1.25 ჰა მიწის ნაკვეთის და 20 კვ. მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ და მოხდეს საჯარო რეესტრში მისი აღრიცხვა. რ. კ.-ი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში ლ. კ.-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 54.09.53.031 თანამესაკუთრედ 1/2 ნაწილში და მოხდეს საჯარო რეესტრში მისი თანამესაკუთრედ აღრიცხვა. მოსარჩელეს დანარჩენ მოთხოვნაზე უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ.-მა და გ. გ.-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით ლ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ.-ის წარმომადგენელმა ლ. კ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით გ. გ.-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. კ.-ისა და ლ. კ.-ის წარმომადგენელმა ლ. კ.-ემ და მოითხოვა მისის გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა რ. კ.-ისა და ლ. კ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: ა) გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება; ბ) სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული; გ) სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა; დ) თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება რ. კ.-ის ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 16 აპრილს, ვინაიდან რ. კ.-მა იგი არ გაასაჩივრა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით ლ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. კ.-მა. საკასაციო პალატის 2012 წლის 17 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება რ. კ.-ისა და ლ. კ.-ის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, მათი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. კ.-ისა და ლ. კ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია