№ას-1134-1065-2012 28 იანვარი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ი.ა-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ფ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ფარული ნაკლის აღმოფხვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ.ფ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ი.ა-ოს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა შეძენილი ავტომობილის ფარული ნაკლის აღმოფხვრა.
მოსარჩელის განმარტებით, 200-300 კმ გარბენის შემდგომ, ავტომობილ ,,Wolkswagen PassaT CC-ს“ რომელიც მან შეიძინა შპს „ი.ა-ან“ აღმოაჩნდა ფარული ნაკლი, რაც გამოიხატება იმაში, რომ ავტომობილის სიჩქარეთა გადამცემი კოლოფი გამოსცემს ხმას, რაც არ არის დამახასიათებელი მოცემული ტიპის ავტომობილებისათვის. აღნიშნული გარემოება დასტურდება ჩატარებული შემოწმების შედეგად; ამასთან, შპს „ი.ა-ან“ გაფორმებული ნასყიდობის №VW-04-02/11 ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქონელს აღმოაჩნდება დაფარული ნაკლი, გამყიდველი მოვალეა გამოასწოროს ეს ნაკლი მყიდველის მიერ პრეტენზიის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
მოპასუხეს სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მყიდველმა ჩაიბარა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნასყიდობის საგანი, რაც დადასტურდა მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ავტომობილს ჩაუტარდა სრული ტექნიკური დათვალიერება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ დაზიანება ან ტექნიკური გაუმართაობა ავტომობილის გადამცემთა კოლოფს არ აღენიშნებოდა. გ.ფ-ს არ წარუდგენია წერილობითი დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა ავტომობილის გაუმართაობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით გ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.03.2012 წლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ი.ა-ოს“ დაეკისრა გ.ფ-ის მიერ შეძენილი ავტომანქანისთვის „Wolkswagen PassaT CC“, შასის ნომრით ..., გადაცემათა კოლოფის გამოცვლის გზით ფარული ნაკლის აღმოფხვრა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 05.04.2011 წელს ერთი მხრივ, გ.ფ-ს და, მეორე მხრივ, შპს „ი.ა-ოს“ შორის გაფორმდა ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ი.ა-ომ“) გაყიდა, ხოლო გ. ფ-მა 32 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ იყიდა ავტომანქანა ,,Wolkswagen PassaT CC“ შასის ნომრით .... 05.04.2011წელს გ.ფ-ს და შპს „ი.ა-ოს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს - ავტომანქანა „Wolkswagen PassaT CC-ს“ შასის ნომრით ... გააჩნია ნივთობრივი ნაკლი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს „ი.ა-ო“ სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ავტომანქანა „Wolkswagen PassaT CC-ს“ სიჩქარეთა კოლოფი მართლაც გამოსცემს ხმაურს, თუმცა მოპასუხე მხარის განმარტებით, აღნიშნული ხმა წარმოადგენს ასეთი ტიპის გადაცემათა კოლოფების სპეციფიურ ხმას, რაც გამოწვეულია მაკომპლექტებელი დეტალების ურთიერთმოქმედებით. ის გარემოება, რომ ავტომობილის სიჩქარეთა კოლოფს აქვს ხმა, დასტურდება ასევე თავად მოპასუხე კომპანიის მიერ 2011 წლის 15 აგვისტოს გაცემული ... სარეგისტრაციო ბარათით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტომანქანა ,,Wolkswagen PassaT CC“ შასის ნომრით ... და სახელმწიფო ნომრით ...-ის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანა არის სრულად გამართული, არ აქვს გადაადგილების პრობლემა, სიჩქარეთა კოლოფი მუშაობს იდეალურად. სიჩქარეთა კოლოფს აქვს ხმაური მუშა მდგომარეობაში, რომლიც მართალია კლიენტის აზრით არაბუნებრივია, მაგრამ შემმოწმებლის აზრით, წარმოადგენს სპეციფიკურ ხმას და საფრთხეს არ წარმოადგენს. გადაცემათა კოლოფში არსებულ ხმაურზე უთითებს ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს “ 2012 წლის 01 თებერვლის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №003246-2012/02/03 დასკვნა, თუმცა აღნიშნული დასკვნით ვერ დგინდება აღნიშნული ხმაურის გამომწვევი მიზეზი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა შპს „ი.ა-ოს“ და სწორედ ამ უკანასკნელს უნდა დაემტკიცებინა, რომ მსგავსი ტიპის ხმაური დამახასიათებელია ამ მოდელის ავტომანქანებისათვის. მოპასუხემ კი, ამგვარი მტკიცებულება ვერ წარადგინა.
სააპელაციო სასმართლოს გადაწყვეტილება შპს „ი.ა-ომ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანას ფარული ნაკლი აქვს. საქმეში არსებული მასალები ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა ავტომანქანის გამართულობა. შეუძლებელია იმ გარემოების გაქარწყლება, რომ ავტომანქანა მუშაობისას ხმას გამოსცემს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ი.ა-ოს“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 05.04.2011წელს ერთის მხრივ, გ.ფ-ს და მეორეს მხრივ, შპს „ი.ა-ოს“ შორის გაფორმდა ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ი.ა-ომ“ გაყიდა, ხოლო გ. ფ-მა 32 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ იყიდა ავტომანქანა ,,Wolkswagen PassaT CC“ შასის ნომრით .... 05.04.2011წ. გ.ფ-ს და შპს „ი.ა-ოს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს - ავტომანქანა „Wolkswagen PassaT CC-ს“ შასის ნომრით ... გააჩნია ნივთობრივი ნაკლი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიზნებისათვის „დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც მტკიცებულებათა არასწორი შეფასება და ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა გამოიწვია. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისარგებლა 407-ე მუხლით გარანტირებული შედავების უფლებით და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინა.
საკასაციო სასამართლომ, განიხილა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანის სიჩქარეთა კოლოფს აქვს ხმა და აღნიშნა, რომ მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა ამგვარი ხმა იყო თუ არა ნივთობრივი ნაკლი.
საკასაციო სასამართლო ამ მოსაზრებას არ იზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი მხარეებზე თანაბრად ნაწილდება. თითოეულმა მხარემ საკუთარი პოზიციის სასარგებლოდ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და არ იგულისხმება ერთი მხარის სიტყვიერი განმარტების გაბათილება მეორე მხარის მიერ მტკიცებულებების წარდგენის გზით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სიჩქარეთა კოლოფის ხმა ავტომანქანის გაუმართაობაზე მიუთითებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხმა, თავისთავად, არ შეიძლება ნაკლი იყოს. ნაკლი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ხმა რომელიმე დეტალის გაუმართაობით ან არასწორი ფუნქციონირებითაა განპირობებული, ამასთან, ნაკლის არსებობა სუბიექტური შეფასების საგანი არაა. ნაკლი, ობიექტურად, არსებობს ან არ არსებობს და ამ გარემოებების დადგენა სასამართლოს შეხედულებაზე არ არის დამოკიდებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით და აქვე განმარტავს, რომ იმ საკითხის გადაწყვეტა, არის თუ არა ავტომანქანა გამართული, სიჩქარეთა კოლოფში ხმის არსებობა მიუთითებს თუ არა რაიმე დეფექტზე, სპეციალურ ცოდნას საჭიროებს, რომელიც, ჩვეულებრივ პირობებში, მოსამართლეს არ გააჩნია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, იმგვარი გარემოებები, რომელთა დადგენაც სპეციალურ ცოდნას საჭიროებს, ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადასტურდეს, შესაბამისად, ავტომანქანის ფარული ნაკლის არსებობა სხვა სახის მტკიცებულებით ვერ დადასტურდება, ამდენად, საკუთარი სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად გ. ფ-ს სასამართლოსათვის სპეციალისტის დასკვნა უნდა წარედგინა.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა, კერძოდ, აღნიშნული დასკვნის თანახმად, არსებული ტექნიკური ბაზის პირობებში ვერ დგინდება გამოსაკვლევი ავტომანქანის გადაცემათა კოლოფი მცირე ხმაურს დაზიანების გამო გამოსცემს, თუ გადამცემთა კოლოფის სპეციფიკური ხმაურია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ამ დასკვნიდან არ გამომდინარეობს, რომ ხმაური, თავისთავად, ნაკლია. პირიქით, ექსპერტი ნაკლის არსებობას ვერ ადგენს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს იმ გარემოების გაბათილების ვალდებულება დააკისრა, რომლის არსებობის დადგენაც კი შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ფარული ნაკლი“ გულისხმობს იმგვარ გაუმართაობას, რომელიც თვალსაჩინო არ არის ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ მისი აღმოჩენა სათანადო ტექნიკური შემოწმებისას შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში კი, შეუძლებელია, დადგინდეს, ხმა დამახასიათებელია ამ მოდელის ავტომანქანისათვის, თუ გადამცემთა კოლოფის დაზიანებითაა გამოწვეული.
ავტომანქანის გაუმართაობა არ დასტურდება, აგრეთვე, შპს „ი.ა-ოს“ 2011 წლის 15 აგვისტოს სარეგისტრაციო ბარათით, რომლის თანახმადაც, „ავტომანქანის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სიჩქარეთა კოლოფი მუშაობს იდეალურად. სიჩქარეთა კოლოფს აქვს ხმაური მუშა მდგომარებაში, რომელიც მართალია, კლიენტის აზრით არაბუნებრივი, მაგრამ შემმოწმებლის აზით, არის სპეციფიკური ხმა და საფრთხეს არ წარმოადგენს“.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ავტომობილის შემოწმების აქტზე, რომლის თანახმადაც, „ფოლკსვაგენის“ სერვისცენტრში მოსარჩელემ და მოპასუხემ ერთმანეთს შეადარეს სადავო ავტომანქანისა და იმავე მოდელის ორი ახალი ავტომანქანის გადამცემთა კოლოფის მუშაობა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ყველა ავტომანქანას ერთნაირი ხმა აქვს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს, რომ გადამცემთა კოლოფის ხმა ფარული ნაკლის არსებობაზე მიუთითებს, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ხმა, თავისთავად, ნაკლია, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ემყარება და უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე, მისი გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით შეფასების აუცილებლობა და საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების საჭიროება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ.ფ-მა ვერ დაადასტურა ავტომანქანის ფარული ნაკლის არსებობა, შესაბამისად, მისი სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ფოცხვერაშვილმა შპს „ი.ა-ოს“ უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ი.ა-ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გ.ფ-ს შპს „ი.ა-ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე