Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1137-1068-2012 14 იანვარი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ნ.ჭ-ე, მ.ა-ი, მ.დ-ე, თ.ა-ე, გ.თ-ე, თ.ლ-ე, ლ.ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ც-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 4 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ნ.ჭ-ემ, მ.ა-მა, თ.ლ-ემ, მ.დ-ემ, გ.თ-ემ და თ.ა-ემ შპს „ჯ.ც-ის“ მიმართ და მოითხოვეს პატრნიორთა 2011 წლის 4 თებერვლის კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელეთა მითითებით აღნიშნული გადაწყვეტილებით შეიცვალა პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობა, კერძოდ, მოსარჩელეებს შეუმცირდათ წილის მოცულობა, რაც მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 1-10).

მოპასუხე შპს „ჯ.ც-მა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პარტნიორები საერთო კრებაზე მოწვეული იყვნენ კანონით დადგენილი წესით და მათთვის ცნობილი იყო კრების დღის წესრიგის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 77-86).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ა-ის, მ. დ-ის, ლ.ლ-ის, თ.ლ-ის, ნ.ჭ-ის, გ.თ-ის და თ.ა-ის სარჩელი შპს „ჯ.ც-ის“ პარტნიორთა 2011 წლის 4 თებერვლის საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 315-319).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ნ.ჭ-ემ, მ.ა-მა, მ. დ-ემ, თ.ა-ემ, გ.თ-ემ, თ.ლ-ემ და ლ.ლ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტ.1, ს.ფ. 341-355, ტ.1, ს.ფ. 355-365).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განჩინებით ნ.ჭ-ის, მ. ს-ის, მ. დ-ის, თ.ა-ის, გ.თ-ის, თ.ლ-ის და ლ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „ჯ.ც-ის“ 2010 წლის 24 ივნისს პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადობის საწესდებო კაპიტალის 250000 ლარამდე გაზრდის შესახებ და საწესდებო კაპიტალის შევსების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბრამდე (ს.ფ. 57-63);

შპს „ჯ.ც-ის“ პარტნიორთა 2011 წლის 04 თებერვლის კრების ოქმის მიხედვით, კრებას ესწრებოდნენ პარტნიორები: ლ. გ-ე _ 54%, ი. ბ-ე 2%, გ. ხ-ი 1%. პარტნიორებისათვის ცნობილი იყო კრების მოწვევის და დღის წესრიგის შესახებ. დღის წესრიგში იყო შემდეგი საკითხები: 1. პარტნიორთა დამატებთი შენატანების ასახვა საზოგადოების კაპიტალში; 2. რიგი პარტნიორების 2010 წლის 30 დეკემბრის წერილის განხილვა; 3. ცენტრის წესდებაში ცვლილებების შეტანა. 4. სხვადასხვა. კრების ოქმის მიხედვით პარტნიორთა ნაწილმა უარი თქვა მათ მიმართ არსებული დავალიანება ასახულიყო საზოგადოების კაპიტალში და აღნიშნულ პირებს დაუბრუნდათ კუთვნილი თანხები. სამმა პარტნიორმა განაცხადა თანხმობა მათ მიმართ არსებული დავალიანება აისახოს ცენტრის კაპიტალში. შპს „ჯ.ც-ის“ კაპიტალი განისაზღვრა 250000 ლარით, ხოლო თითოეული პარტნიორის წილი განისაზღვრა მათ მიერ განხორციელებული შენატანების შესაბამისად. კერძოდ: 1. ლ. გ-ე _ 206042,16 ლარი _ 82,42%; 2. გ. ხ-ი _ 19297,50 ლარი _ 7,72%; 3. ი. ბ-ე _ 13870 ლარი _ 5.55%; 4. თ.ა-ე _ 3510 ლარი _ 1,41%; 5. გ.თ-ე _ 1260 _ 0,50%; 6. თ.ლ-ე _ 1260 ლარი _ 0,50%; 7. მ. დ-ე _ 1260 ლარი _ 0,50%, 8. ნ.ჭ-ე _ 1250 ლარი _ 0,50%, 9. ვ. ნ-ი _ 1000 ლარი _ 40%, 10. ლ.ლ-ე _ 750 ლარი _ 0,30%, 11. მ.ა-ი _ 500 ლარი 0,20% (ს.ფ. 28-34);

მოსარჩელეებს - მ.ა-ს, მ. დ-ეს, ლ.ლ-ეს, თ.ლ-ეს, ნ.ჭ-ეს, გ.თ-ეს და თ.ა-ეს შპს „ჯ.ც-ს“ კაპიტალის გაზრდის მიზნით შენატანები არ განუხორციელებიათ (ს.ფ. 28-34; იხ. სხდომის ოქმი);

მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო საზოგადოების პარტნიორთა 2011 წლის 04 თებერვლის კრების მოწვევის და დღის წესრიგის შესახებ, მაგრამ კრებაზე არ გამოცხადდნენ. კრებაზე პარტნიორთა მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დაცვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საზოგადოების პარტნიორებს მიეცათ წინადადება გარკვეული საჭიროებებიდან გამომდინარე საზოგადოებაში შეტანილი თანხები, დაეტოვებინათ საზოგადოებაში, მისცემოდა აღნიშნულ თანხას შენატანის კვალიფიკაცია და მათი წილიც პროპორციულად გადაანგარიშებულიყო. აღნიშნულ შეთავაზებაზე მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს და მათ მიერ არ იქნა განხორციელებული შენატანები საზოგადოების კაპიტალის გაზრდის მიზნით და 2011 წლის 04 თებერვლის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით პარტნიორთა წილის აღმნიშვნელი პროცენტული მაჩვენებელი მოვიდა შესაბამისობაში გაზრდილ საწესდებო კაპიტალთან, რაც წარმოადგენდა საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას და არ მოითხოვდა ყველა პარტნიორის მონაწილეობით მისაღებ გადაწყვეტილებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე არ იკვეთებოდა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი, რადგან გასაჩივრებული კრების გადაწყვეტილებით ასახული იქნა მხოლოდ პარტნიორთა დამატებითი შენატანები კაპიტალში და წილის პროცენტული მაჩვენებელი მოვიდა შესაბამისობაში გაზრდილ საწესდებო კაპიტალთან. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს დამატებითი შენატანები საზოგადოების კაპიტალში არ განუხორციელებიათ, ხოლო კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა პარტნიორთა 2010 წლის 24 ივნისის კრებაზე და აღნიშნული კრების გადაწყვეტილება ძალაშია და არ გაუქმებულა.

სასამართლოს განმარტებით, პარტნიორთა კრების ოქმი მხარეთა შორის დადებულ გარიგებას წარმოადგენს და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ნორმები. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო, მოსარჩელეთა მიერ ვერ იქნა დასაბუთებული ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლოს მიერ შესაბამისი სამართლებრივი ნორმის შეჯერების საფუძველზე სადავო კრების ოქმის და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონსაწინააღდეგობას გაამყარებდა.

სასამართლომ მიუთითა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველის პუნქტზე, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება. პატრნიორთა კრება შპს-ს მართვის უმაღლესი ორგანოა. შესაბამისად, კანონი დეტალურად არეგულირებს მისი მოწვევის წესსა და ვადას. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. პარტნიორთა საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს, შპს-ის შემთხვევაში – დირექტორსაც, შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დამატებათა შეტანა დღის წესრიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, შპს-ს პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად. პარტნიორთა კრების მოწვევის პროცედურის მოწესრიგება ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ მოხდეს პარტნიორთა მიერ თავიანთი უფლების კრებაზე რეალიზების უზრუნველყოფა და იმდაგვარად იქნეს განხორციელებული პარტნიორთა კრების მოწვევის ორგანიზაცია, რომ პარტნიორს არ წაერთვას კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. პარტნიორებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოემზადონ. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ მოწვეული პარტნიორთა კრებაზე (ეცნობათ სხდომის თარიღი, ჩაბარდათ დღის წესრიგი) და დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელეთა მსეჯლობა მასზედ, რომ დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია იყო იმდენად ზოგადად ფორმულირებული, რომ შეუძლებელი იყო, რომ პარტნიორები ინფორმირებულად ჩათვლილიყვნენ კრებაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით. პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ჯ.ც-ის“ მხრიდან არ დარღვეულა კრების მოწვევის პროცედურა და პარტნიორის უფლება პარტნიორთა კრების თაობაზე ინფორმირების შესახებ.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47.1 მუხლის მიხედვით, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. შპს ,,ჯ.ც-ის“ წესდების 6.8 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილებები მიიღებოდა კრებაში მონაწილე პარტნორთა ხმების უბრალო უმრავლესობით. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასმართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელებისათვის ცნობილი იყო საზოგადოების პარტნიორთა 2011 წლის 04 თებერვლის კრების მოწვევის და დღის წესრიგის შესახებ, მაგრამ კრებაზე არ გამოცხადდნენ. კრებაზე პარტნიორთა მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების მოთხოვნათა დაცვით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება იმის შესახებ, რომ დღის წესრიგით არ იყო გათვალისწინებული წილების ცვლილება და შესაბამისად კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო ასეთი გადაწყვეტილება, ვინაიდან, კრების გადაწყვეტილებით მოხდა არა მოსარჩელეთა წილების შეცვლა, არამედ დამატებითი შენატანების კაპიტალში ასახვა, რაც მითითებული იყო კრების დღის წესრიგში და შესაბამისად პარტნიორთა შენატანი განისაზღვრა პროცენტულად გაზრდილ საწესდებო კაპიტალთან მიმართებაში.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯლობა მოსარჩელეთა იურიდიულ ინტერესთან დაკავშრიებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. პალატამ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი, რადგან გასაჩივრებული კრების გადაწყვეტილებით ასახული იქნა მხოლოდ პარტნიორთა დამატებითი შენატანები კაპიტალში და წილის პროცენტული მაჩვენებელი მოვიდა შესაბამისობაში გაზრდილ საწესდებო კაპიტალთან. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეებს დამატებითი შენატანები საზოგადოების კაპიტალში არ განუხორციელებიათ, ხოლო კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა პარტნიორთა 2010 წლის 24 ივნისის კრებაზე და აღნიშნული კრების გადაწყვეტილება ძალაშია და არ გაუქმებულა (ტ.2, ს.ფ. 80-92).

სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ჭ-ემ, მ.ა-მა, მ. დ-ემ, თ.ა-ემ, გ.თ-ემ, თ.ლ-ემ და ლ.ლ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებსა და გარემოებებს. ამასთან, არ არსებობდა საფუძველი იმის სათქმელად, რომ კაპიტალში შენატანების ასახვა და წილების ე.წ. „გადათვლა“ არ იყო ერთი და იგივე აზრის გამოხატულება. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ არასწორად მოხდა კაპიტალის გაზრდა, რადგან რაიმე ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევაში გაშვების გზით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალის გაზრდის ფორმას და შესაძლებლობას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. კასატორები ასევე არ ეთანხმებიან მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საზოგადეობაში 1% წილის მქონე პატრნიორისათვის 0.1%-ის დატოვება არ ცვლის პარტნიორის წილს. ამასთან, ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხმად, ყველა პარტნიორის თანხმობით, რადგან ეს პირდაპირ გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან (ტ.2, ს.ფ. 94-104).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ.ჭ-ის, მ. ს-ის, მ.დ-ის, თ.ა-ის, გ.თ-ის, თ.ლ-ის და ლ.ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% .

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჭ-ის, მ.ა-ის, მ.დ-ის, თ.ა-ის, გ.თ-ის, თ.ლ-ის და ლ.ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.ა-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 20 სექტემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 210 ლარი;

3. კასატორ ნ.ჭ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 19 სექტემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 210 ლარი;

4. კასატორ გ.თ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 20 სექტემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 210 ლარი;

5. კასატორ მ.დ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ჭ-ის მიერ მ. დ-ის სახელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 20 სექტემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 210 ლარი;

6. კასატორ ლ.ლ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 20 სექტემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 210 ლარი;

7. კასატორ თ.ა-ეს დაუნრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ლ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 20 სექტემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 210 ლარი;

8. კასატორ თ.ლ-ეს დაუბრუნდეს ნ.ჭ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 19 სექტემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 210 ლარი;

9. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე