№ას-1172-1101-2012 9 იანვარი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ფ-ე, კ.ფ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ,ჩ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ.ფ-ემ და კ.ფ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გ,ჩ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს. მოსარჩელეთა განმარტებით, 2004 წელს კ.ფ-ემ მ.ფ-ეს მიყიდა ქ. ტყიბულში, რ-ის ქ. N9/10-ში მდებარე ბინა, თუმცა ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 21 სექტემბერს. ხელშეკრულების დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრში მ.ფ-ემ კ.ფ-ის პირადობის მოწმობით მიიყვანა სხვა პირი, რის შესახებაც ცნობილი იყო გ,ჩ-ის. ეს უკანასკნელი ემუქრებოდა მ.ფ-ემ, რომ თუ ბინას არ გადაუფორმებდა, საჩივარს შეიტანდა შესაბამის ორგანოებში. მუქარისა და ზეწოლის შედეგად, მხარეებმა 2010 წლის 20 დეკემბერს გააუქმეს 2010 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულება და იმავე დღეს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება კ.ფ-სა და გ,ჩ-ეს შორის. ორივე გარიგება დაიდო ნამდვილი ნების გარეშე, იძულების საფუძველზე, რის გამოც, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ.ფ-სა და კ.ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ქ. ტყიბულში, რ-ის ქუჩის 9/10-ში მდებარე ბინა ეკუთვნოდა კ.ფ-ეს;
2. 2010 წლის 21 სექტემბერს მ.ფ-ემ შეადგინა ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულება და დარეგისტრირდა სადავო ბინის მესაკუთრედ;
3. 2010 წლის 20 დეკემბერს კ.ფ-ემ და მ.ფ-ემ ზემოხსენებული ხელშეკრულება გააუქმეს და იმავე დღეს, იმავე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო კ.ფ-სა და გ,ჩ-ეს შორის;
4. ამ გარიგების დადებამდე გ,ჩ-ე ემუქრებოდა მ.ფ-ეს, რომ მ.ფ-ის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით მიმართავდა საგამოძიებო ორგანოებს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება იძულებით დაიდო. სასამართლოს მითითებით, 2010 წლის 20 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო კ.ფ-სა და გ,ჩ-ეს შორის. მ.ფ-ე ამ გარიგების მხარე არ ყოფილა. კ.ფ-ეს კი გ,ჩ-ე არ დამუქრებია. კ.ფ-სა და გ,ჩ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად აღიარება იმ საფუძვლით, რომ გ,ჩ-ე ემუქრებოდა მ.ფ-ეს, დაუშვებელია, რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, მესამე პირზე განხორციელებული იძულება გარიგების ბათილობის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი რომლის მიმართაც ხორციელდება იძულება გარიგების მონაწილის ახლო ნათესავია. მ.ფ-ე და კ.ფ-ე კი ერთმანეთის ახლო ნათესავები არ არიან. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მ.ფ-ეს სადავო ბინა ამ ნორმით გათვალისწინებული წესით არ შეუძენია. მისივე განმარტებით, 2010 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულება მან გააყალბა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად კი გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს ბათილი. აქედან გამომდინარე, 2010 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულება ბათილი იყო და მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები არ მოჰყოლია. შესაბამისად, მ.ფ-ეს სადავო ბინაზე სამართლებრივად ნამდვილი უფლებები არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმებისა ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ.ფ-ემ და მ.ფ-ემ, 2010 წლის 20 დეკემბერს, საკუთარი ნამდვილი ნების გამოხატვით გააუქმეს 2010 წლის 21 ოქტომბრის ხელშეკრულება. მოსარჩელე მ.ფ-ე, აგრეთვე სარჩელსა და სანოტარო წესით დამოწმებულ ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე კ.ფ-ე, ცალსახად აჩვენებენ, რომ ხელშეკრულება გაუქმდა ხელშემკვრელ მხარეებზე მოპასუხე გ,ჩ-სა და მისი ახლობლის, ვ. პ-ის მუქარითა და ზეწოლით, რაც ასევე დაადასტურეს საჯარო რეესტრის ყოფილმა უფროსმა რ. ყ-ემ, მოწმე გ. თ-ემ და, ნაწილობრივ, თვით მოპასუხის ახლო ნათესავმა, მოწმე ე. ჩ-ემ. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ფ-ემ და გ,ჩ-ემ, 2010 წლის 20 დეკემბერს, ნადმვილი ნების საფუძველზე დადეს ქალაქ ტყიბულში, რ-ის ქუჩის №9/10-ში მდებარე 75,87 კვ.მ საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლომ შეფასება არ მისცა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ხელშეკრულება გაფორმდა უმოკლეს ვადაში. გ,ჩ-ის მიერ საჯარო რეესტრის სამსახურში ნასყიდობის ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადება წინასწარაა შეტანილი წინა ხელშეკრულების გაუქმებამდე და ახალი ხელშეკრულების დადებამდე. პრივე ინსტანციის სასამართლომ უარყო მხარის შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, რაც დაადასტურებდა ძალადობის ფაქტს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.ფ-სა და კ.ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორებს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეთ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.ფ-სა (პ/ნ ...) და კ.ფ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორებს დაუბრუნდეთ ი. ა-ის მიერ 27.09.2012 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე