Facebook Twitter

საქმე №ას-1-1-2013 11 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. კ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე, შ. შ.-ის სარჩელის გამო, ნ. კ.-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი ც. დ.-ი (ტ.II, ს.ფ.38). სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2012 წლის 27 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე – 7 დეკემბერი. გამომდინარე აქედან კასატორს ან მის წარმომადგენლს (იხ.მინდობილობა ტ.I, ს.ფ.200) შეეძლოთ გასაჩივრებული განჩინება ჩაებარებინათ 2012 წლის 27 ნოემბრიდან 2012 წლსი 7 დეკემბრამდე. ამ ვადის განმავლობაში დასაბუთებული განჩინება მხარეს არ ჩაუბარებია. საქმეში წარმოდგენილია ც. დ.-ი ხელწერილი, რომლითაც დასტურდება რომ მან სააპელციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინება ჩაიბარა 2013 წლის 8 იანვარს, ჩაბარებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით და ამასტან საკასაციო საჩივრის შემოტანის შემდეგ. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყოს 2012 წლის 7 დეკემბერს, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 7 დეკემბერს და დასრულდა 2012 წლის 27 დეკემბერს.

საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი კანცელარიას ჩაბრადა 2012 წლის 28 დეკემბერს (ტ.II, ს.ფ.54), რაც უტყუარად ადსტურებს კანონით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე